პოლიტიკა, სამართალი და ოლიმპიადა

გასული კვირა საქართველოში პოლიტიკურად დატვირთული აღმოჩნდა. თანამდებობა დატოვა ორმა მინისტრმა - ორივემ რესპუბლიკური პარტიიდან. წინასაარჩევნო პერიოდის ფონზე იძაბება სამართლებრივი ვითარებაც. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საარჩევნო კოდექსის დარღვევის გამო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას მოითხოვს.

გასული კვირის დასაწყისში განახლდა დისკუსია სავიზო ლიბერალიზაციის თაობაზე თურქეთსა და ევროკავშირს შორის. თურქეთს სურს პროცესის დაუყოვნებლივ დაწყება, სხვა შემთხვევაში კი იმუქრება, რომ აღარ შეასრულებს ვალდებულებებს, რომლებიც მიგრანტებთან დაკავშირებით მარტში იკისრა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ.

Your browser doesn’t support HTML5

პოლიტიკა, სამართალი და ოლიმპიადა

სავიზო ლიბერალიზაციას ევროკავშირისგან საქართველოც ელოდება. საქმე ისაა, რამდენად შეიძლება ამ პროცესზე გავლენა იქონიოს თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობამ.

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთთან დაკავშირებული არაა, თუმცა, როგორც პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, არსებობს ერთი საფრთხე, რომ ევროკავშირი მოერიდება ანკარის გაღიზიანებას და თურქეთის სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის გაჭიანურებასთან ერთად შეიძლება გაჭიანურდეს საქართველოს საკითხიც:

„თუმცა ევროკავშირში კარგად ესმით, რომ საქართველოს, ასე ვთქვათ, დასჯა, თურქეთთან, უკრაინასთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან დაკავშირებული ინტერესების გამო, არ იქნებოდა სამართლიანი და ეს იქნებოდა არასწორი გზავნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნებისთვის“.

1 აგვისტოს თანამდებობა დატოვეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა. პრემიერ-მინისტრმა მათ ნაცვლად ლევან იზორია და ქეთევან ციხელაშვილი წარადგინა.

მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების წარდგენა

ამრიგად, მთავრობის რიგებში არ დარჩა არც ერთი მინისტრი რესპუბლიკური პარტიიდან. რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ისინი მზად იყვნენ არჩევნებამდე თანამდებობაზე დარჩენილიყვნენ, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ არ ისურვა მრავალპარტიული მთავრობა.

კვირის დასაწყისშივე ამოქმედდა ტექნიკური რეგლამენტი რძის ნაწარმის შესახებ, რომლის მიხედვითაც მწარმოებლებს აღარ აქვთ უფლება ბაზარზე გამოტანილ პროდუქციას, რომელიც მცენარეულ ცხიმზე მზადდება, უწოდონ „რძის მსგავსი“, „არაჟნისებრი“ და ა. შ.

„დასახელებები: „რძე“, „მაწონი“, „კარაქი“, „ხაჭო“ თუ „არაჟანი“ შესაძლებელია გამოიყენონ მხოლოდ იმ პროდუქტებზე, რომლებიც დამზადებულია მხოლოდ ნედლი რძისგან ან აღდგენილი რძისგან და შეიცავს მხოლოდ რძისთვის დამახასიათებელ კომპონენტებს, ხოლო რძის შემცველი პროდუქტისთვის ისეთი მიმსგავსებული ბოლოსართით, როგორიცაა „სებრი“ ან „მსგავსი“, იკრძალება“, ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი, კახა სოხაძე.

მწარმოებლები ამის შესახებ 1 წლის წინ იყვნენ გაფრთხილებულები.

ზოგიერთმა კომპანიამ სრულიად ამოიღო წარმოებიდან მცენარეულ ცხიმზე დამზადებული პროდუქცია, ხოლო ვინც არა, კანონის თანახმად, მოუწევს მათთვის ახალი სახელი შეარჩიოს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ითხოვს მიხეილ სააკაშვილის დაჯარიმებას, რადგან მან, ორგანიზაციის მტკიცებით, დაარღვია საარჩევნო კოდექსი, როდესაც 31 ივლისს ჩაერთო „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატთა წარდგენის წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში.

როგორც ვიცით, საარჩევნო კოდექსი კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და ამ წესის დარღვევისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით...
ფრიდონ ბათნიძე

საქმე ისაა, რომ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს უფლება ჩაერთოს წინასაარჩევნო აგიტაციაშიო, განმარტავს ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი ხიმშიაშვილი.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსი ფრიდონ ბათნიძე ამბობს, რომ ეს დარღვევის შესახებ შემოსული პირველი საჩივარია:

“როგორც ვიცით, საარჩევნო კოდექსი კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და ამ წესის დარღვევისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, თუმცა ეს უკვე გამოსაკვლევი და გადასაწყვეტია, რამდენად შესაძლებელია ამის განხორციელება“.

მიხეილ სააკაშვილი ამ ამბავს ფეისბუკგვერდზე გამოეხმაურა. ის წერს, რომ უკვირს, თუ რატომ გაამახვილა ამ თემაზე ყურადღება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და მოუწოდებს მათ გაიხსენონ, „რატომ ჩამოერთვა მოქალაქეობა“.

5 აგვისტოს გაიმართა კონფერენცია, სადაც განიხილეს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დაგროვილი პრობლემები და გადაწყვეტის გზები. როგორც მურმან მარგველაშვილი, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“, ამბობს, საჭიროა წინასაარჩევნო პერიოდში გაიზარდოს ამ თემაზე პოლიტიკური დებატების ხარისხი:

“ერთ-ერთი თემა, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, იყო, რომ ტარიფის შემცირება ხელოვნურად არის მავნე საზოგადეობის და ენერგეტიკის განვითარებისთვის და ეს არის ღარიბების ხარჯზე მდიდრების დახმარება. ამიტომ საზოგადოებამ ეს უნდა გააცნობიეროს კარგად და პოლიტიკოსებმაც არ უნდა გამოიყენონ, იმიტომ რომ რასაც ამ შემთხვევაში გვთავაზობენ ხოლმე, როგორც მიჩვეული ვართ წინასაარჩევნო კამპანიებში, ეს არის ცალსახად ერთობლივი დოვლათიდან მეტის მიცემა მდიდრებისთვის...“

ჩემი ვარაუდით, რიოდან 8-9 მედალი უნდა წამოვიღოთ. რამდენი იქნება მათგან ოქრო, ეს, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ოქროს მედალს სხვა ფასი აქვს...
ელგუჯა ბერიშვილი

ენერგეტიკის კუთხით ქვეყნის უმთავრეს პრობლემად კონფერენციაზე დასახელდა ენერგეტიკული სექტორის ფუძემდებლური სტრატეგიული და პროგრამული დოკუმენტების არარსებობა, პრობლემები კანონმდებლობაში, მართვის ცენტრალიზებული სისტემა, ინვესტიციების მოზიდვის სირთულე და სხვა.

ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში 6 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა ზაფხულის 36-ე ოლიმპიური თამაშები. 16-დღიან სანახაობაში მონაწილეობას იღებენ სპორტსმენები 206 ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან. საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში ამბობენ, რომ იმედი აქვთ, 40 ქართველი სპორტსმენიდან მედალს 7 ან რვა მაინც აიღებს.

​„ლონდონის ოლიმპიადაზე რაოდენობრივად ყველაზე მეტი მედალი მოვიპოვეთ - შვიდი. რაც შეეხება ჩემპიონებს, დამოუკიდებლობის წლებს ვგულისხმობ, გვყავდა პეკინის ოლიმპიადაზე სამი ჩემპიონი. ახლა კი, ჩემი ვარაუდით, რიოდან 8-9 მედალი უნდა წამოვიღოთ. რამდენი იქნება მათგან ოქრო, ეს, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ოქროს მედალს სხვა ფასი აქვს“, ამბობს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.

ოლიმპიური თამაშები ბრაზილიაში 21 აგვისტოს დასრულდება.