ჩხრეკა, ჩატარებული ნატო ინგოროყვას კრებულში

სიტყვა პორცელანზე რატომღაც სულ მახსენდება კონსტანტინე გამსახურდიას ნოველა „პორცელანი“, რომელიც რაღაცნაირად ძალიან ღრმად ჩამრჩა მეხსიერებაში, როგორც დეკადენტური ქართული პროზის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში. თუ ჟღერადობას მივაყურადებ და საქმე პოეზიისაკენ წავა, ტრაგიკული პაულ ცელანი მახსენდება, პორცელანთან რომ მშვენივრად ირითმება და არც კი ვიცი, ვინმეს გამოუყენებია თუ არა ეს რითმა ოდესმე. შეიძლება ჩემი ლექსიც გამახსენდეს, „ფაიფურის თვისება“, სტრიქონებით „ფაიფური / ეშმაკისეული / მსხვრევის ჟინს რომ აჩაღებს ჩემში...“, მაგრამ ახლა ამ ალუზიებს ვერ გავყვებით, ძალიან შორს წაგვიყვანს, არადა, კონკრეტული წიგნი გვაქვს გადასაფურცლი, სახელწოდებით „PORCELLANAE”, ნატო ინგოროყვას ახალი პოეტური კრებული, რომელიც 2015-ში გამომცემლობა „ინტელექტმა“ დაბეჭდა და საიდანაც, ბუნებრივია, რომ ასევე ისმის მსხვრევის ხმები. რაც მთავარია, ჯობს, ეგრევე ფურცლოთ და წინ და უკან არ ატრიალოთ ხელში ეს წიგნი, ძალიან არ დააკვირდეთ როგორც ფაიფურის ნაკეთობას, თორემ შეიძლება უკანა ყდაზე, ანოტაციის სახით, ასეთი შემაჯამებელი ფრაზები ამოიკითხოთ: „სულის უღრმესი შრეებიდან ნაგრძნობი სამყარო; გამჭვირვალე, ამოტრიალებული მზერა; ტკივილის ზღვარზე მოტივტივე ყოფის ასახვა...“ - და ასეთი ყალბი, მოძველებული პათოსისგან უცებ ძალა გამოგეცალოთ, წიგნი ხელიდან გაუშვათ და მისკენ აღარც გაიხედოთ... თუმცა შეიძლება ბევრი კიდეც შეძრას ამ სტრიქონებმა და სწორედ ამის გამო ჩაუღრმავდეს კრებულს. ვის რას გაუგებ, არადა, ობიექტურად თუ ვილაპარაკებთ, ასეთი შეფასება წიგნს ცალსახად აკარგვინებს კარგ მკითხველს, მით უმეტეს, როცა იგი ყდაზეა გამოტანილი და ავტორიც ამ სტრიქონებისა ანონიმურია, მხოლოდ გამომცემლობამ თუ უწყის მისი ვინაობა და ავტორმა. და მაინც, რა მარკეტინგული გათვლებიც არ უნდა ჰქონდეს გამომცემლობას და რა დამყოლიც არ უნდა იყოს პოეტი, ჩემი მყარი აზრით, ასეთი მიდგომები სასწრაფოდ ამოსაძირკვია და ამ შემთხვევაში სწორედ იმიტომ გავამახვილე ყურადღება ამ ვითომდა მეათეხარისხოვან პრობლემაზე, რომ რამდენიმეჯერ მომხვდა თვალში და ესაა ხშირად გახლეჩა ავტორის ესთეტიკასა და შეფუთვის მეთოდებს შორის.

საინტერესო ის არის, რომ ერთ ლექსში თვითონაც წერს, მომავალი დრო აღარ არისო. ზუსტად ეგრეა. სხვათა შორის, აწმყო დროის ფორმაა ძალიან აქტიური და ყველა ამ მიმართვის დროს სათქმელი ძალიან განსხვავებულია. სხვადასხვა თემატიკაა და ენობრივი თამაშებიც აბსოლუტურად განსხვავებულია...
დიანა ანფიმიადი

მაგრამ გაგვიგრძელდა შესავალი, ამიტომ საქმეს მივხედოთ. კრებულის პირველი ლექსის სახელწოდებაა „ადრესატი“ და ეს შემთხვევით არაა. ესაა, თუ შეიძლება ასე ითქვას, პოეტური კორესპონდენციების ნაკრები, სადაც ადრესატის ჰიპოსტასები იცვლება, ზოგჯერ ბუნდოვანიცაა, მაგრამ ეს ადრესატი თითქმის სულ არსებობს: ხან ღმერთია, ხან შეყვარებულია, ხან მამაა, ხან თუნდაც მობილური ტელეფონია. შემაჩერე და შემახსენე, გამომიჭირე, მათქმევინე, ჩაალაგე, ნუ დამაჯერებ, ნუ მეტყვი, გეთანხმები - აი, სულ ასეა, სულ ვიღაცას ელაპარაკება ავტორი, სულ „საქმეს ურჩევს“ ან რჩევებს აძლევს, ან ეხვეწება რაღაცას. ერთი მხრივ, ეს კონცეპტუალურად გააზრებული და მოწესრიგებული წიგნის შეგრძნებას ბადებს, მეორე მხრივ, კი ეს განმეორებადი ინტონაცია, რეფრენები, მეთოდი რაღაცნაირად ერთფეროვნებაშიც გაგდებს, კითხვის პროცესში ახალი ეფექტის მოლოდინი ნელ-ნელა მცირდება და ქრება. თუმცა ეს ჩემი განწყობილებაა, სხვას კი ასე შეიძლება საერთოდ არ მოეჩვენოს. ამიტომ მოვუსმინოთ დიანა ანფიმიადის აზრს ამ კრებულზე.

დიანა ანფიმიადი: "მე ვაკვირდები, გადამძალავს ხოლმე ეს ლინგვისტური მიდრეკილებები და მიყვარს პოეტურ კრებულებში და ზოგადად ტექსტებში ენობრივი ჩხირკედელაობა, რომ დაშალო მთლიანად წიგნი მარტივ მამრავლებად და დააკვირდე. მე ძალიან მომწონს ეს ახალი ფორმა, რაც ნატოს აქვს, განხვავებით წინა კრებულისა. პრინციპში, ერთ-ერთი ყველაზე სიტყვაუხვი ავტორი ქართულ ლიტერატურაში, ადრინდელ, საწყის ლექსებს თუ ავიღებთ, ახლა ძალიან ლაკონიურია და თან უკვე შენ თვითონ ისე ერთვები ამ ლაკონიურობის თამაშში, მე რომ ვკითხულობ ხოლმე, ვფიქრობ, იქნებ ეს მძიმეც ამოეგდო აქედან და ეს "მაგრამ"-იც ზედმეტი იყოს და რაღაცნაირად მივყვები ამ ავტორის შემოთავაზებულ თამაშს. და ჩემთვის ძალიან კონცეპტუალური იყო ზუსტად იმიტომ, რომ მიმართვის ობიექტი ძირითადად არის მეორე პირი. საინტერესო ის არის, რომ ერთ ლექსში თვითონაც წერს, მომავალი დრო აღარ არისო. ზუსტად ეგრეა. სხვათა შორის, აწმყო დროის ფორმაა ძალიან აქტიური და ყველა ამ მიმართვის დროს სათქმელი ძალიან განსხვავებულია. სხვადასხვა თემატიკაა და ენობრივი თამაშებიც აბსოლუტურად განსხვავებულია".

კი, ლაკონიურობა არის ის, რაც ნატო ინგოროყვას ადრინდელ კრებულებს ახლანდელისგან განასხვავებს, მაგრამ ბევრი ვეძებე და ვერანაირი განსაკუთრებული ენობრივი თამაშები, დიანასგან განსხვავებით, მე აქ ვერ ვიპოვე. ესაა სპეციალურად გამომშრალი სტრიქონები, რომ ცდილობენ სიტყვის მინიმალური მარაგით რაღაც ისტორიებს მოჰყვნენ ან, უბრალოდ, რაღაც კადრები აღწერონ, დაანახვონ მკითხველს. სათაურებშიც რამდენიმეგანაა სიტყვა „კადრი“ გამოსული, ანუ ნატო ინგოროყვა ცდილობს ლექსები დაწეროს, როგორც კადრები. მაგრამ აქ მაინც თვალსაჩინოების ნაკლებობაა, თემატიკა არცთუ იშვიათად გარბის აბსტრაქციისკენ, უტრიალებს სიტყვის ფენომენს, წერის თუ ფიქრის პროცესს და ა.შ. ზოგჯერ ბოლომდეც რჩება კონკრეტიკაში ავტორი, მაგალითად, ლექსში „ხასიათი - კადრი“: „კალათებიდან აირჩია / ფერი - წითელი, / შეუდგა / სურსათ-სანოვაგის შეგროვებას“ და აღწერილია ქალი, რომელიც მარკეტში პროდუქტებს ყიდულობს... დაბოლოს, ის ნიშანს იძლევა, „რომ მას / შეუძლია გააჩუქოს ღიმილი“ და რომ „ასეთმა ქალმა / იცის მოთმენა / და / არ იცის პატიება“. ანუ ყველაფერი დეფინიციით, ადამიანის ბუნების მარტივი აღწერით დასრულდა. არადა, ასეთ დროს მკითხველი ელის, რომ აქ რაღაც დატრიალდება, სივრცე თუ განწყობილება დიამეტრულად შეიცვლება, „ფლეშბექი“ მოხდება. იუმორი, სარკაზმი, თვითირონია სჭირდება ყოველივე ამას ან სრულიად სხვა ტიპის სიგიჟე, მაგრამ ეს არ ხდება. ის, რომ "იცის მოთმენა და არ იცის პატიება“, ამ პერსონაჟისგან რაღაც ქმედებას ითხოვდა, რაც მკითხველს მის ხასიათს აგრძნობინებდა და პირდაპირი სიტყვებით არ მიაწვდიდა. ეს ლექსი ნიმუშად მოვიტანე, რათა ავტორი სამომავლოდ მსგავს ყალიბებს გაექცეს. ახლა კი ისევ დიანა ანფიმიადის მოვუსმინოთ. საინტერესოა, თუ რა თქვა მან მას შემდეგ, რაც ასეთ რაღაცებზე ვისაუბრეთ სტუდიის გარეთაც და სტუდიაშიც.

დიანა ანფიმიადი

დიანა ანფიმიადი: "ერთი კრებული ხომ ერთი პერიოდია ცხოვრების, წერის და, შესაბამისად, რაზეც გინდა წერა, იმაზე წერ, მიუხედავად იმისა, ვიღაცის თვალში როგორ აღიქმება. ის, რომ რაღაც თვითირონია არაა... თუმცა არის აქ, სხვათა შორის, საკუთარი თავის შორიდან ყურების მომენტები. ძალიან ბევრი სიკვდილია ამ წიგნში, პერიოდიც ეგეთი იყო ნატოსთან და სიკვდილის რაღაცნაირად მარტივი ენობრივი ფორმულებით გადმოცემის ცდა უფროა ჩემთვის ეს წიგნი. და თუ ამ წიგნს წაიკითხავ ასეთი ენობრივი თამაშების და გრამატიკულ რაღაცებზე დაკვირვების გარეშე, ბევრი რამ დაგეკარგება, როგორც მკითხველს, იმიტომ რომ ზოგჯერ არის, რომ ერთი ლექსიკური ერთეული მთლიანად ხსნის წიგნს და წიგნის სათაურს და წიგნის კონცეფციას. მაგალითად, ჩემთვის ძალიან თვალსაჩინო გახდა, რატომ ფაიფური, იმიტომ რომ ხშირად არის, რომ ამსხვრევს სიტყვა თვითონ და თვითონაც იმსხვრევა - სუბიექტიც და ობიექტიც მყიფეა და ფორმებიც ასეთია ამ წიგნში".

ნატო ინგოროყვას ამ კრებულის ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი, „ანგარიში“, ასე იწყება:

„მოვიდნენ ანგელოზები, ღმერთო,

ჩხრეკა ჩაატარონ,

ნება - დართულია“.

რაის ანგელოზი მე ვარ, მაგრამ მოვედი მეც და კეთილი გულით ერთი პატარა ჩხრეკა მეც ჩავატარე, თან დიანა ანფიმიადიც დავიხმარე. იმედი მაქვს, რომ ჩვენთვისაცაა ჩხრეკის ჩატარების ნება დართული და ავტორი არ გვიწყენს.