„მე ვარ მარტივი
და კიდევ უფრო მარტივი
გავხდები მალე“
ამბობს ნუგზარ ზაზანაშვილი თავის ახალ კრებულში „მექანიკური როიალი“, რომელიც შარშან დაბეჭდა გამომცემლობა „დიოგენემ“. რატომაა მარტივი? ლექსიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მარტივი რაღაცები უხარია. თუ უფრო ღრმად ჩავხედავთ, იმიტომაც, რომ ცდილობს ცხოვრებისეული სირთულეები მარტივად აღწეროს, მარტივ მამრავლებად დაშალოს, სათქმელის გადმოცემისას ლექსიკა გაამარტივოს, თუ რაღაც ხანდახან გაერითმება, მარტივად გარითმოს და მერე მარტივადვე შეეშვას ამ გარითმვას, ხანდახან ვინილის გაკაწრულ ფირფიტაზე მოხტუნავე ნემსივით ერთი და იგივე ფრაზები იმეოროს...
Your browser doesn’t support HTML5
ისედაც ხომ „ცარიელი სიტყვებით სავსეა / ყოველი დღე“, ჰოდა, არ ჯობია ცარიელი სიტყვა ცოტა იყოს, ვიდრე ბევრი? თანაც, როგორც ერთგან ამბობს, „სიცოცხლე / ცარიელ / ჩარჩოსაც / ჰგავს“ და თუ ასე ხედავ და გჯერა, ეგ შენი პოეზიაც ჩარჩოსავით უნდა შეჭედო, თუ გინდა, ცხოვრებას მიამგვანო. მაგრამ ჩარჩოს თუ კიდებ კედელზე და მხატვრულ ნაწარმოებად ასაღებ, ესე იგი კონცეპტუალისტობას აწვები, რაც საკმაოდ სახიფათო საქმეა. აგერ, წიგნის სახელწოდებად გამოტანილ იმ მექანიკურ როიალსაც ადარებს პოეტი თავს, რომელიც ლონდონის ჰიტროუს აეროპორტში ნახა, რომელიც თავისთვის უკრავს და უკრავს, წვიმის წვეთებიან ფანჯარასთან მიდგმული. ეგეთი მექანიკურობაც ხომ ექსპერიმენტატორებს სჩვევიათ ხელოვნებაში. ერთი სიტყვით, მგონი, ჩანს, რომ ლექსის წერის თავისი პრინციპები გამოუმუშავდა თანდათანობით ნუგზარ ზაზანაშვილს, ამ პრინციპებში უკეთ გასარკვევად კი პოეტ ზვიად რატიანს დავუძახე. მოდით, მოვუსმინოთ მას.
აშკარად არის მინიმალისტი პოეტი, მაგრამ არა ლექსების მოცულობის გაგებით მხოლოდ. თუმცა არის ბევრი მოკლე ლექსი, მართლაც მინიმალისტური, მაგრამ ის მოგრძო ლექსებიც მინიმალისტურია, მხოლოდ საზრისზე არის ორიენტირებული და ეს ენა თავისთავად მოსდევს ამ ავტორს, უკიდურესად კულტურული და ადეკვატური...ზვიად რატიანი
ზვიად რატიანი: "ჩემთვის მისი ლექსები არის ძალიან საინტერესო. აქ არ ვგულისხმობ საინტერესო ავტორს, ყურადსაღებ ავტორს - ასეთ კლიშეურ ამბებს. ლექსებია საინტერესო. აი, რომ ვკითხულობ, მაინტერესებს, მერე რა მოხდება და ამის მექანიზმი მთავარი არის, ალბათ, ამ პოეტის თავისუფლებაში. და ყოველთვის არის ეს სილაღე და სიხარული წერის. და ირონიის, იუმორისა და სევდის ნაზავი, რაც პრაქტიკულად ყველა ლექსში იკითხება. ეს ხომ ძალიან სახიფათო და სარისკო ამბებია: სასაცილოობაც და სევდიანობაც პოეზიაში. ერთი შეიძლება მეორედ იქცეს და მეორე - პირველად, თუ ბეწვის ხიდზე არ გაიარა ავტორმა და თუ უდიდესი კულტურით ეს არ მოაწესრიგა. სევდა ყოველთვის არის კარიკატურული, თუ გადაამლაშა პოეტმა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ სტრატეგიას, რომლითაც მუშაობს ნუგზარ ზაზანაშვილი. ის არ წერს ლექსებს, როგორსაც ფართო მკითხველის ყური და თვალია მიჩვეული. წერს ლექსის სპირალს, შიგთავსს, ყოველთვის შიგთავსსაც არა, ლექსის ჩონჩხს ან მარტო კანს... და ისეთი განწყობა გიჩნდება, არ მინდა ახლა ძალიან გადამლაშებულად პოეტური შედარება მოვიყვანო, მაგრამ ზამთრის ხეებივით არის - შიშველი ხეები, შიშველი ტოტები, რომლებიც გულისხმობენ წლის დანარჩენ დროებსაც: ამ შეფოთლილობას, მწვანე ფოთლებს, ნაყოფს, ფოთოლცვენას და ა.შ. მაგრამ აი, ზამთარში როგორც იკითხება ხე, ასე არის ეს ლექსებიც. თითქოს აი, ეს ღერძია, მთავარი სპირალი, აზრობრივი სპირალი, რომელსაც შეიძლება ჩაეცვას ლექსი იმ გაგებით, რა გაგებითაც მკითხველების უმეტესობა იცნობს და ელის, რომ დაინახოს და წაიკითხოს".
„თითქოს
რაღაც კარგი მელოდება წინ
ტარატირა-ტარატირა-ტინ“
ასე წაიმღერებს ერთი ლექსის ბოლოს ნუგზარ ზაზანაშვილი და, საერთოდ, ასეთი, თითქოსდა არხეინი, წამღერებები სჩვევია. ერთმა ჩემმა ახლობელმა მის ამ კრებულს რომ გადახედა, მითხრა: თითქოს ზანგის ბიჭი ფეხით კენჭს მიაგორავებს და მიღიღინებს, ისეთი ლექსებიაო. ლენგსტონ ჰიუზი გამახსენდა რატომღაცო. აი, სულ რომ მუცოზე და შატილზე წერდეს, მაინც არ ჰგავს ქართველის დაწერილსო. შეიძლება იმიტომ, რომ აი, მაგას ხომ უცხოური სასმელები უყვარს, ვისკი და ეგეთი რამეებიო, ჰოდა, გაუჯდა სხეულში ეგ სასმელები და უკვე პოეზიაზეც იმოქმედაო. სასაცილო კონცეფციაა, თუმცა საყურადღებო. ისე სასმელი და სმის თემა ხშირად ჩნდება წიგნში. „როცა არ ვსვამ / განა არ ვსვამ / და როცა ვსვამ / განა ვსვამ“ ღიღინებს ერთგან იგი და იქვე ასეთ კითხვას სვამს (ჰო, სვამს): „რაა მაინც არსმის არსი / ან სმა რისი არსი არს“. ისე, მისი ეს არხეინობა საკმაოდ მოჩვენებითია, ნევროზის სიმპტომები ახლავს. ერთ ლექსში აი, ასეთი პალინდრომი ჩნდება:
„ნერ-ვე-ბი
აბა უკუღმა წავიკითხოთ
იბ-ევ-რენ
იბევრენ“
„ნევროზებმა იბევრენ“ იმეორებს მერე სამჯერ პოეტი, ნერვიულად. კრებულის ლექსებიდან მესიჯებით, პროექტებით, რეპორტებით, კონფერენციებით, ლაი-ლაით და ბლა-ბლათი გადაღლილი და დედამიწის ოთხივე კუთხეს მოდებული, ლამის ცაში გამოკერებული, აეროპორტებსა და სასტუმროებში მცხოვრები ადამიანის სახე იკვეთება, იმ შვებულებას რომ ელის, სადაც „შვება ეგულება“, მაგრამ „ბედის სიმუხთლის კანონი“ ისეთია, რომ
„აი, ამ დროს
უეჭველად
რაღაც
ცუდი
მოხდება...
ან ტრიპერი შეგემთხვევა,
ან ბებია მოკვდება!“
ერთი სიტყვით, არაა არც შვება და არც შვებულება, მაგრამ ამ გზა-გზა წოწიალს თავისი ტრანსცენდენტალურობაც ახლავს, ვინაიდან სადღაც ევლახ-მინგეჩაურის გზაზე შეიძლება უცებ იგრძნო, დაიჭირო ჭეშმარიტება, მიხვდე, რომ "ახლაა ჭეშმარიტება, ჭეშმარიტება აქ არის". კი მაგრამ, რატომ? ცხადია, გაჩნდება ასეთი კითხვა და ამ კითხვას პოეტიც სვამს და პასუხობს იქვე: "რატომაც არა?!" ჰო, ეგაა, ყველგან უნდა ელოდო, რომ ჭეშმარიტება გამოგეცხადება, გაგეხსნება, მით უმეტეს, სადღაც ევლახ-მინგეჩაურის გზაზე, თორემ "გაპრანჭულ იტალიაში" ეს აქტი ცოტა ბანალურადაც კი გამოჩნდებოდა და შეიძლება არც კი გაგკვირვებოდა.
ერთხელაც მოვუსმინოთ ზვიად რატიანს: "აშკარად არის მინიმალისტი პოეტი, მაგრამ არა ლექსების მოცულობის გაგებით მხოლოდ. თუმცა არის ბევრი მოკლე ლექსი, მართლაც მინიმალისტური, მაგრამ ის მოგრძო ლექსებიც მინიმალისტურია, მხოლოდ საზრისზე არის ორიენტირებული და ეს ენა თავისთავად მოსდევს ამ ავტორს, უკიდურესად კულტურული და ადეკვატური. და მოულოდნელი. ვერ ხვდები, სად მიყავხარ. და მერე დიაპაზონი: ეს დიაპაზონიც ისევ და ისევ სევდასა და ღიმილს შორის ბრუნავს, აქ არის ერთმანეთის თითქმის გამომრიცხავი სხვადასხვა პოლუსები ზოგადად სალექსო მეტყველების. სრულიად ერთმანეთისგან განსხვავებული მეთოდით და პოეტიკით დაწერილი. ერთი მხრივ, ეს არის ავტორი, რომელიც აბსოლუტურად აკონტროლებს თავის ნამუშევარს და, მეორე მხრივ, ენასაც გაატაცებინებს ხოლმე თავს: სიტყვებს, სიტყვების თამაშს... ზომიერად იცავს ამ ბალანსს: საკუთარ კონტროლს ტექსტზე და ტექსტის კონტროლს ავტორზე, როცა ის თვითონ წაგიყვანს. ბალანსის პოეტია, პირველ რიგში, და, რაც მთავარია, გულწრფელი პოეტია. ჩემთვის ნაკლებად ნიშნავს ხოლმე პოეზიასთან მიმართებაში რამეს გულწრფელობა, უფრო, ალბათ, სუფთა, რაღაც სუფთა დამოკიდებულება ნაწერთან, რაც მუდამ ახასიათებს და კულტურა, კულტურა, კულტურა..."
ნუგზარ ზაზანაშვილმა "მექანიკური როიალის" ლექსები საინტერესოდ დაალაგა: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს ტექსტები პუბლიკაციებად როგორც ქვეყნდებოდა ლიტერატურულ პერიოდიკაში, ასევე დატოვა, ქრონოლოგიურად, რადგან, მისი აზრით, "თითოეული პუბლიკაცია ხომ - თავისთავად - პატარა კრებულია", სადაც ლექსების თანმიმდევრობა ისევე არ არის შემთხვევითი, როგორც - "დიდ კრებულში". დაბოლოს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ნუგზარ ზაზანაშვილის ეს თავისებური პოეზია ძალიან კარგად დაინახა მხატვარმა კოტე სულაბერიძემ და თავისი გრაფიკული ნამუშევრებით ძალიან ზუსტი განწყობა შეუქმნა წიგნს.