რა სამუშაოები ტარდება გაჩერებულ „ენგურჰესში“

ენგურჰესი

„ენგურჰესზე“ სარევიზიო სამუშაოები მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ჰესის თაღოვანი კაშხლის ჰიდროელექტროსადგური გეგმიურად 18 თებერვალს გაითიშა, შესაძლებელი გახდა კაშხლის დერივაციული გვირაბის რევიზია. 15 კილომეტრნახევარიანი გვირაბის წყლისგან დაცლას სამი დღე დასჭირდა და სპეციალისტებმა ამის შემდეგ შეძლეს შესვლა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ამდენივე დღე დასჭირდება გვირაბის ისევ წყლით გავსებას. ჰესის ჩართვა 3-4 მარტისთვის არის დაგეგმილი. რევიზიის შედეგად უნდა დადგინდეს, რა სახის სარემონტო სამუშაოები იქნება ჩასატარებელი 2018 -2019 და მომდევნო წლებში.

შპს „ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის თავმჯდომარე ჯონი ჭანიას განცხადებით, მსგავსი რევიზია, 5-10 წლის შუალედით, საჭიროების მიხედვით ტარდება იმისთვის, რომ გვირაბი დარჩეს საიმედო და უსაფრთხო, ჰესის ექსპლუატაცია კი - გამართული.

„დათვალიერების პერიოდში გამოჩნდა ადგილები, სადაც არის ფილტრაცია-წყლის გადინება და, ასევე, შემოდინება. ეს ჩაიდება იმ აქტებში, რომლითაც თაღოვანი კაშხლის გაჩერების პერიოდში მოხდება იმ მოწყობილობების რეაბილიტაცია, რომელსაც ჰქვია უკუსარქველები, რაც ნიშნავს წინააღმდეგობას, გვირაბიდან გადინებას, ასევე, ფსკერის აღდგენას და ა.შ.“, - განაცხადა ჯონი ჭანიამ.

ენგურჰესი

„ენგურჰესის“ გათიშვა ქვეყნის ელექტროენერგიის მომარაგებაზე უარყოფითად არ ასახულა. როგორც ჰესის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საქართველოს ელექტროსისტემას აქვს საკმარისი რესურსი ქვეყნის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, საჭიროების შემთხვევაში კი დამატებითი წყაროს მოწოდება შესაძლებელია მეზობელი აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. განსხვავებული ვითარებაა ამ მხრივ ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელსაც ელექტროენერგიით სრულად „ენგურჰესი“ ამარაგებდა. წინასწარი მოლაპარაკების შედეგად, ამ ეტაპზე რეგიონს ელექტროენერგიას ერთდროულად აწვდიან რუსეთისა და საქართველოს („ვარდნილჰესი“) ენერგოსისტემები. მიუხედავად ამისა, ეს წყარო საკმარისი არ არის აფხაზეთის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად და ამიტომაც დაწესებულია განრიგი.

შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიას გათვლებით, მარტიდან კვლავ შესაძლებელი იქნება რეგიონის სრულად მომარაგება. ამასთან, მისი თქმით, აუცილებელია აფხაზეთმა საგრძნობლად შეამციროს ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარება, რადგან სხვა შემთხვევაში მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება, სურვილის მიუხედავად, ვერ მოხერხდება. სპეციალისტის სიტყვებით, აფხაზ და ქართველ ენერგეტიკოსებს ამ საკითხთან დაკავშირებით აქვთ რეგულარული შეხვედრები და განიხილება სხვადასხვა ხედვები დენის მოხმარების შესამცირებლად.

„ეს ქსელი აბსოლუტურად მოუწესრიგებელია აფხაზეთის მხრიდან - პირველ რიგში, აღრიცხვის მოწყობა და, შემდეგ, თანხის ამოღების ქსელი. შესაბამისად, თუ მათ არ მიიღეს გადამჭრელი ზომები და 2017 წლის განმავლობაში არ შეამცირეს ელექტროენერგიის მოხმარება, ოთხთვიანი გაჩერების დროს აღმოჩნდებიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში“, - თქვა ლევან მებონიამ. ჰესის ოთხი თვით გაჩერებაში ის გულისხმობს მომავალში, 2018 ან 2019 წელს დაგეგმილი რეკონსტრუქციის პროცესს. სპეციალისტების გათვლებით, სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც რამდენიმე წელზე ეტაპობრივად არის განაწილებული, 34 მილიონი ევრო სჭირდება.

ლევან მებონიას განცხადებით, თანხები გაიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, ევროპის საინვესტიციო ბანკმა და ევროკომისიამ.