პროპაგანდა კლავს

ორი მთავარი გამოწვევა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მედიისთვის პროპაგანდა და სიძულვილის ენაა, რომელიც აღვივებს ერებს შორის შუღლს, ახალისებს კონფლიქტებს და ხელს უწყობს შიდა დაპირისპირებას. სწორედ ეს საკითხები განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების, პლუს რუსეთის, მედიარეგულირების საბჭოებმა 17-18 ივნისს ლოპოტაზე, რომელიც წინ უსწრებდა თბილისში სიძულვილის ენის წინააღმდეგ გამართულ კონფერენციას.

მტრობის ენისა და პროპაგანდის შედეგებს დიდი ხანია იმკიან საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა და, ახლა უკვე, უკრაინა. ბელორუსი სულაც რუსული პროპაგანდის ტყვეობაშია. ამდენად, მოსალოდნელი იყო, რომ ამ ქვეყნების მედიის თვითრეგულირების ორგანოების რეგიონალური ქსელი, რომელიც 2011 წელს შეიქმნა, ერთ დღესაც მედიის ამ მთავარ გამოწვევებზე საგანგებოდ იმსჯელებდა, მაგრამ ვერ იმსჯელებდა რუსეთის გარეშე.

აი, რას ამბობს დავით კლდიაშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მდივანი, რომელიც ქსელის ბოლო მუშაობაში მონაწილეობდა:

„როდის დაიწყო ამ დოკუმენტზე მუშაობა? როცა დაიძაბა ურთიერთობა უკრაინასა და რუსეთს შორის, მძლავრად ამუშავდა პროპაგანდისტული მანქანა. ჩვენ გვახსოვს, როდესაც ზოგიერთ მედიასაშუალებაში ვრცელდებოდა ყალბი ფოტოები, ყალბი ინფორმაცია მიმდინარე კონფლიქტების შესახებ. საქართველოს კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც, მაგალითად, საქართველოს შესახებ შესაძლებელია პროპაგანდისტული და არასწორი მესიჯები გავრცელდეს რუსეთში და პირიქით“.

რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ შეგიძლია იმდენჯერ გამოხვიდე, რამდენჯერაც გსურს. უკრაინის პროპაგანდის წინააღმდეგ კი გამოსვლა არ შეიძლება - არაპატრიოტულია. ბევრი ჟურნალისტი ამაზე დუმს, მაგრამ პროპაგანდის მავნებლობა იმაზე ხომ არ არის დამოკიდებული, ვინ აწარმოებს მას...
სერგეი გუსი

​დავით კლდიაშვილის თქმით, ლოპოტაზე გადაწყდა შეიქმნას რეგიონალური საბჭო, რომელშიც შევა ეროვნული საბჭოების თითო წარმომადგენელი. დამტკიცდა მისი მუშაობისა და საჩივრების განხილვის წესი. რუსული მხარე აქტიურად იყო ჩართული მუშაობაში. მათივე ინიციატივით, როგორც კლდიაშვილი ამბობს, საბოლოო დოკუმენტებში შეიტანეს რამდენიმე, თუმცა არაარსებითი, ცვლილება, მაგალითად, ის, რომ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საჩივრებზე რეგიონალური თვითრეგულირების ორგანო მიიღებს არა გადაწყვეტილებებს, არამედ მოსაზრებებს:


„საბოლოო ჯამში, ყველა ქვეყანა შევჯერდით ამ დოკუმენტზე და, შესაძლებელია, დღეიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც თვლის, რომ თუკი ამ ქვეყნებში - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, მოლდოვა, უკრაინა, ბელორუსი - რომელიმე მედიასაშუალება ახორციელებს ისეთი სახის პროპაგანდას, რომელიც არ შეესაბამება ეთიკურ პრინციპებს, მიმართოს რეგიონალურ საბჭოს ადგილობრივი საბჭოს მეშვეობით“.

უკრაინის პრესის საბჭოს წარმომადგენელი და ადგილობრივი გაზეთის, „უკრაინის“, მთავარი რედაქტორი სერგეი გუსი, რომელსაც თბილისში მედიის თვითრეგულირების ორგანოების კონფერენციაზე შევხვდით, შეწუხებულია იმით, რომ უკრაინული მედიის დიდი ნაწილი ქვეყნის აღმოსავლეთში საომარი კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსულ პროპაგანდას აჰყვა, ნაცვლად იმისა, რომ ობიექტურ ინფორმაციას ავრცელებდეს ან დაპირისპირებული მხარის მიერ გავრცელებული ყალბი ცნობების მხილებით იყოს დაკავებული. კონტრპროპაგანდა არაეთიკური და არაპროდუქტიულია, ამბობს უკრაინელი მედიაექსპერტი:

„რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ შეგიძლია იმდენჯერ გამოხვიდე, რამდენჯერაც გსურს. უკრაინის პროპაგანდის წინააღმდეგ კი გამოსვლა არ შეიძლება - არაპატრიოტულია. ბევრი ჟურნალისტი ამაზე დუმს, მაგრამ პროპაგანდის მავნებლობა იმაზე ხომ არ არის დამოკიდებული, ვინ აწარმოებს მას. მისი მავნებლობა იმაშია, რომ ის აღვივებს ეროვნებათაშორის შუღლს, ქმნის კონფლიქტებს, იწვევს გარკვეული კატეგორიის ადამიანების დისკრიმინაციას. ამიტომ აუცილებელია, რომ ჟურნალისტებმა იბრძოლონ არა მხოლოდ გარე პროპაგანდასთან, არამედ ასეთ მასალებს არ აქვეყნებდნენ საკუთარი გამოცემების გვერდებზე თუ ტელეეთერში“.

სერგეი გუსის თქმით, რეგიონალური საბჭოს მთავარი მიღწევა იქნება რეკომენდაციები. ის დაეხმარება ეროვნული თვითრეგულირების ორგანოებს პროპაგანდისტული მასალების წინააღმდეგ საჩივრების განხილვაში, ასევე მედიის მომხმარებლებს - ამგვარ კონტენტზე საჩივრების მომზადებაში. როგორც უკრაინელი ექსპერტი ვარაუდობს, რეგიონალურ ჭრილში რუს კოლეგებთან მუშაობა არ გაუჭირდებათ, მით უფრო, რომ დამოუკიდებლად თანამშრომლობის პრაქტიკა არსებობს. მაგალითად, იხსენებს სერგეი გუსი, როცა უკრაინის ჟურნალისტური ეთიკის სახელმწიფო კომისიამ ადგილობრივ ეთიკის საბჭოს მიმართა დიმიტრი კისილიოვის პროპაგანდისტული გადაცემის გამო, ეს საჩივარი კოლეგებს მოსკოვში გადაუგზავნეს. რუსმა კოლეგებმა კისილიოვის მასალა დაგმეს:

„კაცმა რომ თქვას, ეროვნულ თვითრეგულირების ორგანოებს შეუძლიათ ამგვარი საჩივრების განხილვა, თუმცა ჯობია ეს საქმე მივანდოთ უფრო ობიექტურ ორგანოს, რათა არ იყოს ბრალდება, რომ ეროვნული ორგანოები სპეციალურად მიკერძოებით იხილავენ ამა თუ იმ საჩივარს“.

ასეთი მედიასაშუალებები, სამწუხაროდ, ჩვენთან ძალიან ბევრია. ისინი უფრო პროპაგანდით არიან დაკავებულნი, ვიდრე პროფესიული ჟურნალისტიკით. ფინანსდებიან გარკვეული წრეების მიერ. მათ უქმნიან ყველანაირ პირობებს, აძლევენ ძალიან კარგ ოფისებს და უზრუნველყოფენ თანამედროვე ტექნიკით...
სეიმურ კაზიმოვი

ჩვენ გავესაუბრეთ ბორის ნავსარდიანსაც, ერევნის პრესკლუბის წარმომადგენელს, რომელიც სომხეთის მედიარეგულირების ორგანოს წევრია. ის ლოპოტაზეც იმყოფებოდა და თბილისში გამართული კონფერენციის აქტიური მონაწილეც იყო. ბორის ნავსარდიანი, რაღა თქმა უნდა, მიესალმება პროპაგანდასთან ბრძოლის საერთო ძალისხმევას, თუმცა აქვე გამოთქვამს სკეპსისს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო. ნავსარდიანის თქმით, საინფორმაციო ომი, რომელშიც ჩართულია სომხეთის, აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, არათუ არ ცხრება, კიდევ უფრო გამწვავდა წელს, აპრილში, ეგრეთ წოდებული ოთხდღიანი ომის შემდეგ, როცა ათობით ჯარისკაცი დაიღუპა ორივე მხრიდან. თუმცა, ამ გარემოების მიუხედავადაც, ამბობს ერევნელი ექსპერტი, შესაძლებელია რეაგირება განსაკუთრებით აღმაშფოთებელ მასალებზე, რომელიც ორი ქვეყნის მედიაში გამოქვეყნდება:

„ჩვენი, ჩვენი სომეხი კოლეგების მიდგომა არის ისეთი, რომ ყველაზე აღმაშფოთებელ ფაქტებს, სადაც აშკარაა დეზინფორმაცია, სადაც ძალისმიერი მოქმედებებისა თუ ომისკენ არის მოწოდებები, აზერბაიჯანელი კოლეგებიც იხილავდნენ. თუნდაც მინიმალურ სტანდარტს დავაწესებდით, რის უფლებას მისცემდა ჟურნალისტი თავის თავს და რისას არა“.

თუმცა ბორის ნავსარდიანს სავსებით შესაძლებლად მიაჩნია რეგიონალურ დონეზე აზერბაიჯანელ კოლეგებთან ეფექტური თანამშრომლობა ისეთ საჩივრებთან დაკავშირებით, რომლებსაც მათი ქვეყნების მედიასთან არ ექნება შეხება.

სეიმურ კაზიმოვი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელსაც ასევე თბილისში გამართულ მედიაღონისძიებაზე გავესაუბრეთ, შენიშნავს, რომ აზერბაიჯანში, ისევე როგორც სომხეთში, პროპაგანდისტული მასალები ხელისუფლებისგან არის წახალისებული. ის კი არა, აზერბაიჯანში მედიის ძალიან დიდი ნაწილი სახელმწიფოს კმაყოფაზეა. შესაბამისად, არ ისმის დამოუკიდებელი მედიის ხმა, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს კონფლიქტის ჩაცხრობას:

„ასეთი მედიასაშუალებები, სამწუხაროდ, ჩვენთან ძალიან ბევრია. ისინი უფრო პროპაგანდით არიან დაკავებულნი, ვიდრე პროფესიული ჟურნალისტიკით. ფინანსდებიან გარკვეული წრეების მიერ. მათ უქმნიან ყველანაირ პირობებს, აძლევენ ძალიან კარგ ოფისებს და უზრუნველყოფენ თანამედროვე ტექნიკით. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში დამოუკიდებელი მედიის საქმიანობას ვერ ვხედავთ“.

ამოცანა არის ის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ ის ფაქტობრივი უზუსტობები, რომლებსაც ავრცელებენ ეს [ქართულენოვანი] წყაროები, რუსულ წყაროებზე დაყრდნობით, და, მეორე მხრივ, უფრო გრძელვადიანი პერსპექტივის ამბავია, ალბათ, ღირებულებებთან დაკავშირებით დისკურსი...
თამარ კინწურაშვილი

სეიმურ კაზიმოვი დასძენს, რომ რეგიონალური თვითრეგულირების ორგანოს, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურის, შექმნა ჭკუის სასწავლებელი ინიციატივაა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მხარეების საინფორმაციო საშუალებებისთვის, რადგან, ეჭვობს, რომ, მაგალითად, მისი ქვეყნის მედიაეთიკის საბჭო ობიექტური იქნება მტრობის ენის შემცველი მედიაპროდუქტის მიმართ პრეტენზიის განხილვის დროს.

ქართული ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდი“ პერიოდულად აქვეყნებს რუსეთის პროპაგანდისტულ ტენდენციებს ქართულ მედიაში, ეწევა მედიაში ენის სიძულვილის მონიტორინგს.

ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის, თამარ კინწურაშვილის, შეფასებით, საქართველოში რუსული პროპაგანდის ნარატივს ავრცელებს ქართულენოვანი მედია და ეს განასხვავებს მას სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მედიისგან. ყველაზე სერიოზული პრობლემა კი, კინწურაშვილის აზრით, არის ის, რომ ტაბლოიდურ მედიას, რომელიც რუსული, შესაბამისად, ანტიდასავლური, პროპაგანდის გავრცელებისთვის ნოყიერი ნიადაგია, ახალისებს ხელისუფლება. ამიტომ, კინწურაშვილის აზრით, პროპაგანდასთან ბრძოლის რაც უფრო მეტი ფორმატი იარსებებს, მით უკეთესია. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მედია მუდმივად აქარწყლებდეს ყალბ ინფორმაციას და მითებს, რასაც რუსული პროპაგანდა ეყრდნობა:

„ამოცანა არის ის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ ის ფაქტობრივი უზუსტობები, რომლებსაც ავრცელებენ ეს [ქართულენოვანი] წყაროები, რუსულ წყაროებზე დაყრდნობით, და, მეორე მხრივ, უფრო გრძელვადიანი პერსპექტივის ამბავია, ალბათ, ღირებულებებთან დაკავშირებით დისკურსი, რომ რუსული პროპაგანდა ეფუძნება რუსული სამყაროს კონცეფციას, რომელიც არის რუსული სახელმწიფოს დოკუმენტების ნაწილი“.

თამარ კინწურაშვილი შენიშნავს, რომ ანტიდასავლური გზავნილების გავლენა საზოგადოებაზე უკვე ხელშესახებია, რასაც საზოგადოებრივი კვლევებიც ადასტურებს.