ნატოს ელჩებმა განაახლეს მოლაპარაკება რუს კოლეგასთან, რითაც ბოლო მოეღო თითქმის ორწლიან პაუზას, რომელიც მოჰყვა რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიას.
ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დაწყებამდე, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-რუსეთის საბჭოს მთავარი მიზანია ერთმანეთისათვის შეხედულებების გაცნობა, გამჭვირვალობა, პროგნოზის გაკეთების საშუალების გაუმჯობესება და უკრაინაზე მსჯელობა.
„ის გარემოება, რომ ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრას ვმართავთ, არ ნიშნავს, თითქოს ჩვენი ურთიერთობა ისევ ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებოდეს. მაშინ, 2014 წელს გადავწყვიტეთ ტექნიკურ საკითხებში თანამშრომლობის შეჩერება და ამავე დროს განვახორციელეთ ცივი ომის შემდეგ უდიდესი ცვლილებები ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გასაძლიერებლად. მაგრამ გადავწყვიტეთ, შეგვენარჩუნებინა პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობა და ნატო-რუსეთის საბჭო არის ერთ-ერთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი გვქონდეს“, განაცხადა სტოლტენბერგმა 19 აპრილს.
გასულ კვირაში მოხდა ორი ინციდენტი რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მონაწილეობით - მათ ახლოს ჩაუფრინეს შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდს და თვითმფრინავს, რაც, სტოლტენბერგის აზრით, ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაციის შენარჩუნება საფრთხეების შესამცირებლად.