ქუჩაში გამოსული „კაბელების საქმე“

ე.წ. „კაბელების საქმეზე“ გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილო თავისუფალი დემოკრატები ემზადებიან ხანგრძლივი სამართლებრივი ბრძოლისათვის, რომლის ფარგლებშიც აქტიურად იქნება გამოყენებული საპროტესტო აქციები. პირველი ასეთი აქცია გაიმართება 21 მაისს მთავარი პროკურატურის შენობის წინ. მთავარი პროკურატურის მტკიცებით, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს სამინისტროს ხუთმა თანამშრომელმა ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონი ლარი გაფლანგა.

ირაკლი ალასანია, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დარწმუნებულია, რომ, ე.წ. „კაბელების საქმითა“ და სამინისტროს თანამშრომლების დაპატიმრებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულმა პროკურატურამ მას და მის პარტიას დაარტყა:

„ეს ხუთი უდანაშაულო ადამიანი რომ გამოვიდეს ციხიდან, მზად ვარ მე ჩავჯდე ციხეში, თუკი ეს დააკმაყოფილებს ბიძინა ივანიშვილს. მაგრამ შემიძლია ნამდვილად დავპირდე ივანიშვილს და მის მართულ პროკურატურას, რომ, საზოგადოებასთან ერთად, ამ ხელისუფლებას, რომელიც ძალადობრივად იყენებს პროკურატურას, ოქტომბრის არჩევნებით გავისტუმრებთ“.

ირაკლი ალასანიას თქმით, პროკურატურის ტენდენციურობაზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ რეალურად თანხა, რომლის გაფლანგვის ბრალდებით სასჯელს იხდის ხუთი ოფიცერი, არც კი დახარჯულა:

„თანხა არ არის გაფლანგული, მას აქვს საბანკო გარანტია და დღესვე შეუძლია დაიბრუნოს სახელმწიფომ, თუკი არ მოსწონს ეს პროექტი. უპირობო საბანკო გარანტია არის მთელ თანხაზე, მაგრამ თუკი ისინი ამტკიცებენ, რომ სადმე გაფლანგვა მოხდა, ამ ბიჭების ბრალი ნამდვილად არ არის! თუკი გაფლანგვა მოხდა, ეს, პირველ რიგში, არის პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილისა და ჩემი ბრალი. ამიტომ ჩვენ უნდა დაგვაკავონ, თუკი პროკურატურა თვლის, რომ ვინმე დამნაშავეა“.

შოთაძის ათი სიტყვიდან ათივე სიცრუეა. თითქოს ვიღაცამ უფასოდ შესთავაზა თავდაცვის სამინისტროს მომსახურება და აღნიშნული პროექტის განხორციელება - ეს არის სრული სიცრუე და ამას ვერავინ დაგვიმტკიცებს...
ლევან სამუშია

თუმცა, პროკურატურის მტკიცებით, ყველა დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას და ხელშეკრულების გაფორმებას, შედგენილი და ხელმოწერილია მსჯავრდებულების მიერ. „სწორედ მსჯავრდებულების მოქმედებები გახდა სახელმწიფოსთვის წამგებიანი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი, რის შედეგადაც სამინისტრომ 6 720 877 ლარი გადაიხადა ქონებაში, რომლის ღირებულება არ აღემატება 2 618 005 ლარს“, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტროსთვის ოპტიკის ხაზის (იმავე საკაბელო მაგისტრალის - უძრავი ქონების) შეძენის მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა და გამოცხადდა ტენდერი შესაბამისი სამუშაოების შესრულებაზე, თუმცა თავდაცვის სამინისტროს პასუხისმგებელმა პირებმა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ,,დელტას", უკეთესი შეთავაზება დაიწუნეს და უპირატესობა მიანიჭეს კომპანია „სილქნეტის" „ძვირ წინადადებას“, რითაც გაიფლანგა 4 მილიონი ლარი. მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თქმით, პროკურატურა სასამართლოზეც და გამოძიების მსვლელობის დროსაც ხელმძღვანელობდა მხოლოდ ფაქტებითა და სისხლის სამართლის კოდექსით და არა პოლიტიკური მიზანშეწონილობით, როგორც ამას თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მისი პარტიის წევრები ამტკიცებენ:

„რითი ხელმძღვანელობენ ეს ადამიანები, როდესაც საუბრობენ გამამტყუნებელი განაჩენის დაუსაბუთებლობაზე და უკანონობაზე, როდესაც ეს განაჩენი თვალით არავის არ უნახავს? ცალსახაა, რომ ამ ხალხს ამოძრავებს პირადი მოტივაცია, რათა ამ საქმეს მისცენ პოლიტიკური ელფერი, სრულიად უსაფუძვლოდ მოახდინონ მართლმსაჯულების პროცესისა და პროკურატურის დისკრედიტაცია“.

თუმცა, ადვოკატებისა და თავისუფალი დემოკრატების გარდა, მსჯავრდებულთა უდანაშაულობაზე ლაპარაკობენ ავტორიტეტიანი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა თქმით, ამაზე მეტყველებს ის, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება დანაშაულის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ელემენტის - მოტივის - არსებობა და ის, რომ ბრალდების მხარის მიერ გაფლანგულად შერაცხილი თანხა არასოდეს ყოფილა ბრალდებულ პირთა მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. განსასჯელთა ადვოკატის ლევან სამუშიას თქმით, პროკურატურის მთავარი იარაღი ტყუილი და სიცრუის გავრცელებაა.

„შოთაძის ათი სიტყვიდან ათივე სიცრუეა. თითქოს ვიღაცამ უფასოდ შესთავაზა თავდაცვის სამინისტროს მომსახურება და აღნიშნული პროექტის განხორციელება - ეს არის სრული სიცრუე და ამას ვერავინ დაგვიმტკიცებს. მსგავსი რამ არ ყოფილა. ანუ ამბობს და იგონებს ისეთ რამეს, რისი მტკიცებულებაც არ გააჩნია. ჩვენ კი საპირისპირო მტკიცებულებები გვაქვს. ასევე, ახლა რომ ამბობენ, თითქოს უნდოდათ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შეძენა, ესეც ტყუილია. მსგავსი არაფერი ყოფილა. მაქვს დოკუმენტები, საიდანაც კარგად ჩანს, რომ უნდოდათ ოპტიკურ- ბოჭკოვანი კაბელის მიყვანა და მაგისტრალის შეძენაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა“, უთხრა ლევან სამუშიამ რადიო თავისუფლებას.

მსჯავრდებულთა ადვოკატები და მხარდამჭერები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებასა და თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ. 21 მაისს საპროტესტო აქცია გაიმართება მთავარი პროკურატურის წინ. როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, აქციას ექნება გამოკვეთილად სამოქალაქო პროტესტის სახე და მისი მსვლელობისას გამოყენებული არ იქნება არანაირი პარტიული ატრიბუტიკა.