პოლიტიკოსთა ქონების ოფშორული სამალავები

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა გამოაქვეყნა ინფორმაცია ათობით პოლიტიკოსის, ბიზნესმენის, საჯარო პირისა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერის ჩრდილოვანი ფინანსური ოპერაციების შესახებ ოფშორულ ფირმებში.

11 მილიონი საბუთი, რომელიც ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ, ცხადყოფს, თუ როგორ იყენებდნენ ეს ადამიანები ე.წ. „ოფშორულ ზონებს“ ფულის გასათეთრებლად და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად.

ინფორმაცია, რომელიც 3 აპრილს „პანამის დოკუმენტების“ სახელწოდებით გავრცელდა, ასახავს 140 პოლიტიკოსის, ბიზნესმენისა თუ საჯარო მოხელის ჩრდილოვან ფინანსურ ოპერაციებს ოფშორულ ზონებში.

ორ-ნახევარ ტერაბაიტზე მეტი მოცულობის, დაახლოებით, 11-ნახევარი მილიონი დოკუმენტი, რომელებიც გერმანულ გაზეთ „ზედოიჩე ცაიტუნგს“ ჩაუვარდა ხელში, ბევრად აღემატება წინა წლებში გაჟონილ მსგავს საიდუმლო ინფორმაციას. საუბარია 2010 წელს ვიკილიქსისა და 2013 წელს სნოუდენის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე.

კონფიდენციალურობა ადამიანის წმინდა უფლებაა. მსოფლიოში არიან ადამიანები, რომლებსაც ეს არ ესმით. ჩვენ გვჯერა ამ უფლების და გავაგრძელებთ მუშაობას საიმისოდ, რომ კონფიდენციალურობა დაცული იყოს კანონის სფეროში...
რამონ ფონსეკა

ეს ინფორმაცია შეიცავს გასული 40 წლის განმავლობაში დაგროვილ მილიონობით იმეილს, კორპორაციულ ჩანაწერს, ცხრილებს, რომლებმაც ოფშორული ფირმა „მოსაკ ფონსეკასგან“ გაჟონა.

კომპანიის დირექტორი რამონ ფონსეკა უარყოფს ფირმის ჩართულობას ნებისმიერ უკანონო ქმედებაში და ამბობს, რომ ეს არის პირადი ინფორმაციის წინააღმდეგ დაწყებული საერთაშორისო კამპანია.

„კონფიდენციალურობა ადამიანის წმინდა უფლებაა. მსოფლიოში არიან ადამიანები, რომლებსაც ეს არ ესმით. ჩვენ გვჯერა ამ უფლების და გავაგრძელებთ მუშაობას საიმისოდ, რომ კონფიდენციალურობა დაცული იყოს კანონის სფეროში. თუ კომპანია, რომელიც ჩვენ დავაფუძნეთ, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება და ისინი ჩვენ კანონიერი გზებით დაგვიკავშირდებიან და ინფორმაციის გაცემას გვთხოვენ, ჩვენ ამას მყისვე გავაკეთებთ. და, ვიმეორებ, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ამ ყველაფერში ჩართულნი, მხოლოდ მედიის მიერ ხდებოდა ეს“.

„მოსაკ ფონსეკადან“ გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს უახლოესი გარემოცვის დახმარებით ოფშორულ კომპანიებში გაურკვეველი წარმომავლობის 2 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს გადანახული.

რუსულმა მხარემ ამ საგადასახადო დოკუმენტების გაჟონვა პუტინზე პირდაპირ თავდასხმად შეაფასა. როგორც კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა 4 აპრილს ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს არის „გამიზნული შეტევა პუტინის, რუსეთის, მთელი ქვეყნის სტაბილურობის მიმართ, რათა მომავალი არჩევნების წინ სიტუაცია აირიოს“.

პირველ რიგში, გვჭირდება საერთაშორისო ხელშეკრულება იმის შესახებ, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა შექმნის საჯარო ბაზას ოფშორული კომპანიებისა თუ ფონდების შესახებ. ეს კი არ მოხდება, თუ პოლიტიკოსებს არ ვაიძულებთ იმოქმედონ...
ჯონ კრისტენსენი

ამავე დოკუმენტებშია ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შესახებაც. ბიძინა ივანიშვილი ფლობს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 2011 წელს დაარსებულ კომპანია „ლინდენ მენეჯმენტს“, რომელიც მას პრემიერ-მინისტრობის დროს შევსებულ არც ერთ ფინანსურ დეკლარაციაში არ აქვს შეტანილი.

„საგადასახადო მართლმსაჯულების ქსელის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯონ კრისტენსენი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ საჭიროა საზოგადოებამ იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს დოკუმენტები ეხება, პოლიტიკოსები აიძულოს ზომები მიიღონ:

„პირველ რიგში, გვჭირდება საერთაშორისო ხელშეკრულება იმის შესახებ, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა შექმნის საჯარო ბაზას ოფშორული კომპანიებისა თუ ფონდების შესახებ. ეს კი არ მოხდება, თუ პოლიტიკოსებს არ ვაიძულებთ იმოქმედონ, რადგან ოფშორულ სტრუქტურებს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი და მათი ოჯახის წევრი იყენებს. ათობით წლის განმავლობაში პოლიტიკოსები გვპირდებოდნენ, რომ ამ „საგადასახადო სამოთხეების“ წინააღმდეგ ზომებს მიიღებდნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ახლა კი დროა. პანამის დოკუმენტები ჩვენთვის განგაშის ზარი უნდა იყოს“.

„პანამის დოკუმენტების“ მიხედვით ასევე გასაჯაროვდა გადასახადებისგან თავის არიდებისა და ფულის გათეთრების ფაქტები სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი და მოქმედი ლიდერების მიერ - მათ შორის პოლიტიკოსის, ბიზნესმენისა თუ საჯარო მოხელის, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის, ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონისა და სხვა ათობით პოლიტიკოსისა თუ მასთან დაახლოებული ადამიანების ჩრდილოვანი ფინანსური ოპერაციები.