ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გადაადგილება და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხები ერგნეთში

ერგნეთის შეხვედრის მონაწილეები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის 54-ე შეხვედრა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. დღევანდელ შეხვედრაზე ყველაზე დიდი დრო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებს დაეთმო. დილიდანვე ერგნეთში იმყოფებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაკარგული გრიგოლ ნალბანდოვის მამა, რომელმაც მხარეების წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვა. მას ქართული და ოსური დელეგაციის წარმომადგენლები დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ცალკე ესაუბრებოდნენ. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულის მამამ, ნოდარ ნალბანდოვმა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ მისი შვილის საქმის გამოძიების გაგრძელების პირობა მიიღო.

ოდნავ მოგვიანებით ქართულ და ოსურ საგუშაგოებს შორის გაშლილ კარავთან ცხინვალის მხრიდან სამი ქალი მივიდა. ისინი 2008 წლის ოქტომბერში სოფელ კოშკსა და ხელჩუას შორის დაკარგული ახალგაზრდების ხაჩიროვის, ხუგაევისა და პლიევის ოჯახის წევრები და ნათესავები არიან. მათ ევროკავშირისა და ეუთოს მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვეს და ქართულ მხარეს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებსა და სახალხო დამცველთან სპეციალური წერილები გამოატანეს. ერთ-ერთი დაკარგულის, ალან ხაჩიროვის, ბიცოლამ, ნაირა პლიევამ, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ 7 წელია დაკარგულებს ეძებენ. საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ხელახალი გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ ამ დრომდე მათთვის უცნობია, არის რაიმე სიახლე გამოძიების პროცესში, თუ არა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ნათესავები საქართველოს ხელისუფლებას გამოძიების პროცესის დაჩქარებას სთხოვენ. ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა აღუთქვეს, რომ მათ თხოვნას ყურადღებით მოეკიდებიან.

ამ საკითხების გარდა, ქართულმა მხარემ ცხინვალის იზოლატორში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი დააყენა. ბოლო ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში, ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, 2 მოქალქე იმყოფება და ამჟამად მათი იდენტიფიკაცია მიმდინარეობს. დღესვე ქართულმა მხარემ საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ სამხედრო ტექნიკის გადაადგილება გააპროტესტა. შეთანხმების მიხედვით, ასეთი გადაადგილების დროს რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს საქმის კურსში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც უნდა ჩაეყენებინათ, რაც არ მომხდარა. ამიტომ ქართულმა მხარემ ამ შეუთანხმებელი მოქმედებების გამო პროტესტი გამოთქვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შალვა ენუქიძის თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ძველი ტექნიკა ახლით ჩაანაცვლეს და ეს გადაადგილება ამით იყო გამოწვეული. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ამ ფაქტის ამსახველი ფოტომასალაც წარმოადგინა.

Your browser doesn’t support HTML5

შეხვედრა ერგნეთში

ოსური მხარის წარმომადგენელმა ხოხ გაგლოითიმ განაცხადა, რომ ქართულ მხარეს საველე სამზარეულო საზენიტო დანადგარში აერია. თავის მხრივ, ოსური ჯგუფის ხელმძღვანელმა ქართული მხარე შეიარაღებული პროვოკაციის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი ინფორმაციით, ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანების ფაქტები გრძელდება, რაც პროვოკაციისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის. მან ქართულ მხარეს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, გაგლოითი, ჯონჯოლის კრეფის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ქართველ სამართალდამცავებს ურჩევს მოსახლეობაში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარონ, რათა თავიდან იქნეს აცილებული მასობრივი დაკავების ფაქტები. გამყოფი ხაზის გასწვრივ პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად ოსურმა მხარემ დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მოითხოვა საზღვრების სადემარკაციო კომისიის შექმნა, რასაც ქართული მხარე არ ეთანხმება, რადგან საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო ხაზს საზღვრად არ მიიჩნევს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი დავით ბაშარულის სამედიცინო დასკვნის გასაჯაროება მოითხოვეს. დაახლოებით 2 თვის წინ დავით ბაშარული ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ მანამდე დაკარგული ბაშარული მოკლეს და ახალგორთან ახლოს დატოვეს. ოსური მხარე აცხადებს, რომ საგამოძიებო სამუშაოები დასრულდა და ოჯახი სამედიცინო დასკვნას ორ კვირაში მიიღებს. დღესვე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გააპროტესტა საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის პროცესი. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა ერგნეთში 25 მაისს გაიმართება.