პუტინის დაპირებები სოხუმს, სამხედრო ბაზა და საერთაშორისო პროტესტი

რაულ ხაჯიმბა და ვლადიმირ პუტინი

აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, აფხაზეთში ჩასვლა გააპროტესტა საერთაშორისო თანამეგობრობამ - განცხადებები გაკეთდა ნატოსა და ევროკავშირის სახელით. პროტესტის ტალღა ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა თბილისში, სადაც ყურადღება განსაკუთრებით მახვილდება ვლადიმირ პუტინის მიერ 8 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაზე აფხაზეთში მოქმედ რუსეთის სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით. რუსეთის პრეზიდენტთან ერთად აფხაზეთში ჩასული იყო ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და, შესაბამისად, ექსპერტების მსჯელობაში კვლავაც აქტუალური გახდა თემა რუსეთ-საქართველოს შორის არაფორმალურ მოლაპარაკებათა ფორმატის („პრაღის ფორმატის“) კონტრპროდუქტიულობასთან დაკავშირებით.

Your browser doesn’t support HTML5

პუტინის დაპირებები სოხუმს, სამხედრო ბაზა და საერთაშორისო პროტესტი

„პრეზიდენტ პუტინის ჩასვლა საქართველოს რეგიონ აფხაზეთში სამხედრო კონფლიქტის მეცხრე წლისთავთან დაკავშირებით დამღუპველია საერთაშორისო ძალისხმევისთვის, რომ გამოინახოს გზა პრობლემის მშვიდობიანი და მოლაპარაკებებზე ორიენტირებული მოგვარებისთვის“ - ეს განცხადება ნატოს წარმომადგენელმა დილან ვაითმა გააკეთა 8 აგვისტოს ბრიუსელში, სწორედ იმ დღეს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი სრულიად უკანონოდ ჩავიდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, ბიჭვინთაში და ეს ვიზიტი საგანგებოდ დაამთხვია რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავს.

ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის -სტატუსის შეცვლის არანაირ მცდელობას, - აცხადებს ნატოს წარმომადგენელი.

9 აგვისტოს კი გავრცელდა განცხადება ევროკავშირის სახელით. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში ხაზგასმულია ფაქტი, რომ ვლადიმირ პუტინმა კვლავაც უგულებელყო საერთაშორისო სამართალი და გადადგა ნაბიჯი მშვიდობიანი მიზნების წინააღმდეგ:

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, რომელიც მან 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავზე განახორციელა, ისევე როგორც მანამდე განხორციელებული სხვა ვიზიტები, არღვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრაზე მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას. ევროკავშირის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

აფხაზეთი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მოკავშირეა, რომელთანაც ჩვენ საერთო ისტორია და სულიერი ნათესაობა გვაკავშირებს. რუსეთი კვლავაც შეუწყობს ხელს აფხაზეთის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას და საიმედოდ უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას...
ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინი 8 აგვისტოს ბიჭვინთაში შვიდი ვერტმფრენის თანხლებით ჩავიდა, ნახევარსაათიანი შეხვედრა გამართა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რაულ ხაჯიმბასთან, და შემდეგ თანმხლებ დელეგაციასთან ერთად მასპინძლებს გაფართოებულ ფორმატშიც შეხვდა. შემდეგ გაკეთდა საგანგებო განცხადებები - გაისმა მრავალი სამადლობელი სიტყვა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერის მხრიდან და, ასევე, არაერთი დაპირება მოსკოვის მხრიდან. ითქვა, რომ 2017-2019 წლებში რუსეთი აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის 6 მილიარდი რუბლის დახარჯვას გეგმავს, აფხაზურ მხარესთან ერთად საერთო ძალებით შეებრძოლება კრიმინალს, რათა ტურისტებმა და აფხაზეთში მცხოვრებმა ადამიანებმა თავი დაცულად იგრძნონ და რომ ყველაფერი გაკეთდება აფხაზეთის სახელმწიფოს გასაძლიერებლად. დაპირებებს შორის, რომლებიც ვლადიმირ პუტინმა 8 აგვისტოს ბიჭვინთაში გაახმიანა, ასევე ვხვდებით ინვესტიციების მოზიდვის, ჯანმრთელობის დაზღვევისა და სამედიცინო მომსახურების თემებს. და, ცხადია, აქვეა ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების მიზანიც:

„9 წლის წინ, როგორც იცით, დრამატული მოვლენების შემდეგ, რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. მას შემდეგ დიდი სამუშაო წარიმართა და მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგები რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის განმტკიცების მიმართულებით. აფხაზეთი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მოკავშირეა, რომელთანაც ჩვენ საერთო ისტორია და სულიერი ნათესაობა გვაკავშირებს. რუსეთი კვლავაც შეუწყობს ხელს აფხაზეთის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას და საიმედოდ უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას... მოლაპარაკებათა მსვლელობისას შევთანხმდით ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების უფრო მჭიდრო კოორდინირებაზე კავკასიაში უსაფრთხოების გამოწვევებსა და საფრთხეებთან გასამკლავებლად. რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს რუსეთის გაერთიანებული სამხედრო ბაზა აფხაზეთის ტერიტორიაზე“.

საქართველოსთვის აუცილებელია, რომ ჩვენი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგი იყოს სწორედ ამ სამყაროსთან სინქრონიზებული...
ბათუ ქუთელია

ვლადიმირ პუტინის მიერ აფხაზეთში მოქმედ რუსეთის სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით 8 აგვისტოს ბიჭვინთაში გაკეთებულმა ამ განცხადებამ საგანგებო ყურადღება მიიპყრო თბილისში. როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, რუსეთისთვის აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებზე ზემოქმედების ბერკეტს სწორედ სამხედრო-პოლიტიკური მიზნები წარმოადგენს:

„რუსეთის პრეზიდენტმა მოკლე ვიზიტის ფარგლებში თავადვე აღნიშნა, რომ რუსეთის გაერთიანებული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ აფხაზეთში არის მთავარი იმისათვის, რომ გამოიყენოს ინსტრუმენტად მთლიანად კავკასიის რეგიონზე გავლენის გასავრცელებლად და, ფაქტობრივად, ამ სამხედრო და პოლიტიკური ინტერესის მძევალია მთლიანად საზოგადოება, რომელიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს... გარდა ამისა, საუბარი იყო სხვადასხვა სფეროში ე.წ. თანამშრომლობაზე, რაც რეალურად წარმოადგენს რუსეთის მზარდ კონტროლს და ექსკლუზიურ კონტროლს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. ფაქტობრივად, საუბარია რუსულ სივრცეში მოქცევაზე“.

პუტინის აფხაზეთში ჩასვლით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთი უარს არ ამბობს აგრესიულ რევანშიზმზე, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია. მისთვის ცხადია, რომ ეს არის რუსეთის პირდაპირი და ღია დაპირისპირება დემოკრატიულ ქვეყნებთან, ანუ ცივილიზებულ სამყაროსთან, რომელიც ერთადერთი სწორი არჩევანია საქართველოსთვის:

„საქართველოსთვის აუცილებელია, რომ ჩვენი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგი იყოს სწორედ ამ სამყაროსთან სინქრონიზებული. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, ერთი მხრივ, ამ ქვეყნების ორგანიზაციებში, ამ დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში გაერთიანება და, მეორე მხრივ, სწორედ იმ პრობლემების მოგვარება მაქსიმალური კოორდინაციით დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობასთან“.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ვლადიმირ პუტინთან ერთად აფხაზეთში ჩასული იყო ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი, ბევრი სხვა ანალიტიკოსის მსგავსად, ბათუ ქუთელიაც ფიქრობს, რომ ყოვლად გაუმართლებელია შენარჩუნება ე.წ. პრაღის არაფორმალურ მოლაპარაკებათა ფორმატისა, რომლის ფარგლებშიც გრიგორი კარასინს გარკვეული პერიოდულობით ხვდება პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე. ბათუ ქუთელიას აზრით, ეს ფორმატი საქართველოზე მეტად რუსეთის ინტერესებს ემსახურება, რადგანაც ემსახურება საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების შესუსტებას საქართველოს პრობლემისადმი. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, თუ როგორი იქნება რეაქცია გრიგორი კარასინის ასეთ სვლასთან დაკავშირებით, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, 9 აგვისტოს რადიო თავისუფლება ზურაბ აბაშიძეს ვერ დაუკავშირდა.