მიხეილ სააკაშვილი პროკურატურამ ბრალდებულად ცნო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ბრალდებულად ცნობის თაობაზე. საქმე შეეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევასა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და მის ხელში ჩაგდებას. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, პროკურატურამ ბრალდების თაობაზე დადგენილება გამოიტანა ასევე ვანო მერაბიშვილის, იმჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართაც. ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანამდე მიხეილ სააკაშვილი მოწმის სახით იყო დაბარებული, მაგრამ არ გამოცხადდა.

დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, რომელიც პროკურორმა კოკა კაციტაძემ წაიკითხა:

„საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მისი მეთაურის, მიხეილ სააკაშვილის, უკანონო მოქმედებების შედეგად, დაირღვა არკადი პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრების უფლება, ხელყოფილ იქნა მოქალაქეთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, მრავალმა მოქალაქემ მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება, მოხდა დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა და ხელის შეშლა, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის, სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი უფლებების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილისა და გიორგი უგულავას მიმართ გამოტანილია ბრალდების შესახებ დადგენილებები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით“.

ამ შემთხვევაში უკვე პროკურორი გამოიტანს დადგენილებას პირის ძებნის თაობაზე და ამ დადგენილებას, სასამართლოს განჩინებასთან ერთად, შეიტანს ინტერპოლში, რომ ინტერპოლმა მოძებნოს საერთაშორისო დონეზე კონკრეტულად ეს ბრალდებული პიროვნება...
მიხეილ ღოღაძე

კანონმდებლობის მიხედვით, ბრალის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 24 საათის განმავლობაში პირის ადვოკატს უნდა გადაეცეს ბრალდებულად ცნობის დადგენილება და, ადვოკატის მოთხოვნის შემთხვევაში, საქმის მასალების ასლებიც, განმარტავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი მიხეილ ღოღაძე. მისი თქმით, ამის შემდეგ პროკურატურა მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით - ეს შეიძლება იყოს პატიმრობა, თავდებობა ან გირაო. თუ მოსამართლის მიერ გამოიცა პატიმრობის განჩინება, ანუ წინასწარი პატიმრობის თაობაზე გადაწყვეტილება, მაშინ პროკურატურა შეძლებს საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მიმართ:

„ამ შემთხვევაში უკვე პროკურორი გამოიტანს დადგენილებას პირის ძებნის თაობაზე და ამ დადგენილებას, სასამართლოს განჩინებასთან ერთად, შეიტანს ინტერპოლში, რომ ინტერპოლმა მოძებნოს საერთაშორისო დონეზე კონკრეტულად ეს ბრალდებული პიროვნება. რაც შეეხება იმუნიტეტს, მას იმუნიტეტი არ აქვს, ვინაიდან ის ამჟამად პრეზიდენტი არ არის და, აქედან გამომდინარე, ეს შემთხვევა განიხილება ისე, როგორც არაიმუნიტეტის მქონე პიროვნების საკითხი განიხილება, ზოგადად“.

გადასცემს თუ არა საქართველოს მიხეილ სააკაშვილს, დამოკიდებულია იმ ქვეყნის გადაწყვეტილებაზე, რომელშიც ის იმყოფება, გირაოს ან თავდებობის შეფარდების შემთხვევაში კი პროკურატურა ინტერპოლით ძებნის საშუალებას მოკლებულია.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის, განმარტებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწმის სტატუსით დაბარება იყო თვალთმაქცობა და ფარისევლობა, ვინაიდან დაკითხვაზე დაბარებიდან სამ საათში პროკურატურამ ბრალის წარდგენის შესახებ დადგენილება გამოაქვეყნა:

ამ ეტაპზე შურისძიების წყურვილი შეუჩერებელია, მე კი ნამდვილად არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ამ ფარსში და საქართველოსა და მის ბუნებრივ დემოკრატიულ მოკავშირეებს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გავხდე. მით უფრო მაშინ, როდესაც ეს გამოძახება არის რუსული "გაზპრომის" ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის, ივანიშვილის, პირდაპირი პასუხი ჩემს აქტიურობაზე უკრაინის დასახმარებლად...
მიხეილ სააკაშვილი

„როგორც ჩანს, თავიდანვე ჰქონდათ ეს ბრალის დადგენილება და ისე იბარებდნენ მოწმის სახით კანონის გვერდის ავლით და რაც შეეხება იმ მოთხრობას, რომელიც პროკურორმა წაიკითხა, თუ როგორ არის იგი მტკიცებულებებით გამყარებული, ჩემთვის უცნობია, ვინაიდან საქმის მასალებს არ ვიცნობ... ბადრი პატარკაციშვილს დაგეგმილი ჰქონდა შინაგან საქმეთა მინისტრის დაძინება. ყველამ მოვისმინეთ ეს. პროკურატურამ თქვა, რომ ეს კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი და როგორ ჩასვამენ ახლა კონტექსტში, მაინტერესებს. ამ ადამიანს სახელმწიფო გადატრიალება უნდა მოეხდინა და მის წინააღმდეგ იქნა გატარებული ზომები სახელმწიფოს თანამდებობის პირების მიერ. ეს არის ის, რაც თვალნათელია ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, რომელმაც მოისმინა, თუ როგორ აპირებდა რუსი ოლიგარქი, აწ გარდაცვლილი, შინაგან საქმეთა მინისტრის ნეიტრალიზაციას და ეს მას არ გამოუვიდა“.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალდების წაყენებას გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ და კოალიცია „ქართული ოცნებაც“. თუ სახელისუფლო გუნდი აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, და გამოთქვამს იმედს, რომ შეძლებს საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნოს, რომ პროკურატურა გამოუძიებელი საქმეების სამართლებრივი გამოძიებითაა დაკავებული და არა პოლიტიკური ანგარიშსწორებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ პროკურატურა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, უშუალო მითითებით ხელმძღვანელობს, რათა რუსეთის ხელისუფლებას აამოს.

მიხელ სააკაშვილი საკუთარი ფეისბუკის გვერდზე პროკურატურაში ჯერ მოწმედ დაბარებას გამოეხმაურა და „ფარსში მონაწილეობის მიღებაზე“ უარი განაცხადა:

„ამ ეტაპზე შურისძიების წყურვილი შეუჩერებელია, მე კი ნამდვილად არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ამ ფარსში და საქართველოსა და მის ბუნებრივ დემოკრატიულ მოკავშირეებს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გავხდე. მით უფრო მაშინ, როდესაც ეს გამოძახება არის რუსული "გაზპრომის" ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის, ივანიშვილის, პირდაპირი პასუხი ჩემს აქტიურობაზე უკრაინის დასახმარებლად. როდესაც მე საქართველოში ჩამოსვლას გადავწყვეტ, ვერანაირი რუსი ოლიგარქი ვერ შემაჩერებს, მაგრამ სამართლებრივი დევნის დაწყებით ის ასიამოვნებს მხოლოდ ერთადერთ სუბიექტს - რუსეთს - და პრობლემას აჩენს ჩვენს ყველა ტრადიციულ მოკავშირესთან და ეს არ შეიძლება არ მაწუხებდეს!“

მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში მოწმის სახით ორჯერ იყო დაბარებული, მაგრამ ერთხელაც არ გამოცხადდა. პრუკურატურა თანახმა იყო მის დისტანციურად დაკითხვაზეც.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ პროკურატურის ინტერესს 24 მარტს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნული იყო რომ "არავინ არ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ერთდროულად რამდენიმე საქმის გამოძიებაში ყოფილი პრეზიდენტის ჩართვა ბადებს ლეგიტიმურ შეშფოთებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, მით უფრო, როცა სამართლებრივი და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფეა".

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) აღმასრულებელი დირექტორის, ზვიად დევდარიანის, თქმით, ხელისუფლებას ორმაგი წნეხის ქვეშ მოუწევს ზუსტი სამართლებრივი პასუხის გაცემა ბრალდებებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს წარედგინა - ეს იქნება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ყურადღება, მით უფრო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.

ექსპერტთა ნაწილის აზრით, ნაკლებ სავარაუდოა მიხეილ სააკაშვილი თბილისში ჩამოვიდეს დასაკითხად. ასევე, იმ ფონზე, როდესაც სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების გადმოცემაზე საქართველოს პროკურატურას უარი უთხრეს, მიხეილ სააკაშვილის გადმოცემაც გაჭირდება.