ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, ფიზიკური დაპირისპირება, პოლიტიკური წნეხი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება თუ არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობა სააგიტაციო პროცესში – ეს და სხვა პრობლემებია ასახული “სამართლიანი არჩევნებისა” და “დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერ 23 აგვისტოს გამოქვეყნებულ მორიგ ანგარიშში. საუბარია წინასაარჩევნო პეროდის მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშზე, რომელიც 2016 წლის 18 ივლისიდან 8 აგვისტომდეპერიოდს მოიცავს. რა სახის პრობლემები გამოვლინდა განსაკუთრებული სიმწვავით და მოახდენს თუ არა ეს პრობლემები უარყოფით ზეგავლენას არჩევნების შედეგებზე?
Your browser doesn’t support HTML5
„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მოიმატა საარჩევნო სუბიექტების მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებმა და ამას ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ასახელებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძეც. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ პრობლემამ თავი იჩინა როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციურ ფლანგზე:
„ამ საანგარიშო პერიოდს დაემთხვა სწორედ ბეშუმში (ახლად დაქორწინებული წყვილისთვის) ოქროს ბეჭდების გადაცემის ფაქტი პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან. თუმცა (ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ფაქტები) ვლინდება ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც. ამ ანგარიშში შესულია, მაგალითად, მარნეულის ფაქტი, სადაც მოქალაქეს ეტლი გადასცა „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის შტაბის წარმომადგენელმა. ეს არის ერთ-ერთი ის დარღვევა, რომელიც ამ არჩევნებზე მრავლად გვხვდება და, შესაბამისად, შესაძლოა, საკმაოდ უარყოფითი გავლენა იქონიოს, საბოლოო ჯამში, წინასაარჩევნო გარემოზე“.
23 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სახელდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რომელიც, „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტენდენციის სახით ვლინდება. როგორც მიხეილ ბენიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ეს პრობლემა არცთუ იშვიათად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობის პარალიზებასაც იწვევს:
„მაჟორიტარების წარდგენის დროს გამართულ ღონისძიებებზე დამსწრეთა მობილიზება „ქართული ოცნების“ მიერ ძირითადად საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული საჯარო მოხელეების ხარჯზე ხდება და ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურები პრაქტიკულად დაკეტილია სამუშაო საათებში იმის გამო, რომ მოხელეები მთლიანად არიან მობილიზებული და არიან წასული პარტიულ ღონისძიებებზე. ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად განვიხილავთ საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებულ ღონისძიებებზე მაჟორიტარობის კანდიდატების ყოფნას. ორი ასეთი ფაქტის შესახებ გახდა ჩვენთვის ცნობილი და ორივე შემთხვევაში ლაპარაკია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებზე“.
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრობლემაზე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც ლაპარაკობენ და მათ შორის არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. მონიტორინგის შედეგები სექტემბერში გამოქვეყნდება, თუმცა როგორც მანამდე ეუბნება რადიო თავისუფლებას ორგანიზაციის წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი, პრობლემა არსებობს, მაგრამ მდგომარეობა ამ მხრივ საგანგაშოდ არ გამოიყურება:
„მთლიანობაში პროცესები, ასე ვთქვათ, მშვიდ გარემოში, ნორმალურად მიმდინარეობს. არა აქვს მასიური სახე მიღებული რაიმე სახის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. რა თქმა უნდა, სულ უპრობლემო არ არის საარჩევნო პროცესები, მაგრამ ეს პრობლემები არ არის ისეთი მასშტაბური, როგორიც მიაყენებდა დიდ ზიანს საარჩევნო გარემოს“.
თუკი კვლავ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 23 აგვისტოს გამოქვეყნებულ მეორე შუალედურ ანგარიშს დავუბრუნდებით, უნდა ვთქვათ, რომ მასში ასახულია საკმაოდ ბევრი გამოწვევა თუ დარღვევა, მათ შორის, შიდაპოლიტიკურ სარბიელზე ფეხმოკიდებულ არაჯანსაღ, ძალადობრივ მიდგომებთან დაკავშირებით. მაგალითად, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა მუქარის 4, ფიზიკური დაპირისპირების 2 და წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 4 ფაქტი. აქვეა სიძულვილის ენის გამოყენების პრობლემა, რომელზეც „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი ნინო რიჟამაძე ლაპარაკობს:
„აღნიშნული პერიოდი გამოირჩეოდა სიძულვილის ენის გამოყენებით – სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები საჯარო შეხვედრებზე იყენებდნენ სიძულვილის ენას. მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ უზრუნველყოს ზოგადად საარჩევნო კანონმდებლობის დაცვა და დარღვევის შემთხვევაში მოახდინოს დროული და ეფექტური რეაგირება“.
კიდევ ერთი დიდი პრობლემა, რომელზეც „სამართლიანი არჩევნები“ ლაპარაკობს, დაუსჯელობას უკავშირდება. როგორც მიხეილ ბენიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, დარღვევებისთვის ჯერ არავინ დასჯილა და შედეგები არც აუდიტის სამსახურისთვის გადაცემული საქმეების შესწავლას მოჰყოლია. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებენ – მით უმეტეს, რომ, მათი გათვლით, წინასაარჩევნო გარემოს ტემპერატურა სექტემბერში გაცილებით მოიმატებს.