ორი რომანის ორი ნიუ-იორკი

ნიუ–იორკი

ამჯერად ამერიკული ლიტერატურის ორი კლასიკოსის ორ ცნობილ რომანზე ვისაუბრებთ. თუმცა ეს ორი ავტორი ორ სრულიად განსხვავებულ ეპოქას ეკუთვნის და მათი რომანები ერთმანეთისგან მხატვრული თვალსაზრისითაც ძალიან განსხვავდება, მაინც ერთ სიუჟეტში მათი გაერთიანება გადავწყვიტე. ორივე ტექსტი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ქალაქური ტექსტია, უფრო კონკრეტულად, ნიუ-იორკული და, ამ მხრივ, ძალიან საინტერესო მასალაა ორივე წიგნში. გამომცემლობა "დიოგენეს" მიერ გამოცემულ ედით უორტონის რომანში "უმანკოების ხანა" XIX საუკუნის 70-იანი წლების ნიუ-იორკზეა საუბარი, სოლ ბელოუს მთავარი გმირი კი, რომანიდან "მისტერ სამლერის პლანეტა", XX საუკუნის 60-იანი წლების ნიუ-იორკში დაბორიალობს.

თავდაპირველად, მოდით, უორტონის კლასიკურ რომანზე შევჩერდეთ, მით უმეტეს, რომ ამ ნაწარმოებს ყველა ეპოქაში ჰყავდა მკითხველი. ჩემი სტუმარი რომანის ქართულად მთარგმნელი ანი კოპალიანი გახლავთ, რომელმაც თავიდანვე მითხრა, რომ "უმანკოების ხანა" დღესაც ძალიან პოპულარულია აშშ-ში:

"ეს არის ნაწარმოები, რომელსაც ყველაზე ხშირად კითხულობენ ამერიკულ ბიბლიოთეკებში დღემდე. ძალიან ბევრჯერ შემხვედრია ამერიკულ ფილმებში, წიგნებში ისეთი ფრაზები, რომ "უორტონის დროის ნიუ-იორკს ჰგავს...", ანუ ეს არის რაღაცა ჩამოყალიბებული ხატი, სურათი, უორტონის დროის ნიუ-იორკი. უორტონმა შექმნა ნიუ-იუორკის დაუვიწყარი, დასამახსოვრებელი სურათი, რომლის ხატიც დღემდე ცოცხალია ამერიკულ კულტურაში და ამერიკულ ცნობიერებაში."
ეს არის პირველი ამერიკელი მწერალი ქალი, რომელმაც მიიღო პულიცერის პრემია სწორედ ამ რომანისთვის და, პრინციპში, თავად რომანში ძალიან ფაქიზად, ტაქტიანად და შეფარვით, თუმცა არა მკვეთრად, უკვე არის ქალთა უფლებების საკითხი წინ წამოწეული...
ანი კოპალიანი

ეს ხატი კიდევ უფრო გააძლიერა 1993 წელს ამერიკელმა რეჟისორმა მარტინ სკორსეზემ, რომელიც მთელი ცხოვრება ისედაც ნიუ-იორკულ თემებს უტრიალებს და თავისი შემოქმედების პიკზე კიდევ ერთი ქალაქური ტილო შექმნა, მისთვის დამახასიათებელი "მოცურავე" კამერებით, უცნაური განათებით, დანტე ფერეტის მდიდრული კოსტიუმებით, ელმერ ბერსტაინის ტკბილი და მელანქოლიური მუსიკითა და მსახიობთა ვარსკვლავური შემადგენლობით.

მართალია, ჩემთვის ქალაქური რეალიებია ძალიან ძვირფასი ამ რომანში, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ წიგნი მხოლოდ ამაზეა. ანი კოპალიანმა ასეთი რამე მითხრა:

"ეს არის პირველი ამერიკელი მწერალი ქალი, რომელმაც მიიღო პულიცერის პრემია სწორედ ამ რომანისთვის და, პრინციპში, თავად რომანში ძალიან ფაქიზად, ტაქტიანად და შეფარვით, თუმცა არა მკვეთრად, უკვე არის ქალთა უფლებების საკითხი წინ წამოწეული: რომ ქალს აქვს განქორწინების უფლება, თავისუფალი ცხოვრების უფლება. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნოვატორული ნაბიჯიც ამერიკულ კულტურაში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ამან რაღაცნაირად შედეგი გამოიღო. რასაკვირველია, ეს მხოლოდ ამ რომანით არ მომხდარა, მაგრამ საზოგადოებაში ამ აზრის გაჩენამ და წინა პლანზე წამოწევამ თავისი საქმე გააკეთა."

მთარგმნელის აზრით, ეს თემატიკა თანამედროვე საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია:

"აქვს წინა პლანი და შემდეგ - უკანა პლანი. წინა პლანზე ეს არის სასიყვარულო სამკუთხედი, რომლითაც უნდა თითქოს მწერალს, რომ ყურადღება მიიპყროს და უკანა პლანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური საკითხები, უაღრესად მნიშვნელოვანი იმდროინდელი ამერიკისთვის და თანამედროვე საქართველოსთვისაც, შეიძლება ითქვას. ამას წინათ ბათუმში იყო პრეზენტაცია და იქ ვამბობდი, რომ ამ რომანში განხილულია პრობლემები, რომელიც შეიძლება აღარ აწუხებს თანამედროვე ამერიკას, მაგრამ აწუხებს თანამედროვე ბათუმს და შეიძლება საქართველოსთვის ბევრად უფრო აქტუალური იყოს ეს წიგნი, ვიდრე თანამედროვე ამერიკისთვის."

სოლ ბელოუს "მისტერ სამლერის პლანეტა" ბევრისთვის შეიძლება მოსაწყენი საკითხავიც იყოს, თუმცა XX საუკუნის რომანის გამოცდილი მკითხველებისთვის ეს უმარტივესი და ადვილად დასაძლევი პრობლემა იქნება. რომანი 1970 წელს გამოვიდა და იგი მალევე გახდა წიგნის ეროვნული პრემიის ლაურეატი, 1976 წელს კი ბელოუს ნობელის პრემიაც მიანიჭეს. ამ დროს უკვე მთელი მსოფლიო იცნობდა მის რომანებს - "ოგი მარჩის თავგადასავლები", "ჰენდერსონი, წვიმის მბრძანებელი", "ჰერცოგი" და სხვ. ეს ქართული თარგმანიც, გვანცა ჯობავას მიერ შესრულებული, სწორედ ნობელიანტების სერიაში გამოსცა "ინტელექტმა".

სოლ ბელოუ ნამდვილად არ მიეკუთვნება მარტივი ავტორების რიცხვს, თუმცა ვერც ზოგიერთი ამერიკელი პოსტმოდერნისტი მწერლისთვის დამახასიათებელ სირთულეებს დავწამებთ მას. შეიძლება ითქვას, პირიქითაც: იდეოლოგიური თვალსაზრისით, იგი უფრო კონსერვატიულ აზრებს იზიარებდა და ზოგჯერ ღიადაც უპირისპირდებოდა თავისი დროის პოპულარულ იდეებს. სწორედ ამიტომაა, ალბათ, რომ ამერიკულ პოპკულტურაში, კინემატოგრაფსა თუ მუსიკაში, არც ისე ადვილია ბელოუს კვალის მოძიება. მის ნაწერებში ხშირად შეხვდებით თანამედროვე მოაზროვნეების გვარებსაც, ჰანა არენდტით დაწყებული, ჟორჟ ბატაით დამთავრებული, თუმცა მისი შემოქმედების ერთ რომელიმე მიმდინარეობაში მოქცევა, ალბათ, არასწორი იქნება.

მისი პერსონაჟები დამკვირვებლები, მჭვრეტელები არიან. მისტერ სამლერიც ასეა. ავტორი-მთხრობელი მას ირონიულად "მისტერ ყოველწამიერ დამკვირვებელ არტურ სამლერად" მოიხსენიებს, შუა რომანში კი ასე ახასიათებს მას: "მისტერ არტურ სამლერი – ნიუ-იორკელი ფსიქოპათების მესაიდუმლე, გადარეული კაცების აღმსარებელი და შეშლილი ქალების მშობელი. სიგიჟის არქივარიუსი". სამლერი 60-იანი წლების ნიუ-იორკელი ლეოპოლდ ბლუმია, ხანში შესული, ჩუმი დამკვირვებელი, რომელიც ადის ავტობუსში და ხარბად სწავლობს სავარძლების, ამძაღებული ფეხსაცმლის, თამბაქოს ფერფლის, სიგარების, ოდეკოლონის, სახის პუდრის სუნს, აკვირდება ქალაქს, რომელიც ნელ-ნელა ნეაპოლსა და სალონიკზე უარესი ხდება და უფრო აზიურ და აფრიკულ ქალაქს ემსგავსება. იგი მანჰეტენზე მოაბიჯებს და ნეტარ ავგუსტინეზე, პლატონსა და XIII საუკუნეზე ფიქრობს. შემდეგ გრძნობს, თითქოს ჰენრი მურის მიერ იყოს ჩამოსხმული. მოკლედ, რეალობას სხვა თვალით უყურებს:

"დიახ, როდესაც მისტერ სამლერი რაღაცით აღელვებული იყო, ქუჩა მისთვის ესთეტიკური გართობის საშუალება ხდებოდა. იგი იყო მკვლევარი, წიგნის კაცი და საუკეთესო მწერლებმა ასწავლეს, როგორ გაერთოს სხვების თვალთვალით. გამოვიდოდა თუ არა ქუჩაში, ცხოვრება უკვე აღარ იყო ცარიელი. მის გარშემო მიზანდასახული, შეუპოვარი, საქმიანი-მოჩქარე, გამბედავი არსებები დაკავებული იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანური ფუსფუსით. სანამ უმრავლესობა დადიოდა მთვარეულივით, მოჯადოებული და შეპყრობილი უმნიშვნელო ნევროზული წვრილმანი მიზნებით, სამლერის მსგავსმა ინდივიდებმა უკვე მორიგ საფეხურზე გადაინაცვლეს, მათ დათმეს მიზნის ცდუნება გარემომცველი რეალობის ესთეტიკური მოხმარებისთვის."

ამ რომანში ბევრ სხვა ზუსტ დაკვირვებას გადააწყდება ყურადღებიანი და მომთმენი მკითხველი და თუკი ებრაულად შეკმაზულ შავ იუმორზეც არა ხართ აცრილი, ამ ერთი შეხედვით მოსაწყენი წიგნიდან დიდი სიამოვნებაც შეგიძლიათ მიიღოთ.