ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. საგამოძიებო უწყებამ 14 თებერვალს მიმართა სასამართლოს, რათა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხოს მოწმის სახით. ასეთი მოთხოვნით „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა 14 თებერვალს მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ნიკა გვარამიას კომპიუტერში უკანონო შეღწევისა და მისი ფარული ჩანაწერის უკანონო გავრცელების საქმეს იძიებს, 14 თებერვალს განმარტა, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის, საუბრის ფარული ჩანაწერი, რომელიც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა 2016 წლის ოქტომბერში, ავთენტურიაო. ინტერნეტსივრცეში ამ ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მან თავად ჩაწერა მამუკა ახვლედიანთან საუბარი, თუმცა ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადანაშაულა.
Your browser doesn’t support HTML5
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და მისი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ადვოკატების განმარტებით, არ არის ცნობილი, რა საკითხზე უნდა გამოიკითხოს ის, რადგან საქმესთან მიმართებით კრიმინალურ პოლიციაში ნიკა გვარამია ერთხელ უკვე გამოკითხეს. თუმცა მოსამართლის თანდასწრებით ნიკა გვარამიას დაკითხვა შეიძლება განხორციელდეს სასამართლოს მიერ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ დაკითხვის საფუძველი შეიძლება გახდეს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ავთენტურია ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს შორის შემდგარი საუბრის ჩანაწერი. შსს-ს მიერ ექსპერტიზის საფუძველზე ავთენტურად მიჩნეული ჩანაწერი ნახევარსაათიანი ხანგრძლივობისაა. როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას ტელეკომპანიის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, ჩანაწერი, რომელიც მასაც აქვს მოსმენილი, საათნახევრიანი ხანგრძლივობისაა და, შესაბამისად, ის, ისევე როგორ ნიკა გვარამია, ექსპერტიზის დასკვნას გაყალბებულად მიიჩნევს და მას უნდობლობას უცხადებს. ამასთან, დიმიტრი საძაგლიშვილი არ ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნიკა გვარამიას კომპიუტერიდან უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაწყებული გამოძიება ახალი მიმართულებით წარიმართება. ადვოკატი მიიჩნევს, რომ შსს საქმისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემას ცდილობს. ჩანაწერის თანახმად, ახვლედიანი ლაპარაკობს სასამართლო სისტემაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე, აკრიტიკებს კონკრეტულ მოსამართლეებს და ამბობს, რომ თუ რაიმე სხვა გამოჩნდება და ოჯახი მშიერი არ დარჩება, სამსახურს დატოვებს. პასუხად გვარამია აღნიშნავს, „ეგ რთული არ არისო“:
„შსს-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევაზე და ვიდეოჩანაწერის უკანონო მოპოვება-გავრცელებაზე. ამის ფონზე სრულიად გაუგებარია ხელისუფლების წარმომადგენელთა ისტერიული განცხადებები, თითქოსდა, ქრთამის შეთავაზება-მიცემაზე. სხვა მუხლით გამოძიების წარმართვის საფუძველი ეს ვერანაირად ვერ უნდა გახდეს, თუნდაც იმ საფუძვლით, რომ ის არის უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულება. თუმცა გამორიცხული არაფერია, რადგან ხელისუფლებამ დიდი ხანია გადალახა ის წითელი ხაზები, რომლის იქითაც მათი მხრიდან ყოველგვარი უკანონობა იქნა ჩადენილი, შესაბამისად, მათი მხრიდან გამორიცხული არაფერია, „რუსთავი 2“-ის ხელში ჩასაგდებად ისინი ყველაფერზე მზად არიან“.
ნიკა გვარამია არ უარყოფს, რომ მასა და მამუკა ახვლედიანს შორის საუბარი თავად ჩაიწერა, თუმცა ამბობს, რომ საუბარი სამ პირს შორის შედგა. ის მესამე პირის ვინაობას არ ასახელებს. ნიკა გვარამიას თქმით, თანხა, რომელსაც ჩანაწერში ახსენებს, მიემართება სწორედ იმ მესამე პირს და არა მამუკა ახვლედიანს, რომლის თითქოს მოსყიდვის მცდელობაშიც მას ადანაშაულებენ. ამის თაობაზე ნიკა გვარამიამ 14 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა:
„თანხასთან დაკავშირებით მე ვესაუბრები არა მამუკა ახვლედიანს, არამედ მესამე პირს და ვესაუბრები აბსოლუტურად სხვა თემაზე - ვესაუბრები „რუსთავი 2“-ის ვალებზე. მესამე პირი იყო ხელისუფლებასთან დაახლოებული. მე ის არ დავასახელე, იმიტომ რომ ვინარჩუნებ წყაროს გაუთქმელობას. ეს მესამე პირი მესაუბრება, როგორ აპირებს ხელისუფლება ჩვენს გაგუდვას, მათ შორის ჩვენი ვალების მეშვეობით, რომელიც მე დამხვდა „რუსთავი 2“-ში, იმიტომ რომ მას მერე ჩვენ ვალი არ აგვიღია და ერთ-ერთი ვერსია იქნებოდა ამ ვალებით გაგუდვა, რაზეც მე ვპასუხობ, რომ კონტრაქტი, რომელიც დავდეთ და ითვალისწინებს 6-მილიონიან ინვესტიციას, იქიდან ვაპირებ ამ ვალების გასტუმრებას“.
ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ჩანაწერი, რომლის ავთენტურობასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით ადასტურებს, ცხადყოფს „რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორის მცდელობას ჩაერიოს სასამართლოს დამოუკიდებლობაში და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას, თქმით, მესამე პირი, რომელსაც ნიკა გვარამია ახსენებს, „მისი ინტერპრეტაციებია“:
„შემზარავი სურათია, როდესაც სასამართლოს თავმჯდომარე - ყოფილი თავმჯდომარე - საუბრობს საქმის განმხილველ მოსამართლეზე ისეთ კონტექსტში, რომ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია. შემზარავია ისიც, როცა თვითონ ამბობს, რომ ეს ფარული ჩანაწერი განახორციელა თვითონ და ის, რომ იქ მესამე და მეოთხე პირი შემოდის მოსაუბრის როლში და ახალ სცენარს ალაგებს. ეს მისი ინტერპრეტაციის და იმპროვიზაციის არჩევანი და შესაძლებლობებია“.
შემზარავია ისიც, როცა თვითონ ამბობს, რომ ეს ფარული ჩანაწერი განახორციელა თვითონ და ის, რომ იქ მესამე და მეოთხე პირი შემოდის მოსაუბრის როლში და ახალ სცენარს ალაგებს. ეს მისი ინტერპრეტაციის და იმპროვიზაციის არჩევანი და შესაძლებლობებია...ეკა ბესელია
ოპოზიციის წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ პროცესი მიმართულია იქითკენ, რომ ხელისუფლებამ „რუსთავის 2“-ზე ზეწოლა მოახდინოს. ოპოზიცია გეგმავს კვირას თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, დაგეგმილ აქციასაც დაესწროს, რომელში მონაწილეობისკენაც ნიკა გვარამიამ მოუწოდა ოპოზიციურ ძალებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარლამენტის შენობასთან დანიშნული აქცია „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერად იმართება. როგორც ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ამბობს, ხელისუფლების მცდელობა თუ ნიკა გვარამიას დაპატიმრებით დასრულდა, ეს იქნება შეცდომა, რომელიც შეუქცევად ხასიათს მიიღებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კი ჩანაწერზე დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობასაც ხედავენ.
„რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი. მისი პოზიცია „რუსთავი 2“- ის საქმესთან მიმართებით უცვლელია: საქმე უზენაეს სასამართლოშია და მე პატივს ვცემ სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა უკვე აღვნიშნე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მედიის თავისუფლებასო, განაცხადა მან.
სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ გამოძიების ამ ეტაპზე არსებული კითხვის ნიშნების ფონზე ხელისუფლება უნდა მოერიდოს რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, რათა ხელი არ შეეშალოს ქვეყანაში პლურალისტურ მედიაგარემოს.
დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამია 16 თებერვალს, 10:30 საათზე დაიბარეს გამოკითხვაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში; 16 თებერვალსვე, ოღონდ შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა მივიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, რომელიც ასევე მოითხოვს გამოკითხვის პროცესის მოსამართლის თანდასწრებით წარმართვას.