მრავალხმიანი ნაწარმოები ცენზურაზე

წიგნის, როგორც პროდუქტის ფენომენი ახალ ეპოქაში ტრანსფორმაციებს განიცდის. იგი უკვე აღარაა აუცილებელი, რომ იყოს ერთი ადამიანის ან ავტორთა ჯგუფის მიერ დაწერილი ტექსტი, ანდა შემდგენლის მიერ შერჩეული ტექსტების ნაკრები. საერთოდაც, წიგნი უკვე აღარაა აუცილებელი, რომ იყოს დაწერილი. წიგნი შეიძლება იყოს ნალაპარაკევი. პირველი ცოცხალი მოლაპარაკე წიგნი პრინციპში სოკრატე იყო, მსგავსი ფენომენი იყო ცოტა ხნის წინ მერაბ მამარდაშვილი. კი, წერდა ხანდახან, მაგრამ მისი წიგნების დიდი ნაწილი ნალაპარაკევია. ჭკვიანური ლაპარაკი თუნდაც გარეგნულად მოსაწყენ თემაზე სხვანაირად ცოცხალია ხოლმე, ის, რაც ნაწერში ავად თუ კარგად ქვავდება და ჩამოყალიბებულ სახეს იღებს, ნალაპარაკევში პირველად ელასტიკურობას ინარჩუნებს, იმ ნალაპარაკევშიც კი, რომლის პროეცირება უკვე ქაღალდზე ხდება. დღეს ერთ ასეთ ნალაპარაკევ წიგნზე მინდა გელაპარაკოთ: ესაა „დიალოგი ცენზურაზე“, რომელიც ახლახან გამოსცა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“. ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ და რადიო „შოკოლადის“ 2013-2014 წლის ერთობლივი პროექტი, რომელსაც ლაშა ბუღაძე უძღვებოდა. ანუ სხვადასხვა ადამიანს ერთ თემაზე – ცენზურაზე – ელაპარაკებოდა. ამ 350-გვერდიან წიგნში 40-ზე მეტი ადამიანის ხმა ისმის, და ეს ამდენი ხმა ყაყანში კი არ გადადის, არამედ პოლიფონიურ ერთობას ქმნის. დირიჟორი ლაშა ბუღაძე, თავისი ორკესტრანტების დახმარებით, ახერხებს, ფაქტობრივად, ყველა რაკურსიდან შეგვახედოს ისეთ რთულ და მძიმე ფენომენს, რომელსაც ცენზურა ეწოდება. ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები, იურისტები, ექიმები, ჟურნალისტები, ადამიანის უფლებების დამცველები, არტკურატორები, ხელოვნებათმცოდნეები, მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები, მთარგმნელები, გამომცემლები საკუთარი კომპეტენციის სფეროებიდან გველაპარაკებიან და, არცთუ იშვიათად, ცენზურასთან ურთიერთობის პირად გამოცდილებასაც იშველიებენ, რათა ეს ფენომენი თავისებური კუთხით დაგვანახონ.

თვითონ უწესებენ თავიანთ თავს ცენზურას, რომელიც რაღაცნაირად გადმონაშთი მგონია იმ საბჭოთა ეპოქის, რომელიც დღესაც ცოცხლობს. ამ თვითცენზურისგან გათავისუფლება ქმნის, პირველ რიგში, კულტურას. ცენზურასთან ჭიდილი და ცენზურაც კი - კულტურის ისტორია ეგაა...
ერეკლე დეისაძე

ეს საუბრები არაა ჩაკეტილი არც დროში, არც სივრცეში: ანტიკური სამყაროდან დღემდე სხვადასხვა ეპოქების, რეჟიმების და კულტურული ტენდენციების აღწერა და ანალიზი ხდება, თუ შეიძლება ასე ითქვას, ცენზურის ისტორია იწერება (თუ ილაპარაკება), თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რათა მაქსიმალურად კარგად დავინახოთ და გავიაზროთ საბჭოთა ეპოქა, ვინაიდან ცენზურის ის დაღი, რაც ჩვენ ახლა გვასვია, ძირითადად, სწორედ იქიდან მოდის. სწორედ ამაზე დაიწყო საუბარი ამ პროექტის ერთ-ერთმა თანაავტორმა, მწერალმა და მომღერალმა ერეკლე დეისაძემაც.

ერეკლე დეისაძე: ამ წიგნის მნიშვნელობა, პირველ რიგში, იმით არის საინტერესო, რომ, სამწუხაროდ, გვინდა-არ გვინდა ჩვენ ვართ პოსტსაბჭოთა ქვეყანა, საბჭოთა კავშირის რაღაც ნარჩენებს თითქოს ვებრძვით, მაგრამ ეს ნარჩენები არის თეატრში, კინოში, ლიტერატურაში და უამრავ სფეროში. ეს არის რაღაცნაირად ზოგადი მიმოხილვა, შეფასება და ღიად გაშლა იმ პლატფორმის, რასაც ჰქვია საბჭოთა ცენზურა, რომელიც დღევანდელობაშიც, ჩვენთან ძალიან შესამჩნევია. არსებობს ერთი ცენზურა, რომელსაც საზოგადოება აწესებს, არსებობს ცენზურა, რომელსაც სისტემა, სახელმწიფო აწესებს და არის ცენზურა, რომელსაც ჰქვია თვითცენზურა. შესაძლებელია არ იყოს აუცილებელი, მაგრამ თვითონ უწესებენ თავიანთ თავს ცენზურას, რომელიც რაღაცნაირად გადმონაშთი მგონია იმ საბჭოთა ეპოქის, რომელიც დღესაც ცოცხლობს. ამ თვითცენზურისგან გათავისუფლება ქმნის, პირველ რიგში, კულტურას. ცენზურასთან ჭიდილი და ცენზურაც კი - კულტურის ისტორია ეგაა.

წიგნი სამ ნაწილადაა დაყოფილი: „ცენზურა და საზოგადოება“, „ცენზურა და რელიგია“ და „ცენზურა და ხელოვნება“, ხოლო წიგნს ასრულებს თავად ლაშა ბუღაძის სტატია „პირველი რუსის“ ამბავი“, დაწერილი 2010 წელს. უნდა ითქვას, რომ ეს ტექსტი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც კარგად გვაჩვენებს, თუ ცენზურის რა ფორმებია დღევანდელ საქართველოში დამკვიდრებული. გვაჩვენებს, საზოგადოებრივი და რელიგიური ცენზურის რა კლანჭებში იყო მომწყვდეული ცოტა ხნის წინ სრულიად ახალგაზრდა ავტორი. და მიუხედავად თემის სიმძიმისა, უნდა ითქვას, რომ ლაშა ბუღაძე მაინც ახერხებს არ წეროს დათრგუნული შემოქმედის პოზიციიდან, მას ჰყოფნის სულიერი ძალა, აქაც იყოს ისეთი, როგორიც მუდამ არის: ირონიული, ლაღი, ყველაზე მძიმე ეპიზოდებშიც კი იპოვოს რაღაც კომიკური. ეს, ალბათ, ერთგვარი იმუნიტეტია – უნარი, გადაურჩე, ხელიდან დაუსხლტე ყველაზე აგრესიულ ცენზურასაც კი. მნიშვნელოვანია ეს ტექსტი იმითაც, რომ იგი გვაჩვენებს: ადამიანი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ცენზურის თემაზე ელაპარაკებოდა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, არაა ყალბი, მისთვის ეს თემა მტკივნეულია, არსებითია და ამიტომაც გამოსდის მისი ჩხრეკა ასე ღრმად და საინტერესოდ თავის თანამოსაუბრეებთან. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ისიც, რომ ქვეყნის ინტელექტუალური ძალა ვიგრძენი ამ, როგორც ზემოთ ვთქვი, ნალაპარაკევი წიგნიდან. ჩემი ეს განცდა ერეკლესაც გავუზიარე საუბარში, რაზეც მან ასეთი კომენტარი გააკეთა:

ერეკლე დეისაძე

ერეკლე დეისაძე: მთავარია, რომ ეს ძალა, რაც აქ იგრძნობა, ამ წიგნში, არ იყოს კონკრეტულ სიბრტყეში მოქცეული, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენს დღევანდელობაში, იმიტომ რომ მთავარია, ამ ძალას ჰქონდეს კონკრეტული მიმართულება, იმიტომ რომ მე ყოველთვის პრეტენზია მაქვს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ხვდებიან რაღაცას, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალა და ნებისყოფა არ ჰყოფნით, რომ მიმართონ ეს თავიანთი ცოდნა კონკრეტული საკითხის დასმისკენ ან გადაჭრისკენ. საზოგადოებაში ბალანსის დამცველი უნდა იყოს ინტელექტუალური ელიტა, რომელიც ჩვენ დღეს რეალურად გვყავს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ აქვთ თავიანთი პრობლემები იმ მხრივ, რომ ისინი რაღაც საკითხებს არ ეხებიან, რაღაც საკითხების მიღმა რჩებიან ან უბრალოდ, არ უნდათ რომ ჩაერთონ ამ დისკურსში, მაგრამ რეალურად, როცა ინტელექტუალური ელიტა ქვეყანაში არსებობს... ელიტა ძალიან ცუდი სიტყვაა, ეს არ უნდა გამომეყენებინა, მაგრამ მინდა რომ ავხსნა – ანუ ინტელექტუალური რესურსი, რაც ქვეყანას გვაქვს... მე მინდა, რომ მათ ის პრობლემები, რომლებიც არსებობს საზოგადოებრივ ფენებში, პასუხისმგებლობა გადაინაწილონ და აიღონ საკუთარ თავზე. ერთია, როცა ვიღაცებისკენ თითს ვიშვერთ, მაგრამ ძალიან საჭიროა ეს თითი ხანდახან ჩვენსკენ შემოვიბრუნოთ, ჩვენი თავი დავადანაშაულოთ რაღაც-რაღაცებში. მე მინდა, რომ ჩვენი ძალისხმევა ამ ფურცლებს გასცდეს და მარტო ყდებში და წიგნებში კი არ დარჩეს, არამედ კონკრეტულად რაღაც ქმედებისკენ იყოს მიმართული: ჩვენ ვესაუბროთ იმ ფენას, რომლის მიმართაც რაღაც პრეტენზია გვაქვს. ვესაუბროთ პირდაპირ, ენის მოჩლექით ან მეტაფორით, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ეს კომუნიკაცია შედგეს, რომ რაღაც ძირეული საკითხები იყოს დასმული და შემდეგ მოგვარება, ასე თუ ისე, ხერხდება ხოლმე. ეს წიგნი ჩემთვის იმით არის საინტერესო, რომ აქ ძალიან ბევრი საკითხია წამოწეული წინა პლანზე და ამის გადაწყვეტა მკითხველმა უკვე თავის თავში უნდა მოახდინოს და უნდა გადაწყვიტოს, რა ტიპის სახელმწიფოში და ქვეყანაში უნდა, რომ იცხოვროს. ეს, რაღაც მხრივ, ქართული იტორიაცაა, იმიტომ რომ აქ მოყოლილი ამბები და საკუთარ თავზე განცდილი ისტორიები ჩვენი ბოლო ათწლეულების შემაჯამებელი ისტორიაა. ერთს ვისურვებდი: ეს წიგნი ყოფილიყოს ისტორიის კუთვნილება და დაეკარგოს თავის აქტუალობა უახლოეს მომავალში.

როგორ შეიძლება ამ წიგნმა აქტუალობა დაკარგოს? ალბათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ძალიან კარგად და ძალიან ბევრს იმუშავებს, თუ მართლა გასცდება წიგნის საზღვრებს. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ის თავდაპირველად წიგნის საზღვრებში არც კი იყო. ის სამყაროში გაფანტული ხმები იყო, რომელიც მოქუჩდა და ერთ მთლიანობად შეიკრა. ანუ, წიგნის ფორმატმა ამ დიალოგების კონცენტრაცია გაზარდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასე იყო. მე ამ დიალოგებს პერიოდულად ვუსმენდი ხოლმე, ვეცნობოდი ინტერნეტით, მაგრამ წიგნის ეფექტი მაინც სულ სხვა იყო. ეს უკვე მრავალხმიანი ნაწარმოებია, შეთხზული ცენზურის თემაზე.