თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე გამოკითხვიდან გამოსულმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პროკურორის შეკითხვების საფუძველზე გამოთქვა ვარაუდი, რომ, შესაძლოა, მის წინააღმდეგ ახალი საგამოძიებო პროცესი დაიწყოს. ამ ვარაუდის საფუძველს არც ადასტურებს და არც უარყოფს პროკურატურა. ნიკა გვარამია სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა მისი კომპიუტერიდან ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებული საქმის გამო, თუმცა გამოძიებას შეკითხვები ჩანაწერის შინაარსთან მიმართებითაც აქვს.
Your browser doesn’t support HTML5
დაახლოებით, 2 საათს გაგრძელდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა ნიკა გვარამიამ თავად მოითხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი გამოცხადებული უნდობლობის მოტივით. ნიკა გვარამია მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა მის კომპიუტერში უკანონო შეღწევისა და ფარული ჩანაწერის უკანონო გავრცელების საქმეზე, რომელსაც შსს იძიებს. გამოძიებამ ჩანაწერის ექსპერტიზაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ჩანაწერში ნიკა გვარამია ესაუბრება თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს, და ჩანაწერი ავთენტურია. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, საუბარი შეიცავს კორუფციული გარიგების ნიშნებს. ჩანაწერის თანახმად, ახვლედიანი ლაპარაკობს სასამართლო სისტემაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე, აკრიტიკებს კონკრეტულ მოსამართლეებს და ამბობს, რომ თუ რაიმე სხვა გამოჩნდა და ოჯახი მშიერი არ დარჩა, სამსახურს დატოვებს. პასუხად, გვარამია ამბობს, „ეგ რთული არ არისო“. 2016 წლის ოქტომბერში, ინტერნეტსივრცეში ამ ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მან თავად ჩაწერა მამუკა ახვლედიანთან საუბარი, თუმცა ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადანაშაულა. თავად მამუკა ახვლედიანმა მაშინ განაცხადა, რომ არ იყო ინფორმირებული საუბრის ჩაწერის შესახებ და ნიკა გვარამიასგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
შეკითხვები ეხებოდა შინაარსობრივსაც, თუმცა შეკითხვების დიდი ნაწილი ეხებოდა კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევის შესაძლებლობას და კერძო საუბრის უკანონოდ მოპოვება-გავრცელებას...მარიამ გოგორელიანი
16 თებერვალს, გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიების კითხვები მიმართული იყო იქითკენ, რომ შეიქმნას ნიკა გვარამიას დაკავების სამართლებრივი საფუძველი და ის ნაკლებად შეეხებოდა ფარული ჩანაწერის უკანონო გავრცელების საქმეს. მისივე თქმით, აშკარა გახდა, რომ საგამოძიებო ორგანოებს არ აინტერესებთ ის დანაშაული, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს, კერძოდ, ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევა და ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვების საქმე:
„რეალურად გამოძიება დაწყებულია ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევასა და ვიდეო ჩანაწერის უკანონო მოპოვება-გავრცელებაზე. აღნიშნული საქმე გამოძიებას არ აინტერესებს, არ სურს მისი გახსნა და არც ერთი საგამოძიებო მოქმედება დღემდე ამ მიმართულებით არ არის განხორციელებული და გამოძიების კითხვები მიმართული იყო მხოლოდ და მხოლოდ საუბრის შინაარსთან დაკავშირებით, რაც, რეალურად, საერთოდ არ ჯდება გამოძიების ინტერესებში. ერთადერთი, რა მიზანიც შეიძლება ამას ჰქონდეს, ეს არის ნიკა გვარამიას ხელოვნურად სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემისთვის ახალი საფუძვლის შექმნა“.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების შეკითხვების უმრავლესობა საუბრის შინაარსს შეეხებოდა, რაც საქმის გამოძიების არსებითი ინტერესი არ უნდა ყოფილიყო, მან შეკითხვათა ნაწილს პასუხი მაინც გასცა, ოღონდ არ დაუსახელებია იმ მესამე პირის ვინაობა, რომელიც, მისი თქმით, ასევე მონაწილეობდა საუბარში, თუმცა ეს პირი გამოძიების მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილ ჩანაწერში არ ფიგურირებს:
"გამოძიება ცდილობდა შინაარსის გარკვევას - რა ვისაუბრე და რატომ ვისაუბრე. გამოძიებას ავიწყდება, რომ ეს გამოძიება არ მიმდინარეობს არც ქრთამის აღებაზე და არც რაიმე სხვაზე. ეს გამოძიება მიმდინარეობს ინფორმაციის უკანონო მიღებაზე და კომპიუტერში უკანონო შეღწევაზე, ამიტომ ჩვენი განმარტება იყო შემდეგი: კითხვები უნდა შეეხებოდეს მხოლოდ გამოძიებას და, ბუნებრივია, თუ ის სცდება გამოძიების ინტერესებს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებთ“.
ნიკა გვარამიას თქმით, რასაც ის ადრეც არ მალავდა, ჩანაწერი, რომელიც მასა და იმჟამინდელ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს შორის შედგა, ერთი წლის წინ თავად ჩაიწერა, თუმცა, ნიკა გვარამიას მტკიცებით, გამომდინარე იქიდან, რომ საუბარი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი არ იყო და ე.წ. „წყლად“ მიიჩნია, თავადვე წაშალა. 14 თებერვალს ნიკა გვარამიამ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ჩანაწერი წაშლამდე მოსმენილი ჰქონდა ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის მრავალ თანამშრომელს და არ ემთხვევა იმას, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ავთენტურად გამოაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვის შემდეგ პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა განმარტა, რომ გამოძიებას შეკითხვები ჰქონდა როგორც ჩანაწერის გავრცელების, ისე მისი შინაარსის თაობაზე:
„შეკითხვები ეხებოდა შინაარსობრივსაც, თუმცა შეკითხვების დიდი ნაწილი ეხებოდა კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევის შესაძლებლობას და კერძო საუბრის უკანონოდ მოპოვება-გავრცელებას”.
მარიამ გოგორელიანმა ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა თუ არა საქმეზე ახალი გამოძიება დაიწყოს, უპასუხა, რომ დადასტურებულად თქმა არ შეუძლია, თუმცა არაფერია გამორიცხული. ამასთან, მისი თქმით, საქმეში იკვეთება დანაშაულის გარკვეული ნიშნები.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის გამოკითხვის თაობაზე აზრს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც გამოთქვამენ. ხელისუფლება ნდობას უცხადებს გამოძიებას და მიიჩნევს, რომ საქმეში, გამოძიების მტკიცებით, იკვეთება დანაშაულის ნიშნები, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისთვის, შესაძლოა, ეს სახიფათო თამაში იყოს, რომელიც მძიმე და შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვის დასრულების შემდეგ „რუსთავის 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებულ სასამართლოს პროცესს წერილობით გამოეხმაურა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია, რომლის წერილში ვკითხულობთ:
„უკვე მეორედ ართმევენ ქიბარ ხალვაშს ტელევიზიას და თუ სასამართლო მოექცა ზეგავლენის ქვეშ, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს, ეს არა მარტო ამ კონკრეტული საქმისთვის იქნება საზიანო, არამედ საბოლოოდ დაასამარებს სამართლიანობის აღდგენის იდეას. სასამართლომ არ უნდა დაუშვას მის საქმიანობაში უკანონო ჩარევა და არ უნდა იქცეს ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლად“.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ტელევიზიის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა უპასუხა პაატა სალიას წერილობით მოსაზრებებს და აღნიშნა, რომ პაატა სალიას წერილიდან ჩანს, თუ როგორ ხდებოდა მოსამართლეთა დისკრედიტაცია.
„ფარდა ახადა ბატონმა პაატამ ყველაფერს, სრულ უნისონშია მისი განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ გატარებულ ღონისძიებებთან. ნათლად დასტურდება, რომ ეს ზეწოლა მოსამართლეებზე, ის, რომ ისინი ვერ მოინადირეს, რომ „რუსთავი 2“-ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიეღოთ და მათ დისკრედიტაციას ჰქონდა ადგილი, მიუთითებს იმას, რომ ეს ხდებოდა სპეციალურად იმისათვის, რომ ეს მოსამართლეები ჩამოეცილებინათ ჩვენი საქმიდან“, - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.