პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მსჯელობდა საკანონმდებლო ინიციატივაზე: გაუქმდეს საჯარო სექტორის მაღალი თანამდებობის პირთა პრემირება. საკანონმდებლო ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატს, ზაქარია ქუცნაშვილს, ეკუთვნის. ინიციატივას პოპულისტურს უწოდებს საპარლამენტო უმცირესობა, მას არც უმრავლესობის ნაწილი იზიარებს. ვის და რატომ უნდა აეკრძალოს პრემიის მიღება?
„კარგი მუშაობისთვის პრემიის მიღების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, ჩვენ ისედაც კარგად უნდა ვიმუშაოთ“, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, როდესაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე საუბრობდა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტში. როგორც საკითხის განხილვისას ზაქარია ქუცნაშვილმა განმარტა, პროექტის მიზანი მთავრობის მიერ საჯაროდ გამოცხადებული "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის მხარდაჭერაა, რამდენადაც, მისი მიღების შემთხვევაში, ბიუჯეტიდან 4,5-მილიონი ლარის დაზოგვა იქნება შესაძლებელი.
არაერთხელ მითქვამს და უნდა ვთქვა, რომ საჯარო სამსახურში მუშაობენ ძალიან ღირსეული ადამიანები და მათ ღირსეული შრომის ანაზღაურება სჭირდებათ. ჩვენ მზად ვართ ყველასთან კომუნიკაციისთვის, მაგრამ მოწესრიგება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს პრემია არ მივცეთ. ვინც დაიმსახურა, ის აუცილებლად მიიღებს პრემიას...ნოდარ ხადური
თუმცა, მისივე თქმით, საკანონმდებლო ინიციატივას ორი ნოდარი - ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ ებანოიძე - ეწინააღმდეგება.
„ორი ნოდარია ამის წინააღმდეგი, ერთი - ხადური და მეორე - ებანოიძე. ებანოიძის პოზიციას მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, რისთვისაც მე კომიტეტის მადლობელი ვარ. რაც შეეხება ბატონ ხადურს, მე მას ვუთხარი და ახლაც ვამბობ, რომ არ შეიძლება საჯარო მოსამსახურეების ღირსება გავზომოთ პრემიის აღების უფლებით, ისევე როგორც მიმაჩნია, რომ სტერეოტიპი იმის თაობაზე, რომ საჯარო მოსამსახურე ვერ იმუშავებს პატიოსნად, თუ მისი თანამდებობრივი სარგო იქნება მხოლოდ 2-3 ათასი ლარი და არა მეტი, ეს სტერეოტიპი დასანგრევია“.
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, პრემიის აღება უნდა აეკრძალოთ პარლამენტის წევრებს, მინისტრებს და მის მოადგილეებს; აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, მთავრობათა თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს; ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და საბჭოს წევრებს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს;მოსამართლეებს; მთავარ პროკურორს და მის მოადგილეებს; იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მის მოადგილეს; საკრებულოების თავმჯდომარეებს, მერებს და გამგებლებს და სხვებს. ჯამში, საუბარია 746 თანამდებობის პირზე.
მაგრამ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ხათუნა გოგორიშვილის თქმით, ეს შეზღუდვა უნდა გავრცელდეს ასევე, მაგალიათად, „საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარეზე, რომელსაც თვეში 27ათასი ლარი აქვს ხელფასი, ასევე რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე და სხვა. ამასთან, ხათუნა გოგორიშვილის თქმით, 2014 წლის ივლისში პრემიერის მიერ მიღებული ბრძანების თანახმად, მინისტრები აღარ იღებენ პრემიებს, მაგრამ მინისტრის მოადგილეები და სხვა თანამდებობის პირები იღებენ სხვა სახის ანაზღაურებას. ამიტომ მას ჰქონდა კითხვა, რატომ არის კანონპროექტში მხოლოდ სიტყვა „პრემია“ და არა სხვა ფულადი დანამატი:
„ყოველთვე ყველა მინისტრის მოადგილეს, მინისტრების გარკვეულ რაოდენობას აქვთ დანამატი. დანამატის გარდა, არის ანაზღაურების კიდევ სხვა ფორმა, ამას ჰქვია დახმარება. არსებობს ასევე ფულადი ჯილდოები. შესაბამისად, თქვენი კანონის მიღების შემთხვევაში, ბიუჯეტის თანხა კი არ დაიზოგება, სიტყვა „პრემია“ შეიცვლება სხვა სიტყვებით, რაც აქამდეც მოხდა მთავრობის დადგენილების მიღების შემდეგ“.
პარლამენტის საპროცედურო კომიტეტში საათზე მეტხანს გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა. დეპუტატებს ცვლილებების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდათ. თუმცა ცვლილებებს ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. მისი თქმით, „საჯარო სამსახურში მუშაობენ ძალიან ღირსეული ადამიანები და მათ ღირსეული შრომის ანაზღაურება სჭირდებათ“:
„მე მგონი, ღია კარს ვამტვრევთ, იმიტომ რომ პრემირების სისტემა არის მოწესრიგებული მინისტრების დონეზე. რაც შეეხება ზოგადად შრომის ანაზღაურებას, არაერთხელ მითქვამს და უნდა ვთქვა, რომ საჯარო სამსახურში მუშაობენ ძალიან ღირსეული ადამიანები და მათ ღირსეული შრომის ანაზღაურება სჭირდებათ. ჩვენ მზად ვართ ყველასთან კომუნიკაციისთვის, მაგრამ მოწესრიგება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს პრემია არ მივცეთ. ვინც დაიმსახურა, ის აუცილებლად მიიღებს პრემიას“.
იმ აზრს, რომ საჯარო სექტორში არსებული სახელფასო და პრემირების სისტემა შესაცვლელია, იზიარებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი სულხან სალაძე:
„თუ ჩვენ შევზღუდავთ პრემიის ნაწილს, ეს ავტომატურად გაააქტიურებს დანამატების თემას. და როცა მთავრობამ გასულ წელს მიიღო ეს რეგულაცია პრემიების გაუქმების თაობაზე, ამას ავტომატურად მოჰყვა დანამატების ზრდა. ამიტომ, რა ვიცი, ეს რამდენად კარგი გამოსავალი იქნება, თუმცა ის პრაქტიკა, რაც დღეს გვაქვს საქართველოში, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“.
პრემირების წესთან დაკავშირებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტის ორმა კომიტეტმა უკვე დაუჭირა მხარი. საპროცედურო კომიტეტის უარის მიუხედავად, ზაქარია ქუცნაშვილი მის გატანას კენჭისყრაზე მაინც აპირებს. ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის, „ნაციონალური მოძრაობის“, წარმომადგენელი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე, თავის მხრივ, გეგმავს თანამდებობრივი სარგოების ზღვრის დაწესების თაობაზე ინიციატივით მიმართოს პარლამენტს. მისი თქმით, ეს, პირველ რიგში, „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელის ხელფასს შეეხება. აკაკი ბობოხიძის თქმით, საქართველოში არანორმალური ხელფასების დრო უნდა დასრულდეს და სახელფასო ზედა ზღვარი დაწესდეს.