რა შეიცვლება მსოფლიოში პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ, რომელსაც 17 ადამიანის - მათ შორის, ჟურნალ „შარლი ებდოს“ ათი თანამშრომლის - სიცოცხლე ემსხვერპლა? ეს კითხვა დღეს მსოფლიო მედიის მთავარი კითხვაა. ამ შეკითხვის პასუხის მოლოდინშია ის მილიონობით ადამიანი, ვინც 11 იანვარს პარიზსა და ევროპის სხვა დიდ ქალაქებში „ერთიანობის მარშს“ შეუერთდა, გამოხატვის თავისუფლებას დაუჭირა მხარი და ტერორიზმი გააპროტესტა. რა შეიცვლება თავად აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის ან რა გავლენას მოახდენს მსოფლიო პოლიტიკური პროცესები საქართველოზე?
„ერთიანობის მარშს“ პარიზში მსოფლიოს 40 ქვეყნის ლიდერი და მილიონ-ნახევარი ადამიანი შეუერთდა. ლიონი, ბორდო, მარსელი - ამ და საფრანგეთის სხვა ქალაქებში გამოხატვის თავისუფლების დასაცავად და ტერორიზმის წინააღმდეგ სამ მილიონზე მეტი დემონსტრანტი გამოვიდა, ლოზუნგით „მე ვარ შარლი“.
მშვიდობიანი დემონსტრაციები გაიმართა ევროპის სხვა დიდ ქალაქებში - ლონდონში, მონრეალში, ბერლინში, ბრიუსელში, ვენაში. მადრიდში, სწორედ იმ ადგილას, სადაც 2004 წელს, ტერორისტული აქტის შედეგად, 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ქუჩაში გამოსული მუსლიმი მოსახლეობის აქციის მთავარი ლოზუნგი იყო "არა ჩემი სახელით".
საფრანგეთი არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ როგორი მხარდაჭერა გამოიჩინა ფრანგმა ხალხმა, ასევე მისმა ლიდერებმა საქართველოს მიმართ აგვისტოს ომის დროს...ირაკლი ღარიბაშვილი
მსოფლიო ლიდერებთან ერთად საფრანგეთის მთავრობას სოლიდარობა საქართველოს მთავრობამაც გამოუცხადა. პარიზში ჩასულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 7 იანვრის ტრაგიკულმა მოვლენებმა მთელი მსოფლიო გააერთიანა, საქართველო კი, როგორც საფრანგეთის მეგობარი ქვეყანა, უერთდება სხვა ქვეყნების სოლიდარობას:
„საფრანგეთი არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ როგორი მხარდაჭერა გამოიჩინა ფრანგმა ხალხმა, ასევე მისმა ლიდერებმა საქართველოს მიმართ აგვისტოს ომის დროს. და, ზოგადადაც, ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანება აუცილებელი, ამის მომსწრე გავხდით კიდეც დღეს“.
პარიზში განვითარებულ მოვლენებს ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით გამოეხმაურა სპიკერი დავით კერესელიძეც, რომლის განცხადებით, საქართველოს მთავრობა შეშფოთებას გამოთქვამს პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო:
„ეს იყო პრესისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელებული ბარბაროსული აქტი, რომელიც ადასტურებს რადიკალური იდეოლოგიის საფრთხეების სერიოზულობას. ტერორიზმისა და რადიკალური ექსტრემიზმის წინააღმდეგ გამართულმა მასშტაბურმა მილიონიანმა მარშმა ერთად შეკრა საერთაშორისო თანამეგობრობა. ეს იყო უპრეცედენტო მსოფლიო კონსოლიდაციის დემონსტრირება, რომელსაც საქართველოც უერთდება. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს სოლიდარობას მთელი დემოკრატიული სამყაროს მიმართ".
მნიშვნელოვანია, რომ საქართველომაც გააძლიეროს მუშაობა ტერორისტების გადაადგილების, ტერორიზმის მცდელობის აღკვეთის კუთხით. ყველაფრის კონტროლი უნდა გამკაცრდეს, რომ ევროპელებს დავუმტკიცოთ, რომ უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში ეს ევროპას საფრთხეს არ შეუქმნის.კახა გოგოლაშვილი
7-9 იანვარს პარიზში რადიკალი ისლამისტების თავდასხმებმა სულ 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის, გამოცემა „შარლი ებდოს“ ათი თანამშრომლისაც. მსოფლიო მედიასაშუალებებში გამართული დისკუსიების დროს პარიზის ტერაქტის პარალელებზე საუბრისას არაერთხელ გაიხსენეს 11 სექტემბრის ტრაგედიაც, ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა კი, რომელიც მსოფლიო საზოგადოებას გაუჩნდა, არის: რას შეცვლის პარიზის ტერაქტი საფრანგეთისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის? 11 სექტემბრის შემდგომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გამკაცრებულ პოლიტიკას იხსენებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი და აცხადებს,რომ პარიზის ტერაქტი, ფაქტობრივად, გაუთანაბრდა 11 სექტემბრის ტერაქტს, რომლის შემდეგაც აშშ-ში გამკაცრდა მიმოსვლა, გარკვეული თავისუფლებები შეიზღუდა, მიიღეს არაერთი კანონი, რომელმაც სახელმწიფოს მისცა ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება. მსგავს ცვლილებებს, გოგოლაშვილის აზრით, უნდა ველოდეთ ევროპის ქვეყნებშიც. ცვლილებები შესაძლოა ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის მოლოდინშო მყოფ საქართველოზეც გავრცელდეს. ამ ფონზე საქართველოც განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას:
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველომაც გააძლიეროს მუშაობა ტერორისტების გადაადგილების, ტერორიზმის მცდელობის აღკვეთის კუთხით. ყველაფრის კონტროლი უნდა გამკაცრდეს, რომ ევროპელებს დავუმტკიცოთ, რომ უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში ეს ევროპას საფრთხეს არ შეუქმნის“.
კახა გოგოლაშვილის აზრით, სავარაუდოდ, მოთხოვნები გაიზრდება დასავლეთის ქვეყნების პარტნიორი აღმოსავლეთის ისლამისტური სახელმწიფოების მიმართაც. მათ მკაცრად მოსთხოვენ მათ ქვეყნებში ექსტრემისტული ისლამური დაჯგუფებების აკრძალვას, უფრო ეფექტურ კონტროლს. კახა გოგოლაშვილი ამ საკითხებზე არც საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას და მასშტაბური დიპლომატიური მოლაპარაკებების დაწყებას გამორიცხავს:
„რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთში ბრძოლას, ვფიქრობ, ის უფრო ინტენსიური გახდება, ყოველ შემთხვევაში, საფრანგეთი ემზადება იმისათვის, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს ოპერაციაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ასევე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უნდა გამკაცრდეს ევროპის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების რეკრუტირების კონტროლი და, რაც მთავარია, აღიკვეთოს ეს შესაძლებლობა, რადგან, როგორც ცნობილია, ევროკავშირის ქვეყნებში ძალიან ბევრ ადგილობრივ მოქალაქეს ამზადებენ, რომლებიც შემდეგ საომრად მიდიან ერაყში“.
ტერორიზმის გლობალურ ხასიათზე მეტყველებს აფრიკაში განვითარებული პროცესებიც. კახა გოგლაშვილის აზრით, აფრიკის ქვეყნებში ექსტრემისტული ორგანიზაციები სულ უფრო სწრაფად იზრდება და მოძრაობის სახეს იღებს - ამის მაგალითია თუნდაც ნიგერია, სადაც კონტროლის დაკარგვა შესაძლოა მთელ აფრიკაზე უარყოფითად აისახოს. შესაძლოა, ევროპა ერთიანი ძალით გაუმკლავდეს იმას, რაც ერაყში ხდება, ფიქრობს პოლიტოლოგი, მაგრამ ცალკე ტერორიზმის კერები გაჩნდეს აფრიკაში და იქიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდეს. ევროპის - და არამხოლოდ მისი - მეორე თავისტკივილი რუსეთია. კახა გოგოლაშვილის აზრით, რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა საერთაშორისო არენაზე შესაძლოა პირდაპირ არ უკავშირდებოდეს ისლამური ტერორიზმის გაღვივებას, მაგრამ ის ფაქტორი, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპა ისლამური ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ ბრძოლით იქნება დაკავებული, რუსეთს ხელს გაუხსნის საკუთარი გეგმების განხორციელებაში. გოგოლაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ დასავლეთს რუსეთთან თანამშრომლობა ისევ დასჭირდეს. ამ ფონზე შესაძლოა მძიმე დრო დაუდგეთ იმ ქვეყნებს, რომლებიც წლებია რუსეთის გავლენის სფეროდან გამოსვლას ცდილობენ.
ასევე ველი, რომ დისკუსია დაიწყება ჩვენნაირ ქვეყნებში. ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ არსებობს საფრთხე, მაგრამ ასევე დავინახეთ, თუ რა არის მსოფლიოს მთავარი ფასეულობები და რამდენად ძლიერია ამ ფასეულობების დაცვის იმპულსები...ლაშა ტუღუში
ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ პოლიტიკის შეცვლის პირველი ინიციატივით უკვე გამოვიდა ესპანეთის ხელისუფლება, რომელმაცშენგენის შეთანხმების დებულებათა გადახედვა და შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს შორის სასაზღვრო კონტროლის შემოღება მოითხოვა.
მაინც საით წავა მსოფლიო, პარიზში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე? ეს შეკითხვა გაზეთ „რეზონანსის“ მთავარ რედაქტორს, ლაშა ტუღუშსაც დავუსვით, რომლის გაზეთის პირველ გვერდსაც წლების განმავლობაში არაერთხელ მიუმართავს პოლიტიკური სატირისათვის. ტუღუში არ გამორიცხავს, რომ უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან ერთად, დასავლეთმა შეიძლება გადადგას უფრო მკაცრი ნაბიჯები ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ და ძალა გამოიყენოს. მეორე მხრივ, მისი პროგნოზით, მსოფლიო, სავარაუდოდ, დაფიქრდება მიდგომების შეცვლაზე, რათა მომხდარმა ფაქტმა არ გამოიწვიოს ცივილიზაციების დაპირისპირება:
„ასევე ველი, რომ დისკუსია დაიწყება ჩვენნაირ ქვეყნებში. ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ არსებობს საფრთხე, მაგრამ ასევე დავინახეთ, თუ რა არის მსოფლიოს მთავარი ფასეულობები და რამდენად ძლიერია ამ ფასეულობების დაცვის იმპულსები. ჩვენც აქეთ უნდა წავიდეთ - რაც შეიძლება მეტი დემოკრატიული რეფორმა გავატაროთ. ამას გარდა, მაქვს დაძაბული შინაგანი მოლოდინი, თუ რა პროცესები მოჰყვება ასეთ პროტესტს აღმოსავლეთის ქვეყნებში, რა გაკვეთილი იქნება ეს მათთვის“.
მსოფლიოში მოსალოდნელი ცვლილებების ფონზე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში პარიზის ტერაქტის შედეგებს საქართველოს კონტექსტში აფასებს ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძეც. მისი თქმით, საინტერესოა, რომ საქართველოში რამდენიმე გამოცემა იძულებული გახდა თავად დაეგმო ძალადობა და გაეპროტესტებინა სხვა რელიგიის შეურაცხყოფა. სავარაუდოდ, მათ გააცნობიერეს, რომ ტერორისტული აქტის გამართლებით, ხვალ შესაძლოა მათაც შეჰქმნოდათ მსგავსი პრობლემა. ლევან ღამბაშიძის აზრით, პარიზში მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა საქართველოს სახელმწიფოს უნდა უბიძგოს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეები არ ჩაერთონ ტერორისტულ საქმიანობაში.
უკვე ცნობილია აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ინიციატივა -18 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართოს მსოფლიო სამიტი უსაფრთხოების საკითხზე. საინფორმაციო სააგენტო „ფრანსპრესი" ავრცელებს ამერიკის გენერალური პროკურორის ერიკ ჰოლდერის სიტყვებს, რომლის თანახად,ისინი შეკრებენყველა მომხრეს იმ ზომების განსახილველად, რომელთა მიღებაც შეეძლებათ წამყვან ქვეყნებს მსოფლიოში გავრცელებული ექსტრემიზმის წინააღმდეგ.