ნდობის აღდგენა, სტრატეგიული შეუთავსებლობის ფონზე

რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა

5 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გაიმართა ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც იმსჯელეს ბალტიის რეგიონის საჰაერო სივრცეში „ნდობის გაძლიერების“ თაობაზე და ასევე იმ შეხვედრის დეტალებზე, რომელიც ნატოს მოახლოებულ სამიტს უძღოდა წინ. კრემლის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, ბალტიის რეგიონის საჰაერო სივრცეში უსაფრთხოების ზომებზე მსჯელობა მოჰყვა ამავე საკითხზე პუტინის საუბარს ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან. დასავლეთის მთავრობები რუს სამხედროებს აკრიტიკებენ, მათი შეფასებით, დიდი საფრთხის გამო, რომელიც იქმნება ბალტიის საჰაერო სივრცესა და სხვა რეგიონებში, ნატოს თვითმფრინავებისა და სამგზავრო ავიალაინერების სიახლოვეს, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების საჰაერო მანევრების შედეგად.

„რაც შეეხება უსაფრთხოებას, მათ შორის ბალტიის ზღვის რეგიონში, ბატონმა პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იქ შექმნილ სიტუაციასა და იმ ინციდენტებზე, რომლებიც ბალტიის ზღვაზე ხდება. ფინეთის პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, შევიმუშაოთ ნდობის აღდგენის სისტემური ზომები, რაც აამაღლებს ბალტიის ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას. გაგახსენებთ, რომ გამორთული ამოცნობის შესაბამისი მოწყობილობით არა მხოლოდ რუსეთის თვითმფრინავები დაფრინავენ ბალტიის ზღვაზე, არამედ ნატოს ყველა წევრი ქვეყნის თვითმფრინავები. ბალტიის ზღვაზე ნატოს ქვეყნების ავიაციის ფრენების რაოდენობა ორჯერ აღემატება რუსეთისას. და ამას ჩვენ არ ვიგონებთ, ეს არის სტატისტიკა“, განაცხადა ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირაში ფინეთში ვიზიტის დროს.

ალიანსის გაფართოება კიდევ ერთი დადასტურებაა ამ ორგანიზაციის აგრესიული ბუნებისა...
ვლადიმირ პუტინი

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დაძაბულობა მწვავდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წლის მარტში ყირიმის ანექსია მოახდინა. რუსეთიც და ნატოც აპირებენ რუსეთის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო კონტინგენტები გაზარდონ.

ნატოს თავდაცვის მინისტრებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის სამხედრო ბატალიონის განლაგებას პოლონეთში, სუვალკის ყურესთან, რომელიც ასი კილომეტრით არის შეჭრილი პოლონეთ-ლიტვის საზღვრის გასწვრივ ბელორუსიისა და რუსეთს შორის მდებარე კალინინგრადის რეგიონში.

ნატოს სამხედრო სტრატეგები შიშობენ, რომ კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთს შეუძლია ხელთ იგდოს ეს ყურე და ალიანსს ეფექტურად მოსწყვიტოს მთელი ბალტიის რეგიონი.

ნატოს გადაწყვეტილებით, მოსალოდნელია, რომ გერმანიის ხელმძღვანელობით მოქმედი ბატალიონი განლაგდეს ლიტვაში, ბრიტანული - ესტონეთში. რაც შეეხება ლატვიას, იქ გასაგზავნი მეოთხე ბატალიონის სარდლობის სურვილი კანადამ გამოთქვა.

მოსალოდნელია, რომ ბალტიის ზღვისა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვის გაძლიერების თაობაზე საგნობრივი მსჯელობა ალიანსის ვარშავის სამიტზე გაიმართოს. ვარშავაში, ნატოს 8-9 ივლისის სამიტის შემდეგ, 13 ივლისს გაიმართება ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.

იენს სტოლტენბერგი

„ნატო-რუსეთის საბჭოს ეკისრება მნიშვნელოვანი როლი, როგორც დიალოგისათვის შექმნილ ფორუმს, რომელსაც შეუძლია გაზარდოს მოვლენათა პროგნოზირება“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

თუმცა რუსეთს ნატოსთან მიმართებით ერთი უცვლელი მესიჯი აქვს: „ალიანსის გაფართოება კიდევ ერთი დადასტურებაა ამ ორგანიზაციის აგრესიული ბუნებისა“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა ფინეთში ვიზიტის დროს.

ვარშავის ნატოს სამიტი კი სწორედ გაფართოების სამიტი იქნება. მასზე ოფიციალურად მიიღებს ალიანსში გაწევრიანების მოსაწვევს ჩერნოგორია, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყანა.