ოპოზიცია მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. 26 ნოემბერი 2015 წ.

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია „ევროპული საქართველო“ მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ გაკეთებული განცხადება სადისციპლინო და საპროკურორო საბჭოების შესწავლისა და რეაგირების საგანი უნდა გახდეს. ინიციატივის ავტორები იმედოვნებენ, რომ მოთხოვნას შეუერთდებიან როგორც სხვა ოპოზიციური ფრაქციები, ასევე ცალკეული დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობიდან. რას ეფუძნება ოპოზიციის იმედი და რას ფიქრობს ინიციატივის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობა?

Your browser doesn’t support HTML5

ოპოზიცია მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო საქართველოს პროკურატურამ, რომლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს.

„მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება ხდება მიზანმიმართულად და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, თუმცა მის პასუხად ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ერთი ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიძე, ამბობს, რომ მთავარმა პროკურორმა შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება და გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოსდა იგეგმებოდა ციანიდით მაღალი სასულიერო იერარქის მკვლელობა და გააჩინა ეჭვი, რომ საფრთხის ქვეშ იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიცოცხლე. ოთარ კახიძის თქმით, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი დეპუტატები მიმართავენ საპროკურორო საბჭოს, ირაკლი შოთაძე ჩაანაცვლოს საგანგებო პროკურორმა.

„სახალხო დამცველის განმარტებიდან, რომელიც შეხვდა ბრალდებულ მამალაძეს, ირკვევა, რომ მას არ ჰქონდა ე. წ. ციანიდი და ადგილი აქვს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული. შესაბამისად, მთავარი პროკურორი უნდა იქნას გადაყენებული, მის ადგილას დაინიშნოს საგანგებო პროკურორი, რომელმაც უნდა შეისწავლოს ეს საქმე, დაადგინოს დანაშაულის არსებობის საკითხი და შემდგომ საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით გადაწყვეტს მთავარი პროკურორის გადაყენების საკითხს“, უთხრა ოთარ კახიძემ რადიო თავისუფლებას.

ვთვლით, რომ ჩვენს წერილსა და მოთხოვნას უნდა შეუერთდნენ სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებიც. ჩვენ ვითხოვთ საკითხის გამოძიებას, მთავარი პროკურორის ქმედებებში დანაშაულის არსებობის ნიშნების შესწავლას...
ოთარ კახიძე

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას მხარს უჭერს კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქცია, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომლის ლიდერი, ნიკა მელია, მიიჩნევს, რომ ირაკლი შოთაძე ნომინალური პროკურორია, რეალურად არაფერს წყვეტს, თუმცა კოლეგების ინიციატივას მაინც შეუერთდება:

„ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც დამოუკიდებლად ვერაფერს ვერ წყვეტს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ დიდი სურვილი აქვს ოპოზიციის ერთ ნაწილს, ჩვენც შევუერთდებით“.

თუმცა იმისათვის, რომ მთავარი პროკურორის შეცვლის პროცედურა დაიწყოს, საჭიროა პარლამენტის წევრთა მესამედის, ანუ 50 დეპუტატის, მხარდაჭერა. ოთარ კახიძე იმედოვნებს, რომ მათ ინციატივას მხარს დაუჭერენ საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრებიც:

„მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, როდესაც საკითხი ეხება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტიტუტს, ეკლესიას და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ვთვლით, რომ ჩვენს წერილსა და მოთხოვნას უნდა შეუერთდნენ სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებიც. ჩვენ ვითხოვთ საკითხის გამოძიებას, მთავარი პროკურორის ქმედებებში დანაშაულის არსებობის ნიშნების შესწავლას. ამის საწინააღმდეგო, წესით, არ უნდა ჰქონდეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს“.

პასუხად საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოპოზიციას არ უნდა ჰქონდეს უმრავლესობის მხარდაჭერის იმედი. ასე ფიქრობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე:

„ძალიან არასერიოზულად მიმაჩნია ოპოზიციის ეს განცხადება. არავის უთქვამს, რომ კონკრეტულად საუბარია პატრიარქზე. პროკურორმა განაცხადა, რომ საფრთხე ექმნებოდა მაღალ სასულიერო პირს. პატრიარქი პროკურორს არ უხსენებია“.

პოლიტიკის ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო უმცირესობის მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული. საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაციის წევრი, პროფესორი ალექსანდრე კუხიანიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციაშიც კარგად ესმით, რომ მთავარ პროკურორს ვერ გადააყენებენ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციის ძალისხმევა ფუჭად ჩაივლის.

„პოლიტიკურად მომგებიანი ის არის, რომ მთავრობა ხშირად უშვებს შეცდომებს, რასაც იყენებს ოპოზიცია იმისთვის, რომ გაზარდოს გავლენა მოსახლეობაზე, შეცვალოს საზოგადოებრივი აზრი თავის სასარგებლოდ. ეს არის მთავარი და სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით ამას აქვს აზრი. მიტინგი „რუსთავი ორის“ დასაცავად, საპროტესტო აქციები და ა. შ. გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე. შესაბამისად, როცა მოვა ახალი არჩევნები 4 წლის შემდეგ, ვითარება შეიძლება იყოს სხვაგვარი. ოპოზიცია მიმართვს ხალხს და არა საპარლამენტო უმრავლესობას ან მთავრობას, მაგრამ, დღევანდელი გადასახედიდან, „ქართული ოცნება“, უბრალოდ, მხარს არ დაუჭერს“, უთხრა ალექსანდრე კუხიანიძემ რადიო თავისუფლებას.