მოლდავეთის პრეზიდენტი - პრომოსკოვური პოლიტიკოსი

იგორ დოდონი

მოლდავეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პრომოსკოვურმა კანდიდატმა იგორ დოდონმა მოუგო პროევროპულ მეტოქე მაია სანდუს.

დოდონს ქვეყნის ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 52,5 პროცენტი მიემხრო, მაია სანდუს კი - თითქმის 48 პროცენტი. 14 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ალინა რუსუმ გამოაცხადა, კანონის თანახმად, მეორე ტურში ხმების უმრავლესობის მოპოვების შედეგად, იგორ დოდონი ხდება ქვეყნის პრეზიდენტიო. დოდონი სოციალისტური პარტიის ლიდერია. მან პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, ყველას პრეზიდენტი ვიქნები - მათიც, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება მოსწონს, და მათიც, ვისაც რუსეთთან დაახლოება სურსო. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რუსუმ, სინანული გამოხატა, რომ საარჩევნო ხმის უფლების მქონე ყველა მოლდაველმა ვერ მოახერხა ხმა მიეცა თავისი რჩეულისთვის.

Your browser doesn’t support HTML5

მოლდავეთის პრეზიდენტი - პრომოსკოვური პოლიტიკოსი

„ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ მოლდავეთის მოქალაქეთა ნაწილმა ვერ მოახერხა გამოეყენებინა ხმის უფლება. ეს არის გაკვეთილი ჩვენთვის და ყველა უწყებისთვის, რომლებიც მოლდავეთის არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ“, თქვა რუსუმ, მაგრამ მისი სინანული საკმარისი არ იყო იმ აქტივისტებისთვის, ვინც ქუჩაში გამოიყვანა ხალხი ორშაბათს, 14 ნოემბერს.

ცენტრალური სარჩევნო კომისიის შენობის წინ გამართული დემონსტრაციის მონაწილეები პროტესტს გამოხატავდნენ იმის გამო, რომ ლონდონში, ბუქარესტში, ბოლონიაში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში, საარჩევნო უბნებში, მოლდავეთის წარმომადგენლობებში, არ აღმოაჩნდათ საკმარისი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენები და ემიგრანტებმა ვერ მოახერხეს ხმა მიეცათ საპრეზიდენტო კანდიდატისთვის. მოლდავეთის კანონით, თითოეულ უბანს მხოლოდ სამი ათასი ამომრჩევლის მიღება შეუძლია. ამასთან, ბევრმა მიგრანტმა დროზე არ მიმართა საკონსულოებს რეგისტრაციისთვის. მაია სანდუმ, რომელმაც, დაახლოებით, ხუთი პროცენტით ნაკლები ამომრჩეველი მიიმხრო, კენჭის ყრისას გაყალბებაზე ილაპარაკა, აუცილებელია ამ შემთხვევების გამოძიებაო, თქვა და საარჩევნო კომისიის ოფიციალური წამომადგენლების გადადგომა მოითხოვა. სანდუსთვის ვითარება მიუღებელია.

„მოლდავეთის ხელისუფლებამ დაარღვია მოქალაქეების საკონსტიტუციო უფლება, ესარგებლათ ხმის მიცემის უფლებითო“, თქვა მან და საზოგადოებას ამცნო, რომ აპირებს გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ოფიციალური შედეგები.

ფეისბუკით სანდუმ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ სასამართლოს მიაწვდის მოპოვებულ მასალას დარღვევების შესახებ და რომ გამოიყენებს თავის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს. საარჩევნო კომისიის თანახმად, დოდონმა სანდუს აჯობა 70 ათასი ხმით. მოლდავეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგზე ზეგავლენა მოახდინა სხვა ძალამ, სხვა ელექტორატმა, მოლდავეთის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის, მოსახლეობის ნაწილმა. რიცხვი დნესტრისპირებელისა, რომლებმაც მოლდავეთის არჩევნებში საკუთარი აზრის გამოვლენა ისურვეს, ცხრა ათასს აღწევს. საქმე ისაა, რომ ეს რეგიონი პრორუსულად განწყობილი ადამიანებითაა დასახლებული და, სავარაუდოდ, მათ სწორედ იგორ დოდონს, სოციალისტსა და რუსეთთან დაახლოების მომხრე პოლიტიკოსს, დაუჭირეს მხარი. დნესტრისპირელები, ჩვეულებრივ, არ იღებენ ხოლმე მოლდავეთის არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ამჯერად ასე ისურვეს.

პირველად 1997 წლის შემდეგ, მოლდაველებმა პირდაპირ აირჩიეს პრეზიდენტი, ამჯერად - იგორ დოდონი, კომუნისტური მთავრობის დროს ვაჭრობის მინისტრი, რომელმაც პირველ ტურში ათი პუნქტით აჯობა სანდუს და ძალიან ცოტა დააკლდა მოეგო კენჭისყრა. პრეზიდენტს მოლდავეთში, დაახლოებით, იგივე ფუნქციები აქვს, რაც საქართველოს პრეზიდენტს. მას შეუძლია დაამტკიცოს კანონები, დაამტკიცოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ის ნიშნავს მთავარ პროკურორს, არის მთავარსარდალი.

„კარგად მესმის პასუხისმგებლობა, რომელიც დღეიდან მაკისრია. მესმის, რომ ეს არაა იოლი. მაგრამ გპირდებით, პატივცემულო თანამემამულენო, რომ ვიქნები ყველას პრეზიდენტი - მათი, ვინც თავს მემარჯვენედ თვლის ან მემარცხენედ, მათი, ვისაც სურს ევროკავშირში შესვლა, მათიც, ვისაც ეს არ მოსწონს და რუსეთთან სიახლოვეს ესწრაფვის. გპირდებით, რომ თითოეული თქვენგანის პრეზიდეტი ვიქნები“.

ასე მიმართა დოდონმა მოლდაველებს, რომლებმაც იციან, რომ მათი მომავალი პრეზიდენტი თავშეკავებულია ევროკავშირში მოლდავეთის ინტეგრაციის საკითხში. დოდონი გააკრიტიკეს უკრაინაში იმის გამო, რომ მან ყირიმი, მოსკოვის მიერ 2014 წელს ოკუპირებული ნახევარკუნძული, რუსეთის ტერიტორიად გამოაცხადა. სატელეფონო ინტერვიუში, რომელიც დოდონს რუსეთის „როსია 24-მა“ ჩამოართვა, ის ამბობს, რომ ამომრჩევლები გაერთიანდნენ და ხმა მისცეს რუსეთთან მეგობრობას, ნეიტრალიტეტს, მართლმადიდებლობას და ქვეყნის ერთიანობას. 13 ნოემბერს მოლდავეთის პრემიერ-მინისტრმა, პაველ ფილიპმა, განაცხადა, რომ მთავრობამ და ახალმა პრეზიდენტმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ქვეყნის ინტერესებისთვის და რომ ევროპული ინტეგრაციის გზა შეუქცევადია. მოსკოვს აშინებს ევროკავშირთან მოლდავეთის სწრაფი დაახლოება. კრემლს ათასობით სამხედრო ჰყავს განთავსებული დნესტრისპირეთში, ვითომდა სამშვიდო ჯარის სახით. მაია სანდუმ, სხვათა შორის, მოუწოდა მოსკოვს გაიყვანოს ჯარი დე იურე მოლდავეთის ტერიტორიიდან. სანდუ მსოფლიო ბანკის ყოფილი თანამშრომელია. ის, ამავე დროს, განათლების მინისტრის თანმდებობაზეც იყო. ემხრობა ევროკავშირთან დაახლოებას. მოლდაველებს იმედი გაუცრუა საბანკო სფეროში კორუფციის სკანდალურმა შემთხვევამ. მოლდავეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა და მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, როცა გაუჩინარდა მილიარდ დოლარამდე თანხა, სახელმწიფოს ფული, რომელიც სამი ბანკის ხელში იყო. ეს თანხა ამ ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტის ათ პროცენტს წარმოადგენს. გასულ კვირაში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 180 მილიონი დოლარი გამოუყო მოლდავეთს დახმარების, კრედიტის სახით, და განაცხადა, რომ სამთავრობო რეფორმებმა და ეკონომიკის განვითარებამ გააძლიერა საბანკო სექტორი.

15 ნოემბერს დოდონმა თითქოს დაამშვიდა საზოგადოება და გამოაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ევროკავშირთან მოლდავეთის ურთიერთობა არ შეიცვლება. ამით მან გააქარწყლა შიში, გამოწვეული მისივე განცხადებებით, ევროკავშირისკენ ქვეყნის მიმართულებას შევცვლიო. 15 ნოემბერს დოდონმა განაცხადა, რომ არ აპირებს ბრიუსელთან კავშირის შეცვლას, მას მხოლოდ უკეთესი ურთიერთობა სურს რუსეთთან. ევროკავშირის გაფართოების კომისარმა იოჰანეს ჰანმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, დოდონს არ უთქვამს სერიოზულად, ევროკავშირთან შეთანხმებას გავაუქმებო. "მეც შევხვდი მას და სულ სხვა რამ მითხრაო", განაცხადა ჰანმა.