აშშ-ის სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ისტორიული მომენტები
1954 წლის 21 მაისს 17 წლის შავკანიანი სტუდენტი, ნათანიელ სტიუარდი გაკვეთილს ჰყვება ვაშინგტონის წმინდა დომინიკის სახელობის სკოლაში. ეს სკოლა ერთ-ერთი პირველი იყო იმ სკოლებს შორის, რომლებშიც შავკანიან და თეთრკანიან მოსწავლეებს ერთად უტარდებოდათ გაკვეთილები. ერთობლივი გაკვეთილების ჩატარება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ისტორიულ საქმეში “ბრაუნი განათლების საბჭოს წინააღმდეგ” აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო რასობრივი სეგრეგაცია სკოლებში.
1954 წლის 17 მაისს ადვოკატები თერგუდ მარშალი (ცენტრში), ჯორჯ ჰეისი (მარცხნივ) და ჯეიმს ნებრიტი ზეიმობენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტორიულ საქმესთან დაკავშირებით – “ბრაუნი განათლების საბჭოს წინააღმდეგ”. უზენაესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სკოლებში რასობრივი სეგრეგაცია. 1967 წელს, თერგუდ მარშალი უზენაესი სასამართლოს პირველი აფროამერიკელი წევრი გახდა.
ემეტ ტილი, 14 წლის ჩიკაგოელი ბიჭი, თავის ნათესავებს სტუმრობდა მისისიპიში, როდესაც ის მოიტაცეს, სასტიკად სცემეს, ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს და მდინარეში გადააგდეს. ორმა თეთრკანიანმა თავდამსხელმა სასამართლოში განაცხადა, რომ მათ ტილი იმიტომ მოკლეს, რომ მან თეთკანიან ქალს დაუსტვინა. მხოლოდ თეთრკანიანებისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ისინი გაამართლა. ეს სამოქალაქო უფლებების მოძრაობისთვის განსაკუთრებულად გახმაურებული საქმე გახდა.
სამოქალაქო უფლებების მოძრაობის აქტივისტი, როზა პარკსი მარტინ ლუთერ კინგთან ერთად 1955 წელს. პარკსი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უარი თქვა ავტობუსში თეთრკანიანი მგზარისთვის ადგილის დათმობაზე. მისმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობამ გამოიწვია მონტგომერიში ავტობუსების ბოიკოტის დაწყება –საპროტესტო კამპანიისა, რომელიც ალაბამის შტატის სამოქალაქო ტრანსპორტში არსებული სეგრეგაციის წინააღმდეგ იყო მიმართული.
1956 წელს როზა პარკსი ჟურნალისტთან ერთად ზის ავტობუსის წინა ნაწილში ალაბამის შტატის ქალაქ მონტგომერიში, მას შემდეგ, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო ქალაქის სატრანსპორტო საშუალებებში სეგრეგაცია. სასამართლო პროცესი პარკსის და მისი თანამოაზრე აქტივისტების მიერ წამოწყებული ავტობუსების ბოიკოტის შედეგი იყო.
1957 წლის 25 სექტემბერს არკანზასის შტატში, ლიტლ-როკის სკოლასთან ცხრა შავკანიან ბავშვს თან ახლავს აშშ-ის საპარაშუტო ჯარების ჯგუფი. პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა განკარგულება გასცა მთავრობის სამხედრო ძალების მიერ შავკანიან ბავშვთა დაცვის თაობაზე. სამხედრო ძალებს აგრესიული დემონსტრანტებისგან უნდა დაეცვათ შავკანიანი ბავშვები, რომლებმაც “თეთრკანიანთა სკოლაში” დაიწყეს სიარული. არკანზასის შტატის გუბერნატორმა, ორვალ ფობუსმა შტატის არაფორმალურ შენაერთებს უბრძანა შავკანიანი ბავშვები სკოლაში არ შეეშვათ.
1964 წელს აქტივისტი სტუდენტები, რომლებიც ოჰაიოს შტატის დასატოვებლად და მისისიპიში გასამგზავრებლად ემზადებიან შავკანიანი ამომრჩევლების დასარეგისტრირებლად, ხელიხელჩაკიდებულები მღერიან. ამომრჩეველთა რეგისტრაციის კამპანია “თავისუფლების ზაფხულის” სახელით იყო ცნობილი.
1963 წლის 8 აგვისტოს ნიუ-იორკის მერიის წინ გამართული აქციის დროს შავკანიანი და თეთრკანიანი დემონსტრანტები ერთად იბამენ თავს ჯაჭვით.
1963 წლის 28 აგვისტოს სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერი და სასულიერო პირი მარტინ ლუთერ კინგი (მარცხნიდან მესამე) მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად მონაწილეობს “ვაშინგტონზე თავისუფლებისა და დასაქმების მოთხოვნით მარშში”. მსვლელობაში 200 000-ზე მეტმა აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა. კინგმა მარშს “აშშ-ის ისტორიაში თავისუფლების ყველაზე დიდი გამოხატულება” უწოდა.
“ვაშინგტონზე მარშისას” აქტივისტები აშშ-ის კონგრესის შენობიდან ლინკოლნის მემორიალისკენ მიემართებიან.
აშშ-ის პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი ხელს ართმევს მარტინ ლუთერ კინგს მას შემდეგ, რაც 1964 წლის 2 ივლისს ჯონსონმა თეთრ სახლში ხელი მოაწერა კანონს სამოქალაქო უფლებების შესახებ.
კორეტა სკოტ კინგი (მარჯვნიდან მეხუთე) სათავეში უდგას „მარშს მემფისზე“ 1968 წლის 9 აპრილს მას მერე, რაც ხუთი დღით ადრე მისი მეუღლე, მარტინ ლუთერ კინგი, ტენესის შტატის ქალაქ მემფისში იქნა მოკლული. კორეტასგან მარჯვნივ დგას წყვილის შვილი, იოლანდა თავის ძმებთან, მარტინთან და დექსტერთან ერთად.
1968 წლის 19 ივნისს ხალხი შეიკრიბა “ღატაკთა მარშზე” ვაშინგტონში. „ღატაკთა კამპანია“ 1968 წელს იყო ორგანიზებული მარტინ ლუთერ კინგისა და სამხრეთელ ქრისტიანთა ხელმძღვანელობის კონფერენციის მიერ. ისინი ამერიკის საზოგადოების ყველაზე ღატაკი ნაწილისთვის ეკონომიკურ დახმარებას ითხოვდნენ. ეს კამპანია 1968 წლის აპრილში, კინგის მკვლელობის შემდეგ, ახალი ხელმძღვანელობით ქვეშ გაგრძელდა.