საქართველო უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან საერთაშორისო კამპანიას. „საქართველოს ქალთა მოძრაობა“ 25 ნოემბრიდან, 10 დეკემბრის ჩათვლით, ამ კამპანიასთან დაკავშირებით მთელი საქართველოს მასშტაბით აქციებს გამართავს ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2014 წელს 31 526 ადამიანი დაქორწინდა, აქედან 3 984, ანუ 13 პროცენტი, არასრულწლოვანი გოგონაა. საქართველოს ქალთა მოძრაობის აქტივისტი თეო ქავთარაშვილი ასეთ ქორწინებას ქალთა მიმართ ძალადობას უწოდებს და ამბობს, საზოგადოება ქალებს არჩევანის თავისუფლებას ართმევსო:
„სამწუხაროდ, ეს არის კულტურის ნაწილი. როდესაც ჩვენ პატრიარქალურ საზოგადოებაზე ვსაუბრობთ, ასეთ საზოგადოებას ქალთან მიმართებაში აქვს ერთი მოთხოვნა: თუ მას უნდა სრულფასოვანი ქალი იყოს, ის უნდა გათხოვდეს. ამიტომ, ბავშვებშიც და ქალებშიც თვითმიზანი გათხოვება ხდება, რაც, სამწუხაროდ, თავიანთი მომავლისადმი გაუაზრებელი დამოკიდებულებაა“.
ქორწინების შემდეგ გოგონები პროფესიული და პიროვნული განვითარების შანსს კარგავენო, ამბობენ კამპანიის მონაწილეები. გარდა ამისა, ისინი ლაპარაკობენ ჯანმრთელობის პრობლემებზეც, რომლებიც არასრულწლოვან გოგონებს გათხოვების შემდეგ ექმნებათ. გენდერული საკითხების მკვლევარი, სოციოლოგი გიორგი ურჩუხიშვილი ამბობს, რომ გოგონები, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებას სრულიად სწყდებიან:
„ახალგაზრდა გოგონას გათხოვება ნიშნავს, რომ მის სხეულზე როგორც საზოგადოება, ასევე ოჯახი კონტროლს აწესებს - ის რომელიმე ერთი ინსტიტუციის საკუთრება ხდება. გარდა იმისა, რომ მას გადაწყვეტილების მიღება აღარ შეუძლია, განათლებასაც ვეღარ იღებს, მას არ შეუძლია ამოირჩიოს სასურველი პარტნიორი, რომელთანაც თავს ბედნიერად იგრძნობდა“.
ოჯახები, ფაქტობრივად, ერთმანეთთან გარიგებებში შედიან და ასე ცვლიან ერთმანეთში გოგონებს. ამიტომაც, პარლამენტში შესულია ომბუდსმენის ინიციატივა, რომ 18 წლამდე ქორწინება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში დაიშვებოდეს...ბაია პატარაია
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინებისათვის აუცილებელია საქორწინო ასაკი და დასაქორწინებელი ადამიანების თანხმობა. აქვე საქორწინო ასაკად 18 წელია განსაზღვრული, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ასევე დაშვებულია ქორწინება 16 წლის ასაკიდანაც, თუ არსებობს მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების წერილობითი თანხმობა. თუ ასეთი თანხმობა არ არსებობს, დასაქორწინებელი ადამიანების განცხადების საფუძველზე ნებართვის გაცემა სასამართლოსაც შეუძლია.
ქალთა მოძრაობის აქტივისტი, იურისტი ბაია პატარაია ამბობს, რომ საქართველოში სამოქალაქო კოდექსის ამ პირობას ზოგი მშობელი ბოროტად იყენებს:
„ოჯახები, ფაქტობრივად, ერთმანეთთან გარიგებებში შედიან და ასე ცვლიან ერთმანეთში გოგონებს. ამიტომაც, პარლამენტში შესულია ომბუდსმენის ინიციატივა, რომ 18 წლამდე ქორწინება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში დაიშვებოდეს და ამ გამონაკლისებს მხოლოდ სასამართლო უშვებდეს. ჩვენ ამ სულისკვეთებას ვიზიარებთ“.
ასეთი გამონაკლისის დაშვების საფუძველი შეიძლება, ვთქვათ, ორსულობა იყოსო, ამბობს ბაია პატარაია. ის ლაპარაკობს კიდევ ერთ პრობლემაზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაზე, რომელიც, მისი თქმით, საქართველოში ბევრია და ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო უძლურია:
„მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს ძალიან ცხადი დამოკიდებულება, პოლიტიკა არა მარტო საკანონმდებლო დონეზე, არამედ ზრუნავდეს მის იმპლემენტაციაზეც“.
კამპანია არასრულწლოვანთა ქორწინების წინააღმდეგ „ქალთა მოძრაობამ“ 19 ნოემბერს დააანონსა და პირველ აქციას 25 ნოემბერს საქართველოს 11 ქალაქში გამართავს.