ტერორი პირადი ცხოვრებით

14 მარტს სოციალურ ქსელებში კვლავ გავრცელდა ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები, რომლებსაც თან ახლავს მუქარის შემცველი ტექსტი. ვიდეოს გამავრცელებელი იმუქრება, რომ საზოგადოება იხილავს არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ ცნობილი ჟურნალისტების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს.

„თქვენ უარი თქვით სამართლიანობის აღდგენაზე და ხელი დააფარეთ „ნაცმოძრაობის“ სისხლიან რეჟიმს. თუ 31 მარტამდე არ წახვალთ თანამდებობიდან, დაიდება ახალი კადრები", აღნიშნულია ვიდეოს ტიტრებში. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.

14 მარტს გავრცელებული ვიდეომასალა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გარდა, ასევე შეიცავს მუქარის ტექსტს, რომლის ადრესატები მოქმედი პოლიტიკოსები არიან:

„მოგიწოდებთ ყველა პოლიტიკოსს და ელიტას, რომელზეც არსებობს ეს კადრები: დატოვოთ დაკავებული თანამდებობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა გაიგებს თქვენი სექსუალური აღვირახსნილობის, ორიენტაციისა და ნარკოთავაშვების შესახებ“.

ეს არის შეტევა პროდასავლურ ძალებზე როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში. და აქ არის გარკვეული მიზანი საზოგადოებაში ქაოსის შექმნისა და მოვლენების უმართავად ქცევისა. ყოველივე ეს (რასაც ვერ ვადასტურებთ, მაგრამ ასე ვხედავთ), პირველ რიგში, შედის ჩვენი მეზობელი ქვეყნის ინტერესებში. მას აწყობს ქაოსი ჩვენს ქვეყანაში...
ქეთი ხუციშვილი

მუქარის ტექსტში დასახელებულია რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირისა და ჟურნალისტის გვარი. ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით მასაც ემუქრებიან, თუმცა იქვე შენიშნა, რომ არ ეშინია შანტაჟის და არ აპირებს არც გაჩუმებას და არც ქვეყნიდან წასვლას:

„მე ინგა ვარ, გრიგოლია, - ქალი, შვილი, დედა და მეგობარი. მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება, ხოლო თქვენ კი, ვინც ჩემი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით მემუქრებით და მოითხოვთ, რომ ქვეყანა დავტოვო, პირობას გაძლევთ, თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვას და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ციხეში მრავალი წლით აღმოჩნდეთ ამ კადრების გადამღებიც და გამავრცელებელიც“.

ინგა გრიგოლიამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და გავრცელების მუქარა ტერორისტულ აქტს შეადარა, მთავარმა პროკურატურამ კი გამოძიება დაიწყო სისხლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელშიც ვკითხულობთ, რომ პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ანდა გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებულ ნაწარმოებში, მასობრივი მაუწყებლობით ან სხვა საჯარო გამოსვლისას, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ სახელმწიფო და მისი სამართალდამცავი სტრუქტურები შეძლებენ დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯას:

„თითოეულს გიპოვით და არ გაგივათ საქართველოში ადამიანების შეშინება და ტერორი. დილიდან აქტიურად ჩართული ვარ ამ თემის განხილვაში პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, ძალოვან უწყებებთან და მინდა დაგარწმუნოთ, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა, მთელი თავისი რესურსით, მობილიზებულია და კოორდინირებულად მუშაობს. შესაბამისად, იქნება ეფექტიც“.

თუმცა პრეზიდენტის ამ განცხადების პასუხად საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების სპეციალისტები ამბობენ, რომ დამნაშავეების, ანუ ვიდეოკადრების გამავრცელებელთა, გამოვლენა არ იქნება იოლი. გიორი მაჩიტიძის თქმით, ინტერნეტი თავისუფალი სივრცეა და შეუძლებელია ყველა მოწყობილობისა და აბონენტის კონტროლი.

„შეიძლება რომელიმე მომხმარებელმა ქუჩაში თავისუფალ WI-FI-ით მოახერხოს და ატვირთოს რაღაც ვიდეო და მისი თვალყურის დევნება, ე. წ. ტრეკინგი, ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რადგან ასეთი ადგილებიდან მოპოვებული ინფორმაცია არასაკმარისია იმისათვის, რომ მოხდეს მოწყობილობისა და, საბოლოოდ, მომხმარებლის იდენტიფიცირება. თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმ ბაზას და კანონმდებლობას, რაც ჩვენთან არის, არ ხდება ინდივიდუალური მოწყობილობების რეგისტრაცია, ძალზე ადვილია მათი შიდა მისამართების ცვლილება და, შესაბამისად, რამე ხელმოსაკიდის პოვნა ძალიან რთულია“, უთხრა გიორგი მაჩიტიძემ რადიო თავისუფლებას.

პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ვიდეომასალის გამოქვეყნება დაგმეს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დეპუტატ თამარ ხიდაშელის თქმით, თუკი პროცესი არ შეჩერდა, შეიძლება შედეგები კატასტროფული იყოს. მისი თქმით, ხელისუფლებამ საქმეზე უსწრაფესი რეაგირება უნდა უზრუნველყოს. ხელისუფლების ეფექტიან რეაგირებას ელოდებიან ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც კამპანია „ეს შენ გეხებაში“ არიან გაერთიანებული. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის კომენტარი:

ანა ნაცვლიშვილი

„კამპანია „ეს შენ გეხება“ ითხოვს შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ძალოვანი უწყებების პირველ პირებთან. ჩვენ მოვითხოვთ მათგან კითხვებზე პასუხებს, რა კეთდებოდა აქამდე ფარულ ჩანაწერებთან საბრძოლველად, რამდენად ქმედითი იყო ის პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა ამ მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ ძალიან სერიოზულ პრობლემებსა და შეცდომებს, რომლებიც დაშვებული იყო ამ გზაზე და ამიტომ მივედით ამ მდგომარეობამდე. ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ ეს გამოძიება არ სარგებლობს მაღალი ნდობით საზოგადოებაში, ამიტომ მოვითხოვთ სპეციალური საგამოძიებო ფორმატის შექმნას ამ კონკრეტული ფაქტების და, ზოგადად, ფარული ჩანაწერების საკითხთან დაკავშირებით“.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, შეიცვალოს კანონმდებლობის ის ნაწილი, რომელიც სრულად ვერ იცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა ასევე უნდა იცოდეს, რომ გატარებულმა რეფორმებმა ვერ უზრუნველყვეს სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზება. ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ქეთი ხუციშვილის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელება და გავრცელების მუქარით შანტაჟი საშიშროებას უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას.

„ეს არის შეტევა პროდასავლურ ძალებზე როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში. და აქ არის გარკვეული მიზანი საზოგადოებაში ქაოსის შექმნისა და მოვლენების უმართავად ქცევისა. ყოველივე ეს (რასაც ვერ ვადასტურებთ, მაგრამ ასე ვხედავთ), პირველ რიგში, შედის ჩვენი მეზობელი ქვეყნის ინტერესებში. მას აწყობს ქაოსი ჩვენს ქვეყანაში“, განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.