საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტით გაზარდა. ამ ნაბიჯის მიზანია ფასების ზრდის შეჩერება, რაც ლარის კურსის ბოლოდროინდელმა ვარდნამ გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება „საკმაოდ დამაიმედებელია“. რა აძლევს მთავრობას ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს?
ინფლაციის არდაშვება, ანუ ფასების ზრდის შეკავება წარმოადგენს ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას. სწორედ ინფლაციის საფრთხიდან გამომდინარე იქნა მიღებული მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ 11 თებერვალს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამოაცხადა:
„ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე, რომ ინფლაციური მოლოდინები ფასების ზრდაში გადაიზარდოს. მოგეხსენებათ, რომ დღესდღეობით ამ პროცესით ძალიან ზარალდებიან ჩვენი ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც ვალდებულებები დოლარში აქვთ, ხოლო შემოსავლები ლარში. ამიტომ ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურება კიდევ უფრო გააუარესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც, საბოლოო ჯამში, ასევე უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება მომდევნო კვირიდან დავიწყოთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება“.
გიორგი ქადაგიძემ ისიც აღნიშნა, რომ ბანკის ნაბიჯებს მოჰყვება მთავრობის შეთანხმებული მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს არადეფიციტურ ხარჯვით პოლიტიკას, ასევე სხვა ეკონომიკური ხასიათის აქტივობებს. მათ შესახებ 12 თებერვალს მთავრობის სხდომაზე ისაუბრეს. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ ეროვნულ ბანკთან:
“შეთანხმებულები ვართ, რომ მონეტარული და ფისკალური პოლიტიკების განხორციელება იყოს უნისონში, რათა თანმიმდევრული ნაბიჯები გადავდგათ როგორც ჩვენ, ასევე ეროვნულმა ბანკმა და ხელი შევუწყოთ მოკლევადიან პერიოდში სტაბილურობას და ინფლაციის თავიდან აცილებას, პრევენციას. და, ამავე დროს, ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო, ეროვნული ბანკი, შესაბამისი უწყებები ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდის პროცესი იყოს შეუქცევადი“.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც. მან განაცხადა, ეროვნულმა ბანკმა შექმნილი მდგომარეობის ადეკვატური ნაბიჯი გადადგა, რამაც სავალუტო ბაზარი დაასტაბილურაო. ვიცე-პრემიერმა მთავრობის საქმიანობის იმ პრიორიტეტებზეც ისაუბრა რომლებიც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ეფექტის გახანგრძლივებას უნდა ემსახურებოდეს:
„ჩვენ, მთავრობა, ვმუშაობთ შეთანხმებულად. ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ, ეს გახლავთ მოკლევადიან რეჟიმში ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდა. და აქ გვაქვს ჩვენ დაგეგმილი ღონისძიებები მიზნობრივ ბაზრებზე - ეს არის ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული პორტფელის მონიტორინგზე, პირველ რიგში, და, მეორე, ასევე ზეგეგმიური პროექტების დაგეგმვაზე, რათა დონორებთან ერთად მოხდეს დამატებითი პროექტების განხორციელება, რომ მოხდეს ეკონომიკის წახალისება. ასევე ვმუშაობთ ექსპორტის წახალისების მექანიზმებზე“.
ეს ცვლილება, რომელიც ახლა მოხდა, უშუალო გავლენას იქონიებს იმ ადამიანებზე, ვისაც სესხი აღებული აქვს ლარებში. მათ გაუძვირდებათ საპროცენტო განაკვეთი. ბანკებს ხელშეკრულებებში უდევთ, რომ ისინი ასწევენ საპროცენტო განაკვეთს, თუ რეფინანსირების განაკვეთი აიწევს...გოჩა თუთბერიძე
გიორგი კვირიკაშვილმა ილაპარაკა „საგადამხდელო ბალანსის“ გაუმჯობესებისთვის საჭირო სხვა ღონისძიებებზეც, რომელთა გარეშეც ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ ერთჯერად, ხანმოკლე შედეგს მოიტანს. ამაზე თავად ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემაც მიანიშნა:
„რეცეპტი იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენ გვაქვს, არის ერთადერთი. ეს არის მეტი ინვესტიცია, მეტი ექსპორტი, მეტი ტურისტი“.
ყველა ამ მიმართულებით ბოლო თვეების მანძილზე კლების ტენდენცია შეინიშნება. ძირითადად ამ ფაქტორების გამო, რასაც თან ერთოდა მთავრობის მიერ ბიუჯეტის რესურსების გაზრდილი და არათანმიმდევრული ხარჯვაც, ლარის კურსი საგრძნობლად დაეცა. ამან უკვე გამოიწვია სასურსათო პროდუქციისა და მედიკამენტების ნაწილის გაძვირება, რაც მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდის მიზეზია. ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ფასების ზრდას შეანელებს, თუმცა მას აქვს გვერდითი ეფექტიც, რის შესახებაც რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ეკონომიკის ექსპერტმა გოჩა თუთბერიძემ ილაპარაკა:
„ეს ცვლილება, რომელიც ახლა მოხდა, უშუალო გავლენას იქონიებს იმ ადამიანებზე, ვისაც სესხი აღებული აქვს ლარებში. მათ გაუძვირდებათ საპროცენტო განაკვეთი. ბანკებს ხელშეკრულებებში უდევთ, რომ ისინი ასწევენ საპროცენტო განაკვეთს, თუ რეფინანსირების განაკვეთი აიწევს. არ არის მაინცდამაინც აუცილებელი, რომ სესხების გაძვირება ეროვნული ბანკის განაკვეთის შესაბამისად მოხდეს, მაგრამ ეს ბანკების გადასაწყვეტია. ეს, ჯამში, არ არის კარგი. ეს ნიშნავს ძვირი ფულის პოლიტიკას, ანუ ნიშნავს, რომ ეკონომიკაში ნაკლები ფული შევა“.
გოჩა თუთბერიძის მიერ აღნიშნული ეკონომიკური პრობლემები მთავრობის მიერ დაგეგმილ 5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ეჭვქვეშ აყენებს. ამ მაჩვენებლის გადახედვისკენ მოუწოდებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც, მაგრამ მთავრობა მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი. მთავრობის სხდომის შემდეგ ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაცია "საკმაოდ დამაიმედებელია".