”გეშინოდეთ ჩვენი!” - საპროტესტო აქცია უნივერსიტეტის დერეფნებში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წელი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციით დაიწყო. სტუდენტური გაერთიანება ”ლაბორატორია 1918” და რამდენიმე ასეული სტუდენტი უნივერსიტეტის ლექტორთა სამსახურიდან დათხოვნას აპროტესტებს. მათი მტკიცებით, ისინი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, რასაც კატეგორიულად უარყოფს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. საპროტესტო აქციები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ კიდევ გასულ კვირას დაიწყო. გარდა პროფესორ-მასწავლებელთა აღდგენისა, სტუდენტებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიმართ სხვა არაერთი მოთხოვნაც აქვთ. სტუდენტები აქციების გაგრძლებას გეგმავენ.

ხმამაღალი მსვლელობა, ძახილით „შემოგვიერთდით!“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დერეფნებში სტუდენტებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მათ უნივერსიტეტის რექტორის, ალექსანდრე კვიტაშვილისგან ვერ მიიღეს დასტური იმის შესახებ, რომ, მათი აზრით, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ლექტორები უნივერსიტეტს დაუბრუნდებოდნენ, რეგენტთა საბჭო დაიშლებოდა და უნივერსიტეტი სრულ ავტონომიას მიიღებდა!

„შემოგვიერთდით, შემოგვიერთდით, გამოდით ლექციებიდან, შემოგვიერთდით, გამოუშვით სტუდენტები!..“
გეშინოდეთ ჩვენი! გეშინოდეთ ჩვენი! გეშინოდეთ ჩვენი! გამოვიდეს რექტორი, გამოვიდეს რექტორი! ...

ამ შეძახილებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი, შეძახილებით „გეშინოდეთ ჩვენი!“, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, რექტორის კაბინეტთან შეკრებილი რამდენიმე ათეული სტუდენტი რექტორთან შეხვედრას ხმამაღლა და ფეხების ბრაგუნით ითხოვდა:

„გეშინოდეთ ჩვენი! გეშინოდეთ ჩვენი! გეშინოდეთ ჩვენი! გამოვიდეს რექტორი, გამოვიდეს რექტორი!“

და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ალექსანდრე კვიტაშვილი, კაბინეტიდან გამოვიდა. პირველი მოთხოვნა, რაც სტუდენტებმა რექტორს წაუყენეს, სააქტო დარბაზში შეხვედრა იყო. თუმცა შეხვედრა სააქტო დარბაზში არ შედგა. სტუდენტებმა და რექტორმა საპროტესტო აქციების მიზეზების გარკვევა იქვე, რექტორის კაბინეტის კართან, დაიწყეს. სტუდენტები რექტორს მიმართავენ შეძახილებით: „ნუ გვატყუებთ!“

სტუდენტები: ნუ გვატყუებთ, თქვენი დაპირებები არ არის შესრულებული.
ალექსანდრე კვიტაშვილი: მე გეუბნებით, რომ არ კეთდება ბაზები?
სტუდენტი: თქვენ გაზაფხულიდან გვპირდებით ამას, მაგრამ ჯერ არაფერი შესრულებულა.

ალექსანდრე კვიტაშვილი: გინდა განახვოთ? მე გეუბნებით, რომ თქვენ დარეგისტრირებული ხართ ყველა საგანზე.

სტუდენტი: მე ვარ დარეგისტრირებული? წამობრძანდით, მანახვეთ.

ალექსანდრე კვიტაშვილი: სად წამოვბრძანდე, აგერ მაქვს ყველაფერი ამობეჭდილი.

სტუდენტები: ნუ გვატყუებთ, ნუ გვატყუებთ!

საპროტესტო აქციები, რომელიც გასულ კვირას, სტუდენტთა განცხადებით, ლექტორთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების გამო დაიწყო, ნელ-ნელა ფართომასშტაბიან სახეს იღებს. სტუდენტთა მოთხოვნებიც მატულობს: ავტონომია უნივერსიტეტს! უნივერსიტეტი სტუდენტებს და ლექტორებს! პოლიტიზებული თვითმმართველობა! სწავლა ძვირია! ბაზები მოუწესრიგებელია! არ გვეძლევა საგნების არჩევის საშუალება! გადადგეს ჩინოვნიკი დეკანი! დაიშალოს რეგენტთა საბჭო! დაგვიბრუნეთ გათავისუფლებული ლექტორები!

სტუდენტების აქცია გრძელდება


”ხალხო, ამ ყველაფერს მხოლოდ ტაშის დაკვრა, მერე სახლში წასვლა და გულის მოფხანა არ ეყოფა - რა მაგარი აქცია იყოო. ამ ყველაფერს ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევა სჭირდება და ამიტომ გთხოვთ, დაგვიდექით ამ ბრძოლაში გვერდით!”

უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში შეკრებილ სტუდენტებს აქციის ორგანიზატორები, ”ლაბორატორია 1918”-ის წარმომადგენლები, რიგრიგობით მიმართავენ. ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, გვეუბნება, რომ ყველა მოთხოვნა ერთ მთავარ მოთხოვნაში ერთიანდება - ავტონომია უნივერსიტეტს.

”უნივერსიტეტში მთელი ძალაუფლება კონცენტრირებულია სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან წარმოდგენილ და დანიშნულ პირებზე. ჩვენ კი გვინდა, რომ, ისევე როგორც ევროპასა და ამერიკაში, უნივერსიტეტში მთელი ძალაუფლება გადავიდეს სტუდენტებისა და ლექტორების ხელში”, - ამბობს ლევან ლორთქიფანიძე.

უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა, სტუდენტთა მოთხოვნებს უპასუხა, ოღონდ კაბინეტში და მხოლოდ ჟურნალისტებთან. სტუდენტებმა მასთან პირისპირ შეხვედრაზე უარი თქვეს. აქვე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ სტუდენტებმა რექტორს სააქტო დარბაზში მისვლა არაერთხელ სთხოვეს.
რეგენტთა საბჭოს უნივერსიტეტი ვერ გააუქმებს. ეს არ არის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი და ინიცირებული საბჭო ...

რექტორის პასუხები სტუდენტთა მოთხოვნებს:

მოუწესრიგებელი ბაზები: ”სამწუხაროდ, ეს გრძელვადიანი პრობლემაა, რომლის სწრაფად გამოსწორება ძალიან რთული აღმოჩნდა. თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა ეტაპობრივად გამოვასწოროთ. ჩვენ უნდა მოვახერხოთ 22 ათასი სტუდენტის დარეგისტრირება მათთვის სასურველ საგნებსა და ლექტორებთან. საკმაოდ რთული პროცესია, ამას აღიარებს უნივერსიტეტი და ამ პრობლემის ნაბიჯ-ნაბიჯ გამოსწორება მიმდინარეობს.”

გაუქმდეს რეგენტთა საბჭო: ”რეგენტთა საბჭოს უნივერსიტეტი ვერ გააუქმებს. ეს არ არის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი და ინიცირებული საბჭო”.

აქვე განვმარტოთ: რეგენტთა საბჭო, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2011 წელს შეიქმნა და მისი მოვალეობაა უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში მთავრობის პოლიტიკის კოორდინირებულად წარმართვა. რეგენტთა საბჭო რამდენიმე სამინისტროს, მათ შორის, იუსტიციის, ეკონომიკის, ფინანსთა და განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნებით არის დაკომპლექტებული. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა მითითებული, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენელთა საბჭოს შემადგენლობაში შესვლა უმაღლესი განათლების სფეროში სხვადასხვა დარგების ჩართულობას შეუწყობს ხელს.

დაგვიბრუნეთ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფებული ლექტორები! ამ მოთხოვნას ალექსანდრე კვიტაშვილი ასე უპასუხებს: ”პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბარიც კი არ არის. მათ ვერ მოახერხეს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის გადალახვა. ასეთ ლექტორებს შორისაა ლელა გაფრინდაშვილი, რომელიც უნივერსიტეტში გენდერის შესახებ ლექციებს წლების განმავლობაში კითხულობდა.“
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე მე თვითონ გახლდით. სამწუხაროდ, ლელა გაფრინდაშვილის შემთხვევა იყო ის, რომ ჩვენ ზედმეტი მსჯელობის სივრცეც კი არ დაგვრჩა, რადგან არსებობს გარკვეული ფორმალური მოთხოვნები, რომლებსაც ყველას ვუყენებთ ...
ანდრო ბარნოვი

ისევე როგორც უნივერსიტეტის რექტორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახლად დანიშნული დეკანი ანდრო ბარნოვი აცხადებს, რომ ლელა გაფრინდაშვილმა კომისიას ვერ წარუდგინა სრულყოფილი სასწავლო გეგმა, ანუ სილაბუსი. თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ანდრო ბარნოვს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში, მეოთხე სართულზე, საკუთარ კაბინეტთან მიაკითხეს:

”გამოვიდეს ანდრო ბარნოვი!”

ანდრო ბარნოვმა ლელა გაფრინდაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ჟურნალისტებთან საკუთარ კაბინეტში ისაუბრა. მეექვსე კორპუსის წინ შეკრებილი სტუდენტები ხმამაღლა სკანდირებდნენ: „ანდრო, წადი!“

”საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე მე თვითონ გახლდით. სამწუხაროდ, ლელა გაფრინდაშვილის შემთხვევა იყო ის, რომ ჩვენ ზედმეტი მსჯელობის სივრცეც კი არ დაგვრჩა, რადგან არსებობს გარკვეული ფორმალური მოთხოვნები, რომლებსაც ყველას ვუყენებთ და ვთხოვთ, რომ წარმოადგინონ სილაბუსები. ეს სილაბუსი ლელა გაფრინდაშვილმა სრულყოფილად არ წარმოადგინა. გარდა ამისა, იყო სხვა სერიოზული პრობლემებიც. მაგალითად, ნაშრომი, რომელიც მან წარმოადგინა, არ ემთხვეოდა გვერდების რაოდენობა, მას აკლდა დასაწყისი და ა.შ.”, - აცხადებს ანდრო ბარნოვი.

ლელა გაფრინდაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ის აუცილებლად გაასაჩივრებს უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას, მოითხოვს მათგან დასაბუთებულ და არგუმენტირებულ პასუხს მისი გათავისუფლების შესახებ, რის შემდგომაც ის არ გამორიცხავს, რომ სასამართლოსაც მიმართავს. მისივე განცხადებით, ის დიდი ხნის მანძილზე ღიად აკრიტიკებდა უნივერსიტეტში არსებულ სისტემას და ძალადობას. სწორედ ამიტომ ის დარწმუნებულია, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით დევნის ტოლფასია.