აჭარა: მოქალაქეების მწვანე აქტივიზმი და მისი შედეგები

ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებული დისკუსია ბათუმში

ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ ბათუმში გამართულ დისკუსიაზე განიხილეს მწვანე აქტივიზმის მაგალითები აჭარაში და მისი შედეგი, რომელიც მოქალაქეების პროტესტს ან აქტივობას მოჰყვა.

Your browser doesn’t support HTML5

აჭარა: მოქალაქეების მწვანე აქტივიზმი და მისი შედეგები

დისკუსიაზე ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად დასახელდა ბათუმის ბულვარის დამცველთა გამოსვლა - როდესაც, 2016 წელს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ზღვისპირა პარკის განვითარების კონცეფციის მიღება გადაწყვიტა, შედეგად კი ბათუმელების წინააღმდეგობა და პროტესტი მიიღო, რადგან მოქალაქეების ნაწილისთვის ძეგლის სტატუსის მქონე ბათუმის ბულვარის შესაძლო სახეცვლილება კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა.

დისკუსიის ერთ-ერთმა მომხსენებელმა და საზოგადოება „ბათომის“ წევრმა ირმა ზოიძემ განაცხადა, რომ ბათუმის ბულვარის შემთხვევაში სამოქალაქო პროტესტმა შედეგი გამოიღო, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლების დაცვის დროს პროტესტს მოქალაქეების მხოლოდ მცირე ჯგუფი გამოხატავს, რის გამოც ხელისუფლება ხშირად არ ითვალისწინებს სამოქალაქო სექტორის მოთხოვნებს:

ბულვარის დამცველთა აქცია ბათუმში 2016 წელს

„ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები ჩაერთვნენ ამ პროცესში - მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც არასდროს არც ერთ აქციაზე არ ყოფილან და ხმა არ ამოუღიათ, ისინიც კი გამოვიდნენ გარეთ და იბრძოდნენ, ბევრი ადამიანი მოგროვდა მაშინ. ბულვარი ჩვენ გადავარჩინეთ ყველამ ერთად. ამაზე შევთანხმდეთ, რომ არა ყველას ძალისხმევა, ეს არ გამოვიდოდა, მაგრამ ამის შემდეგ გავჩერდით. ძნელია ამასთან ბრძოლა, იმიტომ რომ მეორე მხარეს დიდი ძალაა, დიდი ფული და გავლენებია. ბუნებრივია, ამ ყველაფერს მარტივად ვერ გავუმკლავდებით“.

ბათუმის ბულვარის დამცველების მსგავსად, მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები და ადგილობრივთა დიდი უკმაყოფილება მოჰყვა მაღალმთიან აჭარაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. მიუხედავად ადგილობრივ მცხოვრებთა აქტიურობისა, პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო, - განაცხადა დისკუსიის მოდერატორმა, ჟურნალისტმა ნატა იმედაიშვილმა:

რადიკალური პროტესტი საზოგადოებაში ხშირ შემთხვევაში იწვევს გამიჯვნის სურვილს, მაგრამ, სტრატეგიების მიხედვით, ეს ყველაზე წარმატებული აღმოჩნდება ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ხშირად ბრაზდება ამაზე, იმიტომ რომ რადიკალური პროტესტის ფორმას არ არის მიჩვეული...
ირაკლი კუპრაძე

„როდესაც მაღალმთიან აჭარაში ჰესების მშენებლობა იწყებოდა, მაშინ ადგილობრივების განსაკუთრებულად დიდი აქტივობა იყო. ეს მხოლოდ კერძო ინტერესი არ იყო, ეს იყო, აგრეთვე, გლობალური ინტერესი, ეკოლოგიის გლობალური დეგრადაციის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი. ჰესების მშენებლობის დაწყებას დიდი ნერვიულობა და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, მაგრამ სამოქალაქო აქტივიზმი არ სრულდებოდა და ბოლომდე არ მიდიოდა. ამას არ ჰქონდა ის შედეგი, რომელიც საზოგადოებას სჭირდებოდა“.

აჭარის მაღალმთიანეთში დამეწყრილ ფერდობებზე ჰესის მშენებლობას, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, სპეციალისტების ნაწილიც ეწინააღმდეგებოდა. ამ თემაზე მათ ნაშრომებიც გამოაქვეყნეს და ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ ხელისუფლება გააფრთხილეს, თუმცა, როგორც აქტივისტმა ირმა ზოიძემ განაცხადა, მეცნიერთა ნაწილის რეკომენდაცია ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა:

„გავიხსენოთ „მწვანე ალტერნატივის“ სერიოზული დასკვნა და ანალიზი მშენებარე ჰესების თემაზე. თუ ჩვენ ამ ნაშრომში კარგად ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ არც ეკონომიკური სარგებელია და ნამდვილი ეკოლოგიური კატასტროფაა... თუ შეფარდებას გავაკეთებთ, რას ვიღებთ სანაცვლოდ? სამწუხაროდ, ეს არ გამხდარა საჯარო განხილვის თემა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავინახავთ კონკრეტული პირების ინტერესებს. ახლანდელი ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი იმასაც კი ამბობს, დიდი ამბავი, თუ ჩვენ სრულყოფილად არ გაგვიკეთებია გარემოზე ზემოქმედების ანგარიში, იმიტომ რომ აქ 4 მილიონზეა ლაპარაკი და ეს თანხა უპირატესია, ვიდრე გარემოზე ზემოქმედების შეფასებაო“.

ბულვარის დამცველთა აქცია ბათუმში 2016 წელს

დისკუსიაში მონაწილე ჟურნალისტმა ირაკლი მსხილაძემ განაცხადა, რომ მაღალმთიან აჭარაში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში სამოქალაქო თვითორგანიზების კარგი მაგალითია ხულოს მუნიციპალიტეტის დამეწყრილი სოფელი ღურტა. პირველი პროტესტი სწორედ ამ სოფლის ადგილობრივებმა გამოთქვეს და მრავალრიცხოვანი აქცია მოაწყვეს, შემდეგ კი სარჩელი სასამართლოში შეიტანეს:

„წლების განმავლობაში სასამართლო არ დასრულებულა და დღესაც სოფელი ჩადის თბილისში, სადაც სასამართლო პროცესი იმართება. სოფელმა უჩივლა ჰესის მშენებელ კომპანიას და აპროტესტებს ჰესის მშენებლობის კანონიერებას, უკვე სამი წელია, მოსამართლემ კი დღემდე ვერ გამოიტანა გადაწყვეტილება და არის სასაცილო სიტუაცია, როდესაც ჰესის მშენებლობა უკვე დასრულდა და დღემდე არ არის ცნობილი, კანონიერია თუ არა ის ნებართვა, რომელიც ჰესის მშენებლობაზე გაიცა. ანუ სასამართლო სისტემა თუ არ არის გამართული ქვეყანაში, ეს სოფელი ვერ გრძნობს, რომ სახელმწიფო მისკენაა, სახელმწიფოსთან ვერ აიგივებს თავს“.

ირაკლი კუპრაძე

მწვანე აქტივიზმი ხშირად შედეგს რადიკალური პროტესტით აღწევს, თუმცა პროტესტის ასეთი ფორმა მოქალაქეების ნაწილს აშინებს კიდეც. ეს გამოცდილება დისკუსიის მონაწილეებს სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ აქტივისტმა ირაკლი კუპრაძემ გაუზიარა:

„რადიკალური პროტესტი საზოგადოებაში ხშირ შემთხვევაში იწვევს გამიჯვნის სურვილს, მაგრამ, სტრატეგიების მიხედვით, ეს ყველაზე წარმატებული აღმოჩნდება ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ხშირად ბრაზდება ამაზე, იმიტომ რომ რადიკალური პროტესტის ფორმას არ არის მიჩვეული. ხელისუფლებას კი ეშინია მხოლოდ რადიკალური პოზიციების, ყვირილის, ხმაურის, პიკეტირების. უდიდესი პრობლემაა, აგრეთვე, ცოდნის ნაკლებობა აქტივისტებში, ვინაიდან ჩვენ იმპულსურად ვართ ხოლმე მომართული პროტესტისთვის და ხშირ შემთხვევაში ჩვენი წინააღმდეგობა დაფუძნებულია იმაზე, რომ ეს არ მოგვწონს და არა იმაზე, რა მოგვწონს და რა გვინდა. ანუ სამოქალაქო მოძრაობები არ არიან მიმართულები რაღაცისთვის, არამედ რაღაცის წინააღმდეგ. ანუ ჩვენ გვაკლია სტრატეგია, გვაკლია მუშაობა, მათ შორის, ცოდნის თვალსაზრისით“.