მთავრობის „ეკონომიური“ ცვლილება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარუდგინა. ძირითადი ცვლილებები შეეხო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი გახარია, რომელიც დიმიტრი ქუმსიშვილს შეცვლის. დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას, რომელზეც 2012 წლიდან ნოდარ ხადური მუშაობდა. გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, შეიცვლება ასევე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ნოდარ ჯავახიშვილის შემცვლელად დასახელდა ზურაბ ალავიძე. ყოფილი თავისუფალი დემოკრატი ვიქტორ დოლიძე წარდგენილია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე. ენერგეტიკის სამინისტროში ბრუნდება კახა კალაძე, რომელმაც თანამდებობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო დატოვა.

Your browser doesn’t support HTML5

მთავრობის „ეკონომიური“ ცვლილება

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენისას განაცხადა, რომ მინისტრების შერჩევისას იხელმძღვანელა საარჩევნო პროგრამაში ჩამოყალიბებული რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმითა და მათი ეფექტიანად განხორციელების პერსპექტივით:

„ჩემი, როგორც მთავრობის მომავალი მეთაურის, უმთავრესი ამოცანაა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ საქართველოში არსებული დემოკრატიული გარემო, უსაფრთხოების ხარისხი და, ამავდროულად, უზრუნველვყოთ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება. მომავალ მინისტრთა კაბინეტში ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს შეცვლის პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. დიმტირი არის ძალიან გამოცდილი ფინანსისტი, ეფექტური მენეჯერი და აქვს მაღალ თანამდებობებზე მუშაობის დიდი გამოცდილება. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა: ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაცია, ტექნოპარკების შექმნა და ა.შ.“.

დიმიტრი ქუმსიშვილი წარდგენილია ასევე პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნდება ასევე კახა კალაძე, მოქმედი მინისტრი ილია ელოშვილი მისი მოადგილე იქნება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შეიცვლება რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი:

„პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ნოდარ ჯავახიშვილს, რომლის მინისტრობის პერიოდში დაიწყო არაერთი ძალიან დიდი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი გახლავთ როშკა-არხოტის გზის მშენებლობა, რომელსაც საუკუნის პროექტი ეწოდა. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრად წარმოგიდგენთ ბატონ ზურაბ ალავიძეს, რომელიც გახლავთ ახალგაზრდა, ენერგიული მენეჯერი, რომელიც თავის საქმიანობას ძირითადად კერძო სექტორში წარმართავდა. ის ასევე გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე“.

გიორგი კვირიკაშვილმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა ვიქტორ დოლიძე, რომელმაც არჩევნების შემდეგ დატოვა ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ რიგები. რაც შეეხება კიდევ ერთ სამინისტროს, დიასპორის საკითხთა სამინისტროს, ის შეუერთდებაა საგარეო საქმეთა სამინისტროს. პარლამენტის საპროცედურო საკითხებისა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განმარტებით, პარლამენტმა, შესაძლოა, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა მიმდინარე სასესიო კვირაშივე გამოუცხადოს:

„მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს თავდაპირველად განვიხილავთ კომიტეტების სხდომებზე, მეორე დღე დაეთმობა პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრას, რომელიც გაიმართება როგორც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ასევე „პატრიოტთა ალიანსთან“, უმცირესობასთან და უმრავლესობასთან, და მესამე დღე დაეთმობა პლენარულ სხდომას“.

ჩვენ ვხედავთ, რა მდგომარეობაში არის ლარი, რამხელა პრობლემაა უმუშევრობა და, ფაქტობრივად, იგივე გუნდის შეთავაზება ნიშნავს იმას, რომ არსებითად არაფრის შეცვლას არ აპირებენ. პოლიტიკური პროცესები არის აბსოლუტურად არაჯანსაღი. პოლიტიკურ პროცესებს მართავს სუსი და წარმოდგენილი იგივე შს მინისტრი, რომელიც იმავე ხედვით აპირებს მართვას...
ელენე ხოშტარია

მთავრობისათვის ნდობის გამოსაცხადებლად საჭიროა სიითი შემადგენლობის უბრალო უმრავლესობა. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ არ გაუჭირდება მთავრობის დამტკიცება ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე. ვიცე-სპიკერ ზვიად ძიძიგურის თქმით, მთავრობის ახალი წევრები, პარლამენტის მხარდაჭერით, შეასრულებენ მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმას.

გიორგი კვირიკაშვილის გუნდის მხარდაჭერას არ აპირებენ პარლამენტში წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“.

ელენე ხოშტარიას, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თქმით, ცვლილებები მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ კმაყოფილია ხელისუფლებაში ყოფნის ოთხი წლით და არაფრის შეცვლას არ აპირებს:

„ჩვენ ვხედავთ, რა მდგომარეობაში არის ლარი, რამხელა პრობლემაა უმუშევრობა და, ფაქტობრივად, იგივე გუნდის შეთავაზება ნიშნავს იმას, რომ არსებითად არაფრის შეცვლას არ აპირებენ. პოლიტიკური პროცესები არის აბსოლუტურად არაჯანსაღი. პოლიტიკურ პროცესებს მართავს სუსი და წარმოდგენილი იგივე შს მინისტრი, რომელიც იმავე ხედვით აპირებს მართვას. ასევე არაფრის შეცვლას არ აპირებენ ეკონომიკის თვალსაზრისით“.

მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არც „პატრიოტთა ალიანსი“ დაუჭერს, რომლის ლიდერის, ირმა ინაშვილის, თქმით, მთავრობის ზოგიერთ წევრს ჩადენილი აქვს დანაშაული, რისთვისაც მათ პასუხი უნდა აგონ:

„მხარს არ დავუჭერთ არავითარ შემთხვევაში კულტურის მინისტრს, რომელმაც ააფეთქა საყდრისი და ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გამოსაძიებელია. არ დავუჭერთ მხარს გარემოს დაცვის მინისტრს, რადგანაც უმოწყალოდ იჩეხებაა ტყეები, ძალიან დიდი კორუფიცაა ამ სფეროში და პასუხი უნდა აგოს გარემოს დაცვის მინისტრმა. ასევე პასუხი უნდა აგოს მან საგარეჯოს არჩევნების გაყალბების გამო“.

რაც შეეხება პოლიტიკის ექსპერტებს, მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობის შემადგენლობის განახლებით პასუხი ვერ გაეცა მთავარ შეკითხვას - შეიცვალა თუ არა გადაწყვეტილების მიღების ადგილი. გია ხუხაშვილის კომენტარი:

„მთავარი და ფუნდამენტური კითხვა, რაზეც უნდა გაეცა ახალ შემადგენლობას პასუხი, ეს არის, გადავდივართ ინსტიტუციურ მმართველობაზე თუ არა, ან არის თუ არა ეს გუნდი, რომელსაც აქვს სერიოზული და არა კოსმეტიკური რეფორმისტული პოტენციალი და, მეორე, არის კი ის გუნდი, რომელიც მართავს ქვეყანას და, შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას და პასუხისმგებელია ამ გადაწყვეტილებებზე, თუ ძალის ცენტრი კვლავ უნდა ვეძებოთ სადღაც სხვაგან. ვფიქრობ, რომ არც ზედმეტი ოპტიმიზმი და არც ზედმეტი პესიმიზმი ამ ეტაპზე არ იქნებოდა სწორი და ჩვენ უნდა ვაცადოთ 100 დღე და შემდეგ ვიმსჯელოთ დაზუსტებით, საით მიდის ეს ქვეყანა“.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია,ქვეყნის ეკონომიკასა და ფინანსებში შექმნილი პრობლემების გამო, მთავრობის ეკონომიკური გუნდის განახლებას მოელოდა. რაც შეეხება მთავრობის სხვა წევრებს. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მათი შეცვლით არც არაფერი შეიცვლებოდა:

„თუ არ ჩავთვლით ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებს, დანარჩენ სამინისტროებს მინისტრი რომ არ ჰყავდეს, არც დაეტყობა და არც ეტყობა კარგი მენეჯერის ხელი. იქ ბიუროკრატია ინერციით ასე თუ ისე მუშაობს და რამე განსაკუთრებული არ ხდება, როცა მინისტრი მიდის თუ მოდის. ასე რომ, დიდი აზრი არც ჰქონდა იმას, თუ ვის დანიშნავდნენ ამ სამინისტროებში“.

შეიცვლება თუ არა რამე მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეცვლით? შეჩერდება თუ არა ლარის დევალვაცია? - ამ კითხვების პასუხად ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ფისკალური პოლიტიკა იქნება ორიენტირებული მდგრადობასა და სტაბილურობაზეო.

„ამოცანა არ არის ლარის კურსის დევნა. ამოცანა არის დამოკიდებულების შეცვლა, რომ ჩვენს მოსახლეობას ლარის კურსის ცვლილებასთან ერთად არ ეცვლებოდეს ის განკარგვადი შემოსავალი, რაც მათ რჩებათ გადასახადების გადახდისა და სესხის მომსახურების კვალდაკვალ. ამ პოლიტიკას აუცილებლად განვახორციელებთ ეროვნულ ბანკთან ერთად. არის მსოფლიოში რამდენიმე ძალიან კარგი მაგალითი, თუ როგორ მოახერხეს ქვეყნებმა დოლარიზაციის დაძლევა და, ამავე დროს, როგორ მოახერხეს იმ სოციალური წნეხის მოშორება, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია“, განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.