პოლიტიკური დაპირისპირება რუსეთის აგრესიისა და საერთაშორისო მხარდაჭერის ფონზე

რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადმოწევის ფაქტი, შეერთებული შტატების შემდეგ, დაგმო ევროკავშირმა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ. საერთაშორისო თანამეგობრობა შემაშფოთებლად მიიჩნევს რუსეთის ქმედებებს საქართველოს ტერიტორიაზე და ვითარების დაძაბვის საფრთხეს ხედავს. რაც შეეხება საქართველოს შიდაპოლიტიკურ სარბიელს, რუსეთის ქმედებები იქ პოლიტიკური დაპირისპირების საბაბად იქცა.

ევროკავშირი ვითარების გამწვავების საფრთხესა და, შესაბამისად, მაქსიმალური სიფრთხილის აუცილებლობას ხედავს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ „თავიდან უნდა იქნეს აცილებული ქმედებები, რომლებიც შესაძლოა მიჩნეულ იქნეს პროვოკაციულად, და ასევე ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს აყენებსსიტუაციის სტაბილიზების ძალისხმევას ატმოსფეროში, რომელიც ხელს უწყობს კონფლიქტის გრძელვადიან მოგვარებას და რეგიონალურ სტაბილურობას“. ევროკავშირი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და ურჩევს, რომ დაძაბულობის განმუხტვის მიზნით გამოიყენონ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი. ოფიციალურ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი და მისი სამეთვალყურეო მისია (EUMM) ყურადღებით აკვირდებიან მიმდინარე მოვლენებს.

რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით აღშფოთება გამოხატა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ანნ ბრასორმაც. როგორც 16 ივლისს მისი სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ასამბლეა ყოველთვის „თანმიმდევრულად გამოხატავდა თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“ და საერთაშორისო სამართლის დარღვევის ეს მორიგი ფაქტი „მხოლოდ დაძაბულობის გამწვავების მიზანს ემსახურება.“ ტექსტში ვკითხულობთ:

„შევიტყვე უაღრესად შემაშფოთებელი ინფორმაცია საქართველოს სეპარატისტული რეგიონის - სამხრეთ ოსეთის - ადმინისტრაციული საზღვრის ცალმხრივად შეცვლისა და იქ უწყვეტად მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესის შესახებ, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ. განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ ეს ქმედებები ხორციელდება ბაქო-სუფსის მილსადენის სიახლოვეს, რომელსაც გადამწყვეტი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის“.

სრულიად ნათელია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საფრთხე ექმნება არა მხოლოდ მოქალაქეებს, არამედ მთლიანად ქართულ სახელმწიფოებრიობას. ამ ხელისუფლებას არ შეუძლია საქართველოს ღირსების დაცვა. ამიტომ, რაც უფრო მალედასრულდება ამ ხელისუფლების მმართველობა საქართველოში, მით უფრო მალე შეძლებს საქართველო დაიბრუნოს ღირსება...
ნუგზარ წიკლაური

„ჩვენ არასოდეს შევეგუებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას და ეს არის ჩვენი პრინციპული მიდგომა, რომელიც არასოდეს შეიცვლება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 16 ივლისს მთავრობის სხდომაზე და ყველაფერს, რაც ხდება, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მძიმე მემკვიდრეობა უწოდა:

„წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემებია, რომლებსაც ჩვენ თანმიმდევრულად, სწორი, გააზრებული და ჭკვიანური პოლიტიკით უნდა გავუმკლავდეთ და არა უპასუხისმგებლო, ემოციური, გაუაზრებელი ყვირილითა და ხმაურით... ბოლო 3 წლის განმავლობაში დავამტკიცეთ ჩვენ, რომ მართლაც გვსურს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგება. ჩვენი პოლიტიკაც სწორედ აქეთკენ არის მიმართული. არ დავუშვებთ არანაირ პროვოკაციას. მშვიდად, აუღელვებლად, მაგრამ პრინციპულად გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ბერკეტს“.

თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამჟამინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს, კერძოდ, იმაში, რომ, რუსეთის შემოტევის ფონზე, ადეკვატურად არ არის დაცული საქართველოს ინტერესები. მაგალითად, ასე ფიქრობს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ნუგზარ წიკლაური:

„სრულიად ნათელია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საფრთხე ექმნება არა მხოლოდ მოქალაქეებს, არამედ მთლიანად ქართულ სახელმწიფოებრიობას. ამ ხელისუფლებას არ შეუძლია საქართველოს ღირსების დაცვა. ამიტომ, რაც უფრო მალედასრულდება ამ ხელისუფლების მმართველობა საქართველოში, მით უფრო მალე შეძლებს საქართველო დაიბრუნოს ღირსება და მით უფრო მალე შეძლებს საქართველო, რომ ისე უპასუხოს მტრის გამოწვევებს, როგორც ეს ეკადრება სახელმწიფოს“.

თურქმენეთი ბოლო დროს ამჟღავნებს საკმაოდ დამოუკიდებელ პოზიციებს რუსეთთან მიმართებით და რუსეთს შეეშინდა, რომ თურქმენეთის გაზი არ წამოვიდეს საქართველოს გავლით. ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება ამ რეგიონის მნიშვნელობის და უსაფრთხოების დეგრადაცია...
კახა გოგოლაშვილი

პოლიტიკური დაპირისპირების პარალელურად, ანალიტიკოსები კვლავაც მსჯელობენ და განიხილავენ საოკუპაციო ძალის მოტივაციასთან დაკავშირებულ შესაძლო ვერსიებს. ანუ რა ედო საფუძვლად იმას, რომ 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსნის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთმა უკანონოდ აღმართა ე. წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები.

მაგალითად, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ჩვენთან საუბრისას რამდენიმე ძირითად ვერსიას აყალიბებს და ერთ-ერთი ასეთი ვერსია თურქმენული გაზის შესაძლო ტრანზიტს უკავშირდება. როგორც ცნობილია, გაზაფხულზე გადაწყდა მუშაობის დაწყება სამართლებრივ ჩარჩო ხელშეკრულებაზე, რომელიც მოამზადებს ნიადაგს ბუნებრივი აირის თურქმენეთიდან ევროპისთვის მისაწოდებლად:

„თურქმენეთი ბოლო დროს ამჟღავნებს საკმაოდ დამოუკიდებელ პოზიციებს რუსეთთან მიმართებით და რუსეთს შეეშინდა, რომ თურქმენეთის გაზი არ წამოვიდეს საქართველოს გავლით. ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება ამ რეგიონის მნიშვნელობის და უსაფრთხოების დეგრადაცია. ამით ის აჩვენებს, რომ საქართველოზე გაყვანილი ნებისმიერი გაზსადენი ან ნავთობსადენი არ იქნება გარანტირებულად დაცული“.

რაც შეეხება რუსეთის ბოლოდროინდელ გააქტიურებასთან დაკავშირებულ სხვა ვერსიებს, კახა გოგოლაშვილის თქმით, შესაძლოა რუსეთი თადარიგის დაჭერას ცდილობდეს და ამზადებდეს ნიადაგს იმისათვის, რომ 2016 წლის არჩევნებში საქართველოში ხელისუფლების სათავეში მისთვის ხელსაყრელი პოლიტიკური ძალა (ვთქვათ, ნინო ბრჯანაძის პოლიტიკური ძალა) მოვიდეს. ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით, ბოლო დღეების მოვლენათა განვითარებაში, შესაძლოა, ასევე თავისი წვლილი შეიტანახელშეკრულებების გაფორმებამ საქართველოსა და საფრანგეთს შორის, რაც თავდაცვითი საშუალებების შეძენას ისახავს მიზნად და რაც რუსეთს ახალ თავსატეხს უჩენს.