9 მაისს საქართველოში 70-ედ აღინიშნა ფაშიზმზე გამარჯვების დღე. თბილისში რამდენიმე ათეული ომის ვეტერანი ტრადიციულად შეიკრიბა გამარჯვების პარკში. ეს დღე მათ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიულოცეს და ყვავილებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი.
გამარჯვების პარკის კიბეებზე ხელის ცეცებით ჩადის. იქით მიდის, სადაც თავისიანები ეგულება. ცუდად ხედავს. წინ გაწვდილ მარჯვენა ხელზე თითები აკლია. ნაცრისფერ პიჯაკზე მეორე მსოფლიო ომში სხვადასხვა დამსახურებისათვის მიღებული მედლები ჰკიდია. არტილერისტი მიხეილ მხეიძე 17 წლის იყო, ხონიდან ომში რომ გაიწვიეს. ფოტოგრაფიული სიზუსტით იხსენებს ომში გატარებულ დღეებს, ადგილებს, სადაც ბრძოლები გადახდა, და ტირის: „ძალიან ძნელი იყო ომში, მაგრამ გადავიტანეთ. წაგვიყვანეს, შეგვასწავლეს არტილერია, პუშკა, მელკი კალიბრნი პუშკა, ჰოდა, გადამისროლეს მესამე უკრაინის ფრონტზე. ტალბუხინი იყო ჩემი მარშალი. დნეპრი, დნეპროპეტროვსკი, კრივოი როგი... გადავიარეთ“...
როგორც ჩანს, ომი არის ის, რაც არასდროს ავიწყდება ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომიდან 70 წელია გასული, ვაკის პარკში შეკრებილ ომის მონაწილეებს ზუსტად ახსოვთ თარიღები, დღეები, სახელები, გეოგრაფიული ადგილები. 17 იანვარი ყოფილა, ვარშავის ჩრდილო-დასავლეთით თავსა და მხარში რომ დაუჭრიათ კავშირგაბმულობის ოფიცერი ნოე ჩაგუნავა. 1945 9 მაისს ის ქალაქ ვლადიმირში, სამხედრო ჰოსპიტალში შეხვდა: „სამი დღის გაკეთებული მქონდა მეოთხე ოპერაცია. მიუხედავად ამისა, საფეიქრო ქარხნის მუშები ამოვიდნენ, ჩაგვაცვეს ხალათები, გაგვიყვანეს გარეთ და შეხვედრა მოგვიწყვეს. მაგრამ მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ 70 წლის შემდეგ ისევ ცოცხალი ვიქნებოდი. დიდი ბედნიერებაა ეს“, - ამბობს ნოე ჩაგუნავა.
ომი რომ დაიწყო, მარიამ არზუმანოვს სკოლა ახლად დამთავრებული ჰქონდა. ომში თავისი სურვილით წავიდა. სამხედრო გამანაწილებელ პუნქტში ოჯახის წევრებისგან მალულად გამოცხადდა და 1942 წლის 11 აპრილს გაიწვიეს კიდეც. მცხეთიდან ნელ-ნელა პირველი უკრაინის ფრონტზე გადაინაცვლა და საჰაერო თავდაცვის მზვერავის პოსტი ჩაიბარა. ომში მხედველობაზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული. ახლა მის თვალებს დიდი ოპტიკური სათვალე ფარავს: „თვითმფრინავი რომ მოფრინავდა, ჩვენ გვქონდა ისეთი აპარატები, რომ ამოგვეცნო საიდან მოფრინავდა თვითმფრინავი, რა თვითმფრინავი იყო და რა სიმაღლეზე. როდესაც გავარკვევდით, რა საფრთხეს წარმოადგენდნენ თვითმფრინავები, ვაცხადებდით განგაშს“, - იხსენებს მარიამ არზუმანოვი.
მედდა ივლიტა კუჭაიძე 93 წლის ხდება. უცნობი ჯარისკაცის საფლავთან იასამნები დააწყო. აქეთ-იქით აცეცებს თვალებს, მეგობრებს და თანამებრძოლებს ეძებს. მისი სამეგობრო წრე სულ უფრო და უფრო მცირდება. თუკი წინა წლებში გამარჯვების პარკში მისული ივლიტა მეგობრების გარემოცვაში იხსენებდა ომში გატარებულ დროს, დღეს მხოლოდ ერთადერთი მეგობარიღა იპოვა. დანარჩენი ყველა გარდაიცვალაო, მეუბნება ის და იხსენებს იმ დღეს, როცა ომში სასწაულით გადაურჩა სიკვდილს 1944 წელს პოლონეთისა და ბელორუსიის საზღვართან, ქალაქ სარნიში, ჰოსპიტლის დაბომბვისას: „დაბომბვა რომ დაიწყო, საწოლის ქვეშ შევყავი თავი. მეორე მხრიდან დამლაგებელი ქალი შეძვრა საწოლის ქვეშ. ამ დროს ბომბიც ჩამოვარდა და ოთახი ნანგრევებად აქცია. იმ ქალს რკინა დაეცა კისერში და იქვე მოკვდა. ორი საათი ვიწექი ნანგრევებში. რომ გამომიყვანეს, წელს ქვევით ვეღარაფერს ვგრძნობდი. შეშლილივით ვიყავი. მაგრამ გადავრჩი“, - იხსენებს ივლიტა კუჭაიძე.
წელს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 70-ედ აღინიშნა. გამარჯვების პარკში სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე მეორე მსოფლიო ომის მოტივებზე გადაღებული კინოკადრების ფონზე მიულოცეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომის ვეტერანებს ეს დღე. გამარჯვების პარკში შეკრებილ რამდენიმე ათეულ ვეტერანთან ერთად, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 1800-მდე ვეტერანიღა ცხოვრობს. მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იკლებს. მეორე მსოფლიო ვეტერანების სათანადო დაფასება - ეს იყო გამარჯვების პარკში მისული ხელისუფლების წარმომადგენლების მთავარი გზავნილი. ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, კათალიკოს-პატრიარქმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის თქმით, წელს მთავრობის ინიციატივით გამოიყო 2 მილიონი ლარი ვეტერანებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გასაცემად.
უკანასკნელ წლებში ბევრს დაობენ იმის თაობაზე, 8 მაისს უნდა აღინიშნოს გამარჯვების დღე, ისევე როგორც ევროპაში, თუ 9 მაისს, ისევე როგორც რუსეთში. გამარჯვების პარკში სიტყვით გამოსვლისას თინათინ ხიდაშელმა თქვა, რომ ფაშიზმსა და ტოტალიტარიზმზე გამარჯვება ყოველდღე უნდა იზეიმოს საზოგადოებამ: „აქ, ამ პარკში, დღეს საქართველოს და უკრაინის დროშები ფრიალებს. ოკუპაცია, აგრესია საქართველოს დღევანდელი რეალობაა, მაგრამ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და სწორედ ეს ვეტერანები გვაძლევენ ამ სიძლიერეს, ამ გამძლეობას და ამ გამბედაობას, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ აგრესიაც, ოკუპაციაც და ვიბრძოლოთ მშვიდობისთვის“, - თქვა თინათინ ხიდაშელმა.
ომის ვეტერანებს მიულოცა გამარჯვების დღე ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანმა. მისი სიტყვებით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ამ ომმა დაანახვა სამყაროს, რომ ევროპა უნდა იყოს ერთიანი და მშვიდობიანი.
ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ე.წ. „გეორგიევსკის ბაფთით“ შემკული კოალიცია „ევრაზიული არჩევანის“ წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებს შორის, რომლებმაც გამარჯვების პარკში რუსული იმპერიალიზმის სიმბოლოს, „გეორგიევსკის ბაფთის“, გამოჩენა გააპროტესტეს. შელაპარაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
„გიორგის ბაფთა“ 2005 წელს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 50 წლისთავთან დაკავშირებით, როგორც პატრიოტულ-პოლიტიკური სიმბოლიკა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შემოიღო. ამ ბაფთამ კრემლისთვის განსაკუთრებული პროპაგანდისტული დატვირთვა მას შემდეგ შეიძინა, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ყირიმის ანექსია განხორციელდა.
„წმინდა გიორგის ბაფთა“ სამხედრო წარჩინების ნიშანს წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის დროსაც და მაშინდელი სამხედრო ჯილდოს, წმინდა გიორგის ჯვრის, თანმდევი დეტალი იყო. მისი პოპულარობის გამო იოსებ სტალინმა ანალოგიური ბაფთა მეორე მსოფლიო ომის დროს დიდების ორდენს გაუკეთა.