რა ზიანს მოუტანს პანკისის ხეობას კიდევ ერთი ახალი ჰესი

პანკისის ხეობა

პანკისის ხეობა

რატომ ეწინააღმდეგებიან პანკისელები ახალი პიდროელექტროსადგურის („ხადორი 3“-ის) აშენებას?

პანკისის ხეობაში მესამე ჰიდროელექტროსადგურის, 5.4 მგვტ/სთ დადგმული სიმძლავრის „ხადორი 3“-ის, მშენებლობის შესახებ პანკისელების დიდმა ნაწილმა მას შემდეგ შეიტყო, რაც სატვირთო მანქანებმა ობიექტისკენ სამშენებლო მასალების გადაზიდვა დაიწყეს. ჰიდროელექტროსადგურ „ხადორი 3“-ს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. ეს კომპანია იმ გუნდიდან არის, რომლის სათვალავზეც მოდის პანკისის ხეობაში უკვე აშენებული თუ სხვა არაერთი ჰესი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის - „დარიალი ჰესი“, „ყაზბეგი ჰესი“ თუ „ლარსი ჰესი“.

პანკისელები წუხან იმის გამოც, რომ მდინარე ალაზანში წყლის შემცირება მოსპობს მწვანე საფარს მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე და დღის წესრიგში დადგება საძოვრების პრობლემა...

ადგილობრივები შეშფოთებული არიან იმ ფაქტით, რომ ჰესის განთავსება დაგეგმილია სოფელ ბირკიანში, დასახლებული ზონიდან რამდენიმე ათეულ მეტრში. ამასთან, კილომეტრების მანძილზე მილსადენებში უნდა მოექცეს მდინარე ალაზანი.

სწორედ წყალს უკავშირდება პანკისელების უმთავრესი შეშფითებაც. ისინი ფიქრობენ, რომ მდინარე ალაზანში წყლის შემცირება კიდევ უფრო გააუარესებს ხეობის სოფლებში სასმელი წყლის ისედაც მწვავედ მდგარ პრობლემას და პრობლემა შეიქმნება სარწყავ წყალთან დაკავშირებითაც.

პანკისელები წუხან იმის გამოც, რომ მდინარე ალაზანში წყლის შემცირება მოსპობს მწვანე საფარს მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე და დღის წესრიგში დადგება საძოვრების პრობლემა. საქმე ის არის, რომ პანკისის ხეობის მცირემიწიან ტერიტორიაზე მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ მეცხოველეობით ირჩენს თავს. პანკისის ხეობის მკვიდრთა წუხილი შეეხება ასევე ალაზანში თევზის სახეობების შემცირების საფრთხეს.

ხადორის ხეობა დამსვენებლებისთვის ყველაზე მიმზიდველ ზონად მიიჩნევა და პანკისელები ფიქრობენ, რომ ახალი ჰესის მშენებლობის შედეგად, ხელი შეეშლება ტურიზმსაც.

საპროტესტო აქცია სოფელ ბირკიანში

პანკისის ხეობისთვის „ხადორი 3“ უკვე მესამე ჰიდროელექტროსადგურია. შესაბამისად, ხეობის მოსახლეობა იმ იმედგაცრუებაზე ლაპარაკობს, რომელიც მათ წარსულის გამოცდილებამ მოუტანა. პანკისელები ამბობენ, რომ ჰესების მუშაობა გარემოს მკვეთრად უარყოფითად დაეტყო და, ამასთან, იყო შემთხვევა, როდესაც უცბად მოვარდნილმა წყალმა ხეობის მკვიდრი მამაკაცი დაახრჩო. აქაურები ლაპარაკობენ ასევე მდინარეში ბანაობისას მოწამლულ ბავშვზე, რომლის ორგანიზმშიც სამედიცინო შემოწმებისას ნავთობპროდუქტების კვალი იქნა აღმოჩენილი.

პანკისის ხეობის მოსახლეობამ, კერძოდ, სოფელ ბირკიანში გასულ კვირაში ორი საპროტესტო აქცია გამართა.

რა წერია „ხადორი 3“-ის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში?

ანგარიშში, რომელიც „გამა კონსალტინგის“ მიერ არის მომზადებული, ვკითხულობთ, რომ „ხადორი 3“ ჰესის ძალური კვანძის განთავსება დაგეგმილია მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე, სოფ. ბირკიანის აღმოსავლეთით“, და „ უახლოესი საცხოვრებელი სახლიდან დაცილების მინიმალური მანძილი იქნება, დაახლოებით, 100 მ“.

საპროტესტო აქცია სოფელ ბირკიანში

ანგარიშში, მაგალითად, ასევე ნათქვამია:

  • „ჰიდროტექნიკური ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების პარალელურ რეჟიმში შესრულების შემთხვევაში, შესაძლებელია ადგილი ექნეს მდინარის წყლის ხარისხის გაუარესებას და ამასთან დაკავშირებულ წყლის ბიოლოგიურ გარემოზე ნეგატიურ კუმულაციურ ზემოქმედებას“.
  • „საპროექტო ჰესების ოპერირების ფაზაზე კუმულაციური ზემოქმედება შეიძლება დაკავშირებული იყოს მდინარეების წყლის ხარისხის გაუარესებასთან. ჰესების ოპერირების ფაზაზე წყლის გარემოს დაბინძურება, როგორც წესი, დაკავშირებულია ნარჩენების არასწორ მართვასთან ან საწვავისა და ზეთების შენახვა/გამოყენების წესების დარღვევასთან. შესაბამისად, ამ ზემოქმედების მინიმიზაცია შესაძლებელია სწორი გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და მონიტორინგის პირობებში“.
  • „ სამშენებლო სამუშაოები ბიოლოგიურ გარემოზე მნიშვნელოვან ზემოქმედებასთან იქნება დაკავშირებული. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ფართობის ტერიტორიებზე ადგილი ექნება მცენარეული საფარის განადგურებას, ცხოველთა საბინადრო ადგილების მოშლას, ჰაბიტატების განადგურებას და სხვა. გამომდინარე აღნიშნულიდან, ბიოლოგიურ გარემოზე კუმულაციური ზემოქმედება მნიშვნელოვნად უნდა ჩაითვალოს“.
  • „ჰესის კომუნიკაციების (სადაწნეო მილსადენის) მშენებლობისას შესაძლებელია გარკვეული რაოდენობის ხე- მცენარეების გარემოდან ამოღება. ნაკლებად მოსალოდნელია (და პრაქტიკულად გამორიცხული), რომ სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვიოს მცენარის რომელიმე სახეობის განადგურება, თუმცა შესაძლებელია, რომ ადგილი ჰქონდეს პოპულაციების შემცირებას“.
  • „ განსაკუთრებით აღსანიშნავია წყლის ბიოლოგიურ გარემოზე და წყალთან დაკავშირებულ სახეობებზე ზემოქმედების რისკები, კერძოდ: მდინარეში წყლის დონის შემცირება ნეგატიურ ზემოქმედებას მოახდენს იქთიოფაუნაზე, რაც ასევე ნეგატიურად აისახება წავის საარსებო გარემოზე. ზემოქმედების მინიმიზაციის მიზნით აუცილებელია ცხოველთა სამყაროზე ზემოქმედების მინიმიზაციის მიზნით დაგეგმილი შემარბილებელი ღონისძიებების შესრულების კონტროლი და ამ ღონისძიებების ეფექტურობის მონიტორინგი, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს დამატებითი შემარბილებელი და საკომპენსაციო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება“.
  • „ჰესის ფუნქციონირების პროცესში ცხოველებზე ნეგატიური ზემოქმედების უმთავრეს წყაროდ მდ. ალაზანში საპროექტო მონაკვეთში წყლის დონის მკვეთრი შემცირება და ტყის გამეჩხერება შეიძლება ჩაითვალოს. ზოოლოგიური კვლევის საფუძველზე ზემოქმედების ძირითადი რეცეპტორები შეიძლება იყოს ზემოთ ჩამოთვლილი, განსაკუთრებულ დაცვას დაქვემდებარებული ცხოველები (წავი, ხელფრთიანები). წავის პოპულაციის კლების მიზეზი შემცირებული საკვები ბაზაა, რასაც მდინარის ჩამონადენის კლება გამოიწვევს. ხელფრთიანებისთვის კი გარკვეულწილად განადგურდება თავშესაფარი ადგილები. გამომდინარე აღნიშნულიდან, შემარბილებელი ღონისძიებები ძირითადად მიმართული იქნება ასეთი რისკების შესამცირებლად“.

პანკისის ხეობა

რას პასუხობს პანკისელებს კომპანია - „ხადორი 3“-ის მშენებელი „ალაზანი ენერჯი“ ?

25 მარტს სოფელ ბირკიანში ჩატარებულ საპროტესტო აქციას ჰესის მშენებელი კომპანია „ალაზანი ენერჯის“ ხელმძღვანელი ლაშა იორდანიშვილიც ესწრებოდა. ის ცდილობდა მოსახლეობა დაერწმუნებინა, რომ დაგეგმილი არამასშტაბური ჰესი არავითარ ზიანს არ მოუტანს ხეობას და თუ ვინმეს დარწმუნება სჭირდება, მზად არის თავად მის თვალწინ დალიოს ჰესიდან გამოსული წყალი. კვირას ლაშა იორდანიშვილი ადგილობრივთა მწვავე შეკითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობდა და მათ დაპირებებსაც აძლევდა.

საქართველოში იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება და, ცხადია, საჭიროა მიწოდების ზრდაც. ამასთან, რაც უფრო მეტია გამომუშავებული ელექტროენერგია, ეს მის გაძვირებას უშლის ხელს...
ზვიად ხორგუაშვილი

„ომალოში წყალი არ არის? მივიყვანოთ... ბალახი გახმება? ორი იმდენი ბალახი ვიყიდოთ... სასმელი წყალი ერთ ოჯახსაც რომ დააკლდეს და ჭაში წყალი შეუმცირდეს, ყველას სახლამდე მივუზიდავთ იმ წყლებს... თქვით, რა სჭირდება პანკისის ხეობის სოფლებს, ჩვენ დაგეხმარებით ყველაფერში“, – ეუბნებოდა ლაშა იორდანიშვილი პანკისელებს, თუმცა აუდიტორია მის სიტყვებს აშკარად სკეპტიკურად შეხვდა.

იორდანიშვილის თქმით, „თუკი მდინარე ალაზანში წყლის დონე დაიკლებს, ჰესის სიმძლავრეს 5 მგვტ-დან 4 ან 3 მგვტ-მდე ჩამოიყვანენ, თუმცა მას აღარ დაუკონკრეტებია, ასეთ შემთხვევაში რამდენად გამართლებული იქნება ობიექტის მშენებლობაში ჩადებული დიდი ინვესტიცია.

პანკისელები „ალაზანი ენერჯის“ დაგვიანებულ კომინიკაციაშიც ადანაშაულებენ. ისინი მიუღებლად თვლიან, რომ ახალი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ხეობაში სახალხო განხილვა არ გამართულა, ხოლო ახმეტაში გამართული შეხვედრის შესახებ ხეობელებისგან ბევრმა, უბრალოდ, არაფერი იცოდა.

რაში ხედავენ გარემოსდამცველები შეშფოთების საფუძველს?

„ხადორი 3“-ის შემთხვევაშიც გარემოსდამცველები რეალური შეშფოთების საფუძველს ხედავენ. როგორც „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელმა დათო ჭიპაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ჯერ ერთი, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში პრაქტიკულად არასანდო დოკუმენტის შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან იქ ბევრი რამ ვარაუდებზეა დამყარებული. ამასთან, ანგარიშში პრაქტიკულად უგულებელყოფილია პანკისის ხეობის სოფლების სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა და ის ფაქტი, რომ ეს სოფლები ძირითადად მდინარე ალაზნის წყალზე არიან დამოკიდებული.

თითქმის ყოველთვის, პროცესი არის ბუნდოვანი და ძალიან რთულია სრული ინფორმაციის მოძიება, თუ როგორ მოხდა, ვთქვათ, მშენებლობის ნებართვის მოპოვება და როგორ მოხდა ინვესტიციების მასშტაბების განსაზღვრა...
ზვიად ხორგუაშვილი

„ამასთან, ანგარიშის მიხედვით ვიგებთ, რომ, ჰესის მომსახურე პერსონალის დაუდევრობის შედეგად, შესაძლებელია მდინარის წყალი ისე დაბინძურდეს, რომ ხეობის მოსახლეობა სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი პერსონალის კეთილსინდისიერებას უნდა მივანდოთ?!“

დათო ჭიპაშვილის თქმით, კოლომეტრების მანძილზე მდინარე ალაზნის 90 %-ის მილსადენში მოქცევა კალაპოტში წყლის დონეს ძალიან მნიშვნელოვნად შეამცირებს და პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ მდინარის იმ ნაწილში, რომელზეც ხალხს ექნება წვდომა, წყალი აღარ იქნება.

ეს პრობლემა საფრთხეს შეუქმნის მდინარის ეკოსისტემას, სადაც მხოლოდ თევზები არ მოიაზრება. აქ იგულისხმება, მაგალითად, ჭალის ტყეები და მიწისქვეშა წყლების დონეც.

რას ფიქრობენ ეკონომისტები ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესზე?

ეკონომისტები, გარემოსდამცველებისგან განსხვავებით, ძირითადად ყოველთვის მიესალმებიან ნებისმიერ მშენებლობას. „საქართველოში იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება და, ცხადია, საჭიროა მიწოდების ზრდაც. ამასთან, რაც უფრო მეტია გამომუშავებული ელექტროენერგია, ეს მის გაძვირებას უშლის ხელს. ამავე დროს, აუცილებელია სახელმწიფოს ენერგოდამოუკიდებლობა, მით უმეტეს, გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით და, შესაბამისად, ჰესების მშენებლობაც საჭიროა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ზვიად ხორგუაშვილმა.

თუმცა, მისი თქმით, პრობლემის უფრო დიდ ნაწილსა და, შესაბამისად, მოსახლეობის პროტესტს, როგორც წესი, გაუმჭვირვალე პროცესები წარმოშობს:

„თითქმის ყოველთვის, პროცესი არის ბუნდოვანი და ძალიან რთულია სრული ინფორმაციის მოძიება, თუ როგორ მოხდა, ვთქვათ, მშენებლობის ნებართვის მოპოვება და როგორ მოხდა ინვესტიციების მასშტაბების განსაზღვრა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ, ხშირ შემთხვევაში, განხილვები არ არის საჯარო და ძალიან ვიწრო წრეში წყდება მნიშვნელოვანი საკითხები. როცა მჭირდება, მეც ძალიან მიჭირს სანდო ინფორმაციის მოძიება“.