პრემიერიც და პრეზიდენტიც ნიუ-იორკში

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ-იორკში შეხვედრებს მართავს საქართველოდან ჩასული ორი დელეგაცია: ერთი – პრემიერ ღარიბაშვილის, ხოლო მეორე – პრეზიდენტ მარგველაშვილის ხელმძღვანელობით. თუმცა 1 ოქტომბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ტრიბუნიდან, გენერალური დებატების ფარგლებში, მსოფლიოს ლიდერებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმართავს. პარალელურად, საქართველოში არ ცხრება მსჯელობა თემაზე – უქმნის თუ არა საქართველოს უხერხულობას ორი დელეგაციით სტუმრობა გაეროს გენასამბლეის ფარგლებში.

შეხვედრები გაიანას პრეზიდენტ დევიდ არტურ გრეინჯერთან, ტოგოს პრეზიდენტ ფორ გნასინგბესთან, ეკვატორული გვინეის ვიცე-პრეზიდენტ თეოდორო ნგუემა ობიან მანუესსთან, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ–მინისტრ ტონი ბლერთან თუ აშშ-ის დემოკრატ კონგრესმენ ელიოტ ენგელსთან – ეს ჩამონათვალი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიუ-იორკული დღის წესრიგის ერთი ნაწილია. აქვე, მაგრამ საგანგებოდ მოიხსენიება ხანმოკლე შეხვედრა და მისალმება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და შედარებით ხანგრძლივი შეხვედრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდთან,რომლის დროსაც, ოფიციალური წყაროს ცნობით, „მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და დემოკრატიული რეფორმები განიხილეს“.

ვიდრე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გენერალურ დებატებში მიიღებს მონაწილეობას, ოპონენტებმა უკვე მოასწრეს მისი გაკრიტიკება იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა არასათანადოდ გაამახვილა ყურადღება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა თემაზე 26 სექტემბერს,როცა ის სიტყვით გამოვიდა გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე. თუმცა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განუმარტა საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს", კრიტიკა უსაფუძვლოა, რადგანაც გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე გამომსვლელები შეზღუდული არიან როგორც დროში, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისითაც და რომ ოკუპაციასთან დაკავშირებულ მთავარ სათქმელს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენასამბლეის ტრიბუნიდან მიმდინარე კვირის ხუთშაბათს იტყვის.

საქართველოში ჩვენ ვაყალიბებთ კონსოლიდირებულ კანონმდებლობას, რომელიც თავს მოუყრის რეგულაციებს ინფორმაციის თავისუფლების ახალი სტანდარტების დასამკვიდრებლად, ღიაობის პრინციპზე დაყრდნობით...
ირაკლი ღარიბაშვილი

მართალია, მდგრადი განვითარების მიზნების ჭრილში, მაგრამ ოკუპაციის პრობლემა მაინც იყო ნახსენები საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შაბათის გამოსვლაში. როდესაც მდგრადი განვითარების მე-16 მიზანზე ლაპარაკობდა, რაც მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობას გულისხმობს, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის ეფექტიანი მუშაობის განმაპირობებელ უმთავრეს პრინციპებს წარმოადგენს: გამჭვირვალობა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საჯარო ინსტიტუტების მიუკერძოებლობა. ითქვა, რომ მთავარი პრინციპები აქტუალურია მთელი საქართველოსთვის:

"საქართველოში ჩვენ ვაყალიბებთ კონსოლიდირებულ კანონმდებლობას, რომელიც თავს მოუყრის რეგულაციებს ინფორმაციის თავისუფლების ახალი სტანდარტების დასამკვიდრებლად, ღიაობის პრინციპზე დაყრდნობით. ცხადია, ეს მიზნები უნდა ეხებოდეს ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს. იმ პირობებში, როცა საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია უცხო ძალის მიერ და ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იძულებით არის გადაადგილებული, ჩვენ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი საჭიროებების დაკმაყოფილება“.

აბსოლუტური აუცილებლობაა რუსეთთან საუბარი. თუმცა ამ საუბრისთვის დრო უნდა მომწიფდეს და თვითონ რუსული პოლიტიკური ხელმძღვანელობა და რუსული შიდაპოლიტიკური დისკურსი რაღაცაზე უნდა იყოს ორიენტირებული, სანამ საერთოს დავინახავთ... არც ერთი ეს ომი მართლა არაფრის მომტანი არ არის რუსეთისათვის...
გიორგი მარგველაშვილი

შაბათს გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან კიდევ რამდენიმე მიზანზე გაამახვილა ყურადღება, რაც მოიცავს: ჯანმრთელობის უზრუნველყოფას, ენერგორესურსების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობას – მდგრად ინდუსტრიალიზაციასა და ინოვაციების ხელშეწყობას. პრემიერი ღარიბაშვილი, სიტყვით გამოვიდა ასევე 27 სექტემბერს, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდის საკითხებზე მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე.

რაც შეეხება კვლავ ოკუპაციისა და რუსეთთან ურთიერთობების თემას, ამ საკითხებზე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უფრო მეტი ილაპარაკა 27 სექტემბერს, დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს. საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ რუსეთთან საუბარი არჩევანისა და გემოვნების თემა არ არის:

„აბსოლუტური აუცილებლობაა რუსეთთან საუბარი. თუმცა ამ საუბრისთვის დრო უნდა მომწიფდეს და თვითონ რუსული პოლიტიკური ხელმძღვანელობა და რუსული შიდაპოლიტიკური დისკურსი რაღაცაზე უნდა იყოს ორიენტირებული, სანამ საერთოს დავინახავთ... არც ერთი ეს ომი მართლა არაფრის მომტანი არ არის რუსეთისათვის... საქართველოს ოცი პროცენტის ოკუპირება რუსეთთან მიმართებაში არც ერთ რუსულ პრობლემას არ წყვეტს“.

შეიძლებოდა, სულ მცირე, პრეზიდენტი და პრემიერი ერთ დელეგაციაში მაინც ჩამჯდარიყვნენ და ისე გაენაწილებინათ როლები, რომ თავ–თავიანთი დღის წესრიგი განეხორციელებინათ...
გიორგი გობრონიძე

დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარდა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემისა და რუსეთთან ურთიერთობის შესახებ პრეზიდენტ მარგველაშვილს კიდევ არაერთ შეხვედრაზე მოუწევს ლაპარაკი. ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, იგეგმება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და საჯარო გამოსვლები, მაგალითად, კონექტიკუტის სანაპირო დაცვის აკადემიაში (Coast Guards Academy) თუ ფორდჰეიმის უნივერსიტეტში. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლების განრიგში ასევე ვხვდებით ლიტვის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიას, სახელწოდებით „აღმოსავლეთ ევროპის მომავალი, ქალთა როლის გაძლიერება". ოფიციალური წყაროს ცნობით, სამუშაო ვიზიტის (https://www.president.gov.ge/ge/PressOffice/News?9763) ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი 29 სექტემბერს ვაშინგტონს ეწვევა, სადაც დაგეგმილია შეხვედრები სენატორებსა და კონგრესმენებთან, მათ შორის, სენატორ ჯონ მაკკეინთან. გიორგი მარგველაშვილი შეხვდება ასევე მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტებსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს. დაგეგმილია სხვა არაერთი შეხვედრაც.

როგორც ვხედავთ, დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში შეხვედრებითა და გამოსვლებით დატვირთულია როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე პრეზიდენტის ამერიკული ტურნეს დღის წესრიგი. საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე მათ რიცხვს მიეკუთვნება, ვინც თვლის, რომ საქართველოდან უმაღლესი დონის ორი დელეგაციის ერთდროული ვიზიტი აშკარა უხერხულობას ქმნის:

„შეიძლებოდა, სულ მცირე, პრეზიდენტი და პრემიერი ერთ დელეგაციაში მაინც ჩამჯდარიყვნენ და ისე გაენაწილებინათ როლები, რომ თავ-თავიანთი დღის წესრიგი განეხორციელებინათ. ორი დელეგაციით ჩასვლა თვითონ ქვეყანას წარმოაჩენს არცთუ ისე სერიოზულად, ჩემი აზრით“.

სხვა არაერთი ანალიტიკოსის მსგავსად, ისიც მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებში ორი დელეგაციით ჩასვლა საქართველოს კარგი მხარით არ წარმოაჩენს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, რადგანაც ყველასათვის ნათელი ხდება დაპირისპირებისა და კინკლაობის არსებობა ხელისუფლების უმაღლეს შრეებში.