მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი - გისოსებს მიღმა

ვლად ფილატი

სასამართლომ ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯა მოლდოვის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვლად ფილატს. 27 ივნისს კიშინიოვის სასამართლომ ფილატი დამნაშავედ ცნო თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და კორუფციაში, რის შემდეგაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი საპატიმროში გადაიყვანეს.

კიშინიოვში, პირველი ინსტანციის სასამართლოს შენობის წინ, დილიდანვე განაჩენის მოლოდინში იყვნენ მოლდავეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვლად ფილატის, მომხრეები, ადვოკატები და მისი ოჯახის წევრები. როგორც ჩვენი რადიოს კიშინიოვის ბიუროს თანამშრომელი თამარა გრჟდეანუ ჰყვება, ისინი ძალიან გაწბილებულები დარჩნენ მოსამართლის გადაწყვეტილებით, რასაც პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს:

„განაჩენის გამოცხადების შემდეგ და მანამდეც სასამართლოში იყვნენ ფილატის მომხრეები და კოლეგები. ისინი არ ეთანხმებიან ვერდიქტს, მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ თუ ეს განაჩენი შემდეგი ინსტანციების გავლის დროს ძალაში დარჩება, მაშინ საჩივარს შეიტანენ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში“.

პროკურატურამ გასული წლის 15 ოქტომბერს კორუფციის ბრალდებით დააკავა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ფილატი, რომელიც 2009-2013 წლებში განაგებდა ქვეყანას. პროევროპული კოალიციის ყოფილ ლიდერს, ვლად ფილატს, მოლდავეთის სასამართლომ 30- დღიანი პატიმრობა მიუსაჯა პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდების გამო, ბრალდებისა, რომ მთავრობის ყოფილი მეთაური მონაწილეობდა საბანკო სისტემიდან, დაახლოებით, მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის გაქრობის საქმეში. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ბიზნესმენი ილან შორი პროკურატურაში გამოცხადდა აღიარებით, რომ მან ფილატს რამდენიმე წლის განმავლობაში, ქრთამის სახით, 250 მილიონი დოლარი გადაუხადა.

ამ სკანდალმა შეარყია პროევროპული კოალიციის პოპულარობა და ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია.

„ეს არის მოლდოვის პროევროპული კურსის მარცხი თავად ე. წ. პროევროპელების ხელით, რომლებიც, ერთი მხრივ, ერთმანეთში ქიშპობდნენ და, მეორე მხრივ, იპარავდნენ. ამის გამო იფეთქა საპროტესტო აქციებმა, რაც თებერვლიდან გრძელდება“, - ამბობს რადიო თავისუფლების რუმინულ-მოლდავური სამსახურის თანამშრომელი, ალექსანდრუ ეფდოტე.

კიშინიოვის პირველი ინსტანციის სასამართლოს 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ვლად ფილატს ჩამოერთმევა სახელმწიფო ჯილდოები, მოხდება მისი ქონების კონფისკაცია და აეკრძალება რაიმე სახელმწიფო თანმდებობის დაკავება ხუთი წლის განმავლობაში. თავის უდანაშაულობის დასამტკიცებლად მოლდოვის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახლა სააპელაციო, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოების იმედი რჩება.