რუსი რეჟისორის ანდრეი ზვიაგინცევის ფილმმა „ლევიათანმა“საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის განკუთვნილი„ოქროს გლობუსი“ მოიპოვა. პრემია „ოქროს გლობუსს“ 1944 წლიდან გასცემს ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია და მისდამი ინტერესი საქართველოში წელს გამორჩეული იყო იმის გამო, რომ „ოქროს გლობუსზე“ წარდგენილ ნამუშევრებს შორის მოხვდა ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ფილმიც, „მანდარინები“. მაგრამ ჯილდო, როგორც ითქვა, „ლევიათანს“ ერგო. ეს ფილმი შესულია ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარზე“ წარსადგენი არაინგლისურენოვანი ფილმების შორტლისტშიც. ასე რომ, კონკურენცია ზაზა ურუშაძის „მანდარინებთან“ გრძელდება. რაც განსაკუთრებით სასიხარულია, „ოსკარის“ უცხოენოვანი ნომინანტების ხუთეულში მოხვედრის შანსი აქვს კიდევ ერთი ქართველი რეჟისორის ნამუშევარს - გიორგი ოვაშვილის „სიმინიდის კუნძულს“. თუმცა ოსკარზე სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა კი წარმოგიდგენთ წლევანდელი „ოქროს გლობუსის“ მფლობელ არაინგლისურენოვან ფილმს, ანდრეი ზვიაგინცევის „ლევიათანს“.
ვისაც რუსი მსახიობისა და რეჟისორის, ანდრეი ზვიაგინცევის ფილმის, „ლევიათანის“ თემაზე ან სიუჟეტზე სმენია, ხვდება სათაურით ფილმის ავტორის მინიშნებას. „ლევიათანი“ ეწოდება მე-17 საუკუნის დიდი ინგლისელი მოაზროვნის, თომას ჰობსის ნაშრომს, რომელშიც გამოთქმულია შეხედულება, რომ აუცილებელია არსებობდეს ძლიერი ცენტრალური ავტორიტეტი, სახელმწიფო ძალაუფლება, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამოქალაქო დაპირისპირებები.
რა ხდება ზვიაგინცევის ფილმში, როგორ სახელმწიფო ავტორიტეტს გვაჩვენებს ის?..
ჩრდილოეთ რუსეთში, ერთ პროვინციულ დასახლებაში, რიგითი მოქალაქე უპირისპირდება მერს, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს ამ მოქალაქის კუთვნილი მიწის მისათვისებლად პირადი მიზნებისათვის. მერი აგდებით, „მწერებად“ მოიხსენიებსხელქვეითებსა და თანაქალაქელებს და, არყით გაბრუებული, პირდაპირ ამბობს სათქმელს: არანაირი უფლებები არ გქონია, არა გაქვს და არც გექნებაო.
ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ამას ეუბნება, თავის მხრივ, სასმელით გაბრუებულ, უფლებაწართმეულ მოქალაქეს, რომლის ადვოკატიც - მასაც იხილავთ ნასვამ მდგომარეობაში- ამაოდ ციტირებს კანონებს კლიენტის უფლებების დასაცავად.
მინდა გითხრათ, რომ ფილმი უაღრესად პატრიოტულია, მაგრამ სრულიად განსხვავებულ კონტექსტში. და აქ ჩვენი გაგება, წარმოდგენები სილამაზეზე და იმაზე, თუ რა არის პატრიოტული და რა არა, სამწუხაროდ, განსხვავდება კულტურის მინისტრის მოსაზრებისაგან...ანდრეი ზვიაგინცევი
ამ ყველაფრის გამო, ალბათ, ბევრს გაუკვირდება, რომ „ლევიათანის“ 35% რუსეთის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული, რუსეთისვე მიერ არის წარდგენილი „ოსკარზე“, ნომინაციის იმედით. და ეს მაშინ, როცა რუსეთის კულტურის მინისტრს, ვლადიმირ მედინსკის, ნათქვამი აქვს, რომ მთავრობა არ დააფინანსებს ხალხს, რომელიც არა მარტო აკრიტიკებს, არამედ „ჩირქს სცხებს არჩეულ თანამდებობის პირებს“. ვგულისხმობ იმათ, ვინც ფილმებს იღებს „რუსეთი ნაგავიას“ პრინციპითო, უთხრა მინისტრმა გასულ თვეში ინტერნეტპორტალ ფონტანკა.რუს.
თვითონ „ლევიათანის“ რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევიც გაკვირვებულია ფილმისადმი რუსეთის მთავრობის მხარდაჭერით. მისთვის აშკარაა, რომ კულტურის მინისტრისაგან სრულიად განსხვავებული წარმოდგენა აქვს პატრიოტიზმზე. აი, რა თქვა მან რადიო თავისუფლების ტელეპროგრამა „ნამდვილ დროსთან“ ინტერვიუში:
„მინდა გითხრათ, რომ ფილმი უაღრესად პატრიოტულია, მაგრამ სრულიად განსხვავებულ კონტექსტში. და აქ ჩვენი გაგება, წარმოდგენები სილამაზეზე და იმაზე, თუ რა არის პატრიოტული და რა არა, სამწუხაროდ, განსხვავდება კულტურის მინისტრის მოსაზრებისაგან“, ამბობს ზვიაგინცევი.
აი, პატრიოტიზმის რა გაგებაა მიუღებელი „ლევიათანის“ ავტორისთვის: „პატრიოტიზმი, რომელიც ფარავს საზოგადოების ბნელ ადგილებს, პრობლემურ ადგილებს და ამბობს, რომ ჩვენთან ყველაფერი კარგად არის, რომ ჩვენ ყველას ვჯობივართ, ყველაზე ლამაზები ვართ - ასეთ პოზიციას ვერც კი უწოდებ პატრიოტიზმს. ეს არის პოზიცია უვიცი, შავბნელი მოზარდისა, რომელსაც არ სურს სიმართლე იცოდეს“.
ასეთი ინფანტილიზმით შეპყრობილი ადამიანი ნამდვილად ვერ მიიჩნევს პატრიოტულად ზვიაგინცევის ფილმს, რომელიც რუსეთის პირქუშ სურათს გვიხატავს. ის, მართლაც, რუსული ფილმია. გაზეთ „გარდიანს“ თუ დავესესხებით, უფრო რუსული ვერ გახდებოდა, ისეთი კლიშეც კი რომ ეჩვენებინათ, როგორიც ბალალაიკით მოცეკვავე დათვიაო.
თუმცა „ლევიათანის“ პრობლემატიკა რუსეთის საზღვრებს სცდება. „ეს ყველაფერი უნივერსალურია: ადამიანის ხვედრი დედამიწაზე - გქონდეს საქმე რაღაც უსულოსთან, მანქანის მსგავსთან. ყოველთვის ასე იყო, რუსეთშიც ასე იყო ყოველთვის. მე შემიძლია ჩემს ქვეყანაზე ლაპარაკი, რადგან აქ ვცხოვრობ, თავი რუსად მიმაჩნია, აქ მყოფ ადამიანად და, ვფიქრობ, ყველაფრის მცოდნედ იმის შესახებ, რაც რუსული სამყაროა“, - ამბობს ანდრეი ზვიაგინცევი.
ფილმის უნივერსალობას რაც შეეხება: „ლევიათანის“ სიუჟეტს საფუძვლად დაედო უცხოეთში - შეერთებულ შტატებში - მომხდარი ამბავი. 2004 წელს ერთი პროვინციული ქალაქის მკვიდრმა, ისე იყო გამწარებული ქალაქის მესვეურთა უსამართლობით, რომ ბულდოზერით დაანგრია მერიის შენობა და ყოფილი მერის სახლი.
11 იანვარს სწორედ შეერთებულ შტატებში მიენიჭა „ლევიათანს“ „ოქროს გლობუსი“ და მალე ისიც გადაწყდება, ამერიკის კინოაკადემიაც აღიარებს თუ არა რუსი რეჟისორის ნამუშევარს მსოფლიოში განვლილი წლის საუკეთესო არაინგლისურენოვან ფილმად. ამერიკის კინოაკადემია 15 იანვარს დაასახელებს „ოსკარზე“ წარსადგენ ხუთ ნომინანტს. მათ შორის შესაძლოა ვიხილოთ ქართველი რეჟისორების ფილმებიც. „ოსკარებით“ დაჯილდოების წლევანდელი ცერემონია კი 22 თებერვალს გაიმართება.