ნადია სავჩენკო მშრალ შიმშილობას იწყებს

უკრაინელმა სამხედრო მფრინავმა ნადია სავჩენკომ, მას შემდეგ, რაც რუსეთში სასამართლომ სხდომა გადადო, ვიდრე თავად სავჩენკოს მიეცემოდა საბოლოო სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა, გამოაცხადა, რომ შიმშილობას იწყებს და სითხის მიღებაზეც უარს ამბობს.

უკრაინელმა სამხედრო მფრინავმა ნადია სავჩენკომ, მას შემდეგ, რაც რუსეთში სასამართლომ სხდომა გადადო, ვიდრე თავად სავჩენკოს მიეცემოდა საბოლოო სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა, გამოაცხადა, რომ შიმშილობას იწყებს და სითხის მიღებაზეც უარს ამბობს. გუშინ პროკურორმა მოითხოვა 23 წლით პატიმრობა უკრაინელი მფრინავი ქალისათვის, რომელსაც ბრალად ედება ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობა.

რუსეთის მომცრო ქალაქ დონეცკში სასამართლომ 9 მარტამდე გადადო ნადია სავჩენკოს საქმის განხილვა მას შემდეგ, რაც დაცვის მხარე საბოლოო სიტყვით გამოვიდა. სავჩენკოს ადვოკატებმა რუსეთი დაადანაშაულეს საჩვენებელი პროცესის მოწყობაში რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში უკრაინელი მფრინავი ქალის მონაწილობის ბრალდებით. დაცვის მხარე ასევე ამბობს, რომ, როგორც სავჩენკოს მობილური ტელეფონის ჩანაწერები ამტკიცებს, ის ვერ მიიღებდა მონაწილეობას აღმოსავლეთ უკრაინაში ჟურნალისტებზე თავდასხმაში, რადგან უკვე დატყვევებული იყო სეპარტისტების მიერ, როცა ჟურნალისტები დაიღუპნენ.

მოსალოდნელია, რომ სასამართლო ვერდიქტს გამოაცხადებს მას შემდეგ, რაც სავჩენკო საბოლოო სიტყვით გამოვა. უკრაინელ მფრინავს ადრე ნათქვამი აქვს, რომ მშრალ შიმშილობას გამოაცხადებდა, თუ რუსეთი მას უკრაინაში არ დააბრუნებდა სასამართლოს ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ 10-დღიან ვადაში. ნათელი არ არის, გადაწყვეტილება, სასამართლოს სხდომის გადადების შემდეგ დაეწყო შიმშილობა, ნადია სავჩენკომ სპონტანურად მიიღო, თუ წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

შეგახსენებთ სავჩენკოს გახმაურებული საქმის დეტალებს. მონაწილეობა 2014 წლის 17 ივნისს აღმოსავლეთ უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში და რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ გადასვლა - ეს არის ბრალდებები, რომელთა საფუძველზეც რუსეთში ასამართლებენ უკრაინელ სამხედრო მფრინავს. ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ ის რუსეთის ტერიტორიაზე იქნა დაკავებული და მოითხოვს სავჩენკოსთვის 23 წლით პატიმრობის მისჯას, მისთვის ფულად ჯარიმად 100 ათასი რუბლის (1350 დოლარის) შეფარდებასთან ერთად.

სავჩენკოს დაცვა უარყოფს ბრალდებებს: აცხადებს, რომ უკრაინელი მფრინავი სეპარატისტებმა შეიპყრეს აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის ივნისში, ჯერ კიდევ ორი ჟურნალისტის დაღუპვამდე, და შემდეგ ტყვე უკანონოდ გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე.

ნადია სავჩენკო უკრაინის პარლამენტის წევრია და უკრაინის წარმომადგენელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. დღეს ის ტრადიციული უკრაინული სამოსით გამოცხადდა სასამართლოში დაცვის საბოლოო სიტყვის მოსასმენად. მანვე პროტესტი გამოთქვა, როცა მოსამართლემ გააკეთა განცხადება ადვოკატის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეუსაბამობაზე: „მომისმინეთ, სასამართლო! გეტყვით შემდეგს: არა მგონია, აქ უნდა ვისმენდე მარტო ჩემს მიმართ პროკურორების ცილისწამებას. თქვენ თავის დროზე არ მოისურვეთ მტკიცებულებების ნახვა - ეს, უბრალოდ, აკრძალეთ! ჩვენ გაჩვენებდით მტკიცებულებებს. მე შემოგთავაზეთ ექსპერიმენტის ჩატარება ჩემთვის თვალების ახვევით იმის დასადგენად, რა შეიძლებოდა დამენახა. თქვენ ნახევარი წელი უარს ამბობდით ამის მოსმენასა და დანახვაზე. ახლა კი ხელს მიშლით, თავი დავიცვა სასამართლო პროცესის ბოლო დღეს?“

ნადია სავჩენკოს ამ პროტესტს მოჰყვა მოსამართლის შენიშვნა, ნუ უშლით ხელს პროცესსო, და გაფრთხილება, რომ დარბაზიდან გააძევებდნენ, თუ შენიშვნას არ გაითვალისწინებდა.

კიევი აცხადებს, რომ ნადია სავჩენკოსათვის წაყენებული ბრალდებები შეთითხნილია და მას სამხედრო ტყვესავით უნდა მოექცნენ.