Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა ურუშაძე „ოქროს გლობუსზე“


ზაზა ურუშაძე - რეჟისორი
ზაზა ურუშაძე - რეჟისორი

„ამერიკის ხმის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ლოს ანჯელესში მყოფ კინორეჟისორ ზაზა ურუშაძესთან, რომლის ფილმი "მანდარინები" კვირას „ოქროს გლობუსის" მოპოვებისთვის იბრძოლებს.

კვირას „ოქროს გლობუსის“ ცერემონიალს საქართველოში განსაკუთრებული მოუთმენლობით ელოდებიან. ელიან ესტონეთშიც. ამის მიზეზი „მანდარინებია“ - ქართულ-ესტონური ერთობლივი პროდუქცია, რომელიც „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გახდა. ამერიკის კინოსამყაროში „ოქროს გლობუსს“ ბევრი „ოსკარებზე“ პრესტიჟულად თვლის და ნომინაციაც კი უზარმაზარ გამარჯვებად ითვლება. მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ ნომინირება ჰოლივუდის ყველაზე კრიტიკული და ნაკლებად კორუმპირებული ნაწილის -უცხოეთის პრესის ასოციაციის- აღიარებას ნიშნავს. მაყურებლის რაოდენობის მიხედვით „ოქროს გლობუსი“ ანალოგიურ ცერემონიალებს შორის მთელ მსოფლიოში მხოლოდ „ოსკარებს“ და შემდეგ მუსიკალურ ჯილდოს „გრემის“ ჩამორჩება. „ამერიკის ხმა“ ლოს ანჯელესში ჩამოსულ ზაზა ურუშაძეს, „მანდარინების“ რეჟისორს და სცენარის ავტორს, დაუკავშირდა. ინტერვიუს მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ.

როგორია „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი რეჟისორისთვის ცერემონიალის წინა დღეები ჰოლივუდში?

მეცხრე დღეა ჩამოსული ვართ და მთელი დღის განმავლობაში უამრავი შეხვედრა გვაქვს და სიმპოზიუმსაც ვესწრებით. ეხლა მოვდივართ პალმ სფრინგსის ფესტივალიდან, სადაც შარშან უკვე ვიყავით, მაგრამ წელს სხვა სტატუსით მიგვიწვიეს, როგორც „ოქროს გლობუსის“ ნომინანტები. მონაწილეობა მივიღეთ ასევე „ოსკარების“ ნომინაციის მოკლე სიის, ე.წ. შორთლისტის კანდიდატების პრესკონფერენციაში. ძალიან დატვირთული დღეები გვაქვს. უმეტესად მაინც ჩვენებები იმართება. მაყურებლის ისეთი დასწრებაა, რომ ბილეთები ყოველთვის წინასწარ გაყიდულია. ხანდახან ორ დარბაზში ერთდროულად მიდის „მანდარინების“ ჩვენება და ერთი თავისუფალი ადგილიც კი არ არის. თან მაყურებელი კარგად იღებს ფილმს, ძალიან კარგი რეაქციები აქვთ და ესეც მნიშვნელოვანია და ძალიან სასიამოვნო ჩემთვის. ვმუშაობთ-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ესეც მუშაობის სასიამოვნო ნაწილია. ჩვენების შემდეგ როგორც წესი, კითხვებზე ვპასუხობთ.

ვისთან ერთად ხართ ჩამოსული და „ოქროს გლობუსის“ ცერემონიალზე „მანდარინებს“ ვინ წარადგენს?

ოთხნი ვართ ლოს ანჯელესში. ჩემთან ერთად არიან ფილმის პროდიუსერი, მთავარი როლის შემსრულებელი და ესტონელი ჟურნალისტი. საქართველოდან მარტო მე ვარ. რაც შეეხება „ოქროს გლობუსის“ ცერემონიალს, იქ სამნი ვიქნებით: მე, პროდიუსერი ივო ფელტი და მთავარი როლის შემსრულებელი ლემბიტ ულფსაკი.

ბევრი ქართველი გულდაწყვეტილია იმით, რომ ფილმი ესტონეთის სახელით გადის. მე ის უფრო მაინტერესებს, თუ როგორ მოხდა ესტონეთის მხრიდან მანდარინების წარდგენა? ფილმი ძალიან მომეწონა, საქმე ამაში არ არის. შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩვენი გადასახედიდან, ნაკლებად წარმომიდგენია საქართველომ უცხოელი რეჟისორის ნამუშევარ წარადგინოს ოქროს გლობუსზე, ან ოსკარებზე.

ძალიან სწორი შეკითხვაა, იმიტომ რომ მეც ვერ წარმომიდგენია, რომ ესტონეთში ესტონელმა რეჟისორმა ფილმი გადაიღოს, ცოტა მეტი ქართული დაფინანსებით და საქართველომ ის ფესტივალებზე გაიტანოს. ხშირად მიფიქრია ამაზე, რთული იქნებოდა, ძნელი წარმოსადგენია და ალბათ საქართველო არც წარადგენს. მართალი გითხრა, ესტონეთშიც იყო ეს პრობლემა. კულუარულად ვიცი, რომ იქაც იყო ამაზე საუბარი: რატომ ქართველი რეჟისორის ნამუშევარი და ჩვენიანის არა? წარსადგენად დასახელებული იყო რამდენიმე მართლა საინტერესო ესტონური ფილმი და როცა შიდა კონკურსი გაიმართა, „მანდარინებმა“ მხოლოდ ერთი ხმით მოიგო. საბოლოო გადაწყვეტილებაზე ალბათ იმანაც იმოქმედა, რომ მანამდე ესტონეთში რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო ავიღეთ. ასეა თუ ისე, უნდა ითქვას, რომ ეს ნამდვილი კოპროდუქციაა, ანუ ფილმი შედგა, როგორც კოპროდუქცია. ქართველები აღიქვამენ, როგორც აბსოლუტურად ქართულ ფილმს, ესტონელები კი მას ესტონურად თვლიან. დიდი ფაქტორია ისიც, რომ ქართული საუბარი ფილმში არ არის, „მანდარინების“ ენა ესტონური და რუსულია.

ნომინაცია იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ოქროს გლობუსის ნომინანტ ფილმებს შეერთებული შტატების კინოეთეატრებისკენ ეხსნება გზა. გამოუჩნდა თუ არა ფილმს ამერიკელი დისტრიბუტორი?

ჩვენ გვყავს კანადელი დისტრიბუტორი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს. მაგრამ დაინტერესება ახლა უკვე კონკრეტულად ამერიკიდანაც წამოვიდა. რამდენადაც ვიცი, ჩვენი სააგენტო აწარმოებს მოლაპარაკებებს სერიოზულ კომპანიებთან და ვნახოთ, რა იქნება, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.

კადრი ფილმიდან "მანდარინები"
კადრი ფილმიდან "მანდარინები"

„მანდარინების“ სცენართან დაკავშირებითაც მაქვს ერთი კითხვა, თუ შეიძლება: რამდენად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ვაჟას "სტუმარ-მასპინძლის" გავლენით დაიწერა? და თუ ეს ასეა, გაცნობიერებულად მოხდა ეს?

ახლა, როცა გამზადებულ ფილმს ვუყურებ, მე თვითონაც ვხვდები, მართალი გითხრა, რომ ვაჟას არაპირდაპირი გავლენაა. ყველა ქართველს გვაქვს ალბათ ეს გავლენა. რა თქმა უნდა, თემას გააჩნია. წერის დროს ნამდვილად არ მიფიქრია, მაგრამ შემდეგ უკვე მეც შევატყვე. მემგონი კარგია ეს, არა?

რა თქმა უნდა! ფილმში არ არის პერსონაჟი ქალი, თუ არ ჩავთვლით ფოტოს. რატომ?

სხვათა შორის, იყო პერიოდი ფილმის გადაღებების დროს, როცა ძალიან მეშინოდა ამის. ვფიქრობდი, რომ ქალი როცა არ არის ფილმში, ის შეიძლება საინტერესო აღარ ყოფილიყო. მგონი არ მოხდა ასე, კიდევ კარგი. ომია და რა თქმა უნდა ტრაგედიაც ეს არის, რომ ერთ-ერთ მთავარ გმირს ქალი მხოლოდ ფოტოდან უყვარდება. მთელი ტრაგიზმი იმაშია, რომ ეს იყო ადგილი, სადაც ესტონელები 150 წელზე მეტ ხანს ცხოვრებდნენ, მათი სამშობლო იყო. თაობები იზრდებოდა, უყვარდებოდათ ერთმანეთი, ხვდებოდნენ და შემდეგ ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით შეწყდა და მათ აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე სამშობლოს დატოვება და ესტონეთში დაბრუნება მოუწიათ. იქ დარჩენილი მამაკაცები კი ამ უმძიმესი ფონის მიუხედავად, მაინც ცდილობენ ადამიანური სახე შეინარჩუნონ.

ზაზა, ახალი პროექტი თუ გაქვს, მუშაობ რაიმე ახალ ჩანაფიქრზე? ან თუ გაქვს ისეთი თემა, რომელზეც ოცნებობ, რომ განახორციელო?

რამოდენიმე შემოთავაზება მაქვს, მათ შორის ჩემი პროდიუსერისგან. თითქოს გვინდა ახალი პროექტის დაწყება და სცენარიც მომცეს, მაგრამ სიმართლე გითხრა, ვერ შევძელი. საერთოდ ძალიან სწრაფად ვწერ, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაც მობილიზება არ გამომდის. ამერიკაშიც მაქვს შემოთავაზებები, დღესაც იყო შეხვედრა და მოლაპარაკება. სერიოზული ჩანს, მაგრამ ამაზე საუბრის არც უფლება მაქვს და თან ჯერ არ გადამიწყვეტია. დაველოდოთ, ვნახოთ. შეიძლება „მანდარინების“ ირგვლივ შექმნილმა სიტუაციამ იმოქმედა და ვერ გამოვდივარ ამ ფილმის გავლენიდან. ძალიან ცუდია რეჟისორისთვის, როცა ეს ყველაფერი ერთგვარ ტკბობაში გადადის. არ ვიქნები გულწრფელი და ტყუილს ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემზე არ მოქმედებს. საოცრებაა, მართლა. არაჩვეულებრივია ეს ნომინაციები, პრიზები და რეჟისორზე ეს ყველაფერი ძალიან დიდ გავლენას ახდენს. უცებ ჰოლივუდის საერთაშორისო კინოკრიტიკოსთა ასოციაცია რომ დაგასახელებს მსოფლიოს 5 საუკეთესო ფილმში, ეს დიდ გავლენას ახდენს შენზე, რაზეა ლაპარაკი. მაგრამ ამით ტკბობა დამღუპველი ჩანს და განვითარების, ახლის შექმნის საშუალებას არ იძლევა. ალბათ უნდა დასრულდეს ეს ციკლი, დავივიწყო, გამოვიდე ფსიქოლოგიურად ამ მდგომარეობიდან. უნდა გავთავისუფლდე „მანდარინებისგან“ და შემდეგ უფრო ჩავერთვები ახალ პროექტში და შევუდგები საქმეს, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს, ყველაზე მთავარი ბედნიერება მაინც კეთებაში, ფილმის შექმნის პროცესშია.


XS
SM
MD
LG