„იარე ფეხით“ თბილისში, თუ შეძლებ

თბილისის ქუჩა

„იარე ფეხით“ - ასე ჰქვია მოძრაობას, რომელიც უკვე დაახლოებით ხუთი წელია თბილისში ქვეითების უფლებებისთვის იბრძვის. როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, ისინი ცდილობენ „შემოქმედებითად მიუდგნენ“ პრობლემებს, რომლებიც ქალაქში ქვეითად მოსიარულეებს აქვთ. ასეთი პრობლემები კი ბევრია, დაწყებული ტროტუარებზე გაჩერებული მანქანებით, დამთავრებული ანტისანიტარიით მიწისქვეშა გადასასვლელებში. რა გზებს მიმართავენ აქტივისტები იმისათვის, რომ ხმა მიაწვდინონ ხალხს და მთავრობას და რას აკეთებს თბილისის მერია პრობლემის მოსაგვარებლად?

ინგე სნიპი უნივერსიტეტის პატარა დარბაზში შეკრებილ თხუთმეტამდე სტუდენტს თბილისში ქვეითების პრობლემებზე ესაუბრება. ის მოძრაობისთვის „იარე ფეხით“ თანამოაზრეებს აგროვებს. მოქალაქეების ჩართულობა ერთ-ერთი ნაწილია იმისა, რასაც ინგე სნიპი პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტას უწოდებს:

„ჩვენ გვინდა ვიპოვოთ ახალი გზები, რათა საზოგადოების აზრი შევცვალოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სწორედ მოქალაქეებთან, ხალხთან ერთად გვინდა მუშაობა. გვინდა, მათ თქვან თავიანთი სათქმელი და გაიგონ, რომ, თუ რამის შეცვლა უნდათ, ამას აუცილებლად შეძლებენ. მაგალითად, ჩვენ ვიყენებთ ქუჩის ხელოვნებას, რომ საზოგადოებას მეტი გავაგებინოთ ქვეითთა უფლებების შესახებ“.

სტუდენტები ამ თემაზე იქვე სახელდახელოდ ჩატარებული გამოკითხვისას ამბობენ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ქვეითებს ქალაქში ექმნებათ, ტროტუარებზე დაყენებული მანქანებია. ფეხით მავალთა შემაფერხებელ პრობლემებს შორისაა ანტისანიტარია მიწისქვეშა გადასასვლელებში, ცოტა ზებრა გადასასვლელი - ისიც მაშინ, როდესაც მძღოლები ქვეითებს გზას იშვიათად უთმობენ; კიდევ: მიწისზედა გადასასვლელები, რომლებზე ასვლაც ზოგ ადამიანს არ შეუძლია და, ბოლოს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის სრულიად მოუხერხებელი გარემო.

ნატა ფერაძე

„ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ქალაქში მოძრაობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებსაც სჭირდებათო“, - ამბობს პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე, რომელმაც რამდენიმე თვის წინ თანამოაზრეებთან ერთად ჭავჭავაძის გამზირზე ტროტუარზე საბურავები დაალაგა და შიგ ჩაყრილ მიწაში ყვავილები ჩარგო, რომ ქვეითებისათვის განკუთვნილ ბილიკზე მანქანების მოძრაობისთვის ხელი შეეშალა:

„ეტლიანი ადამიანების გადაადგილება წარმოუდგენელია, უსინათლოთა გადაადგილება წარმოუდგენელია. ინფრასტრუქტურა სრულიად მორგებულია მანქანებზე და მათ კომფორტზე. იქაც კი, სადაც ეტლით მოსარგებლეებისთვის პანდუსები გაკეთდა, მანქანებია პარკირებული“.

ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ, 5 მეტრზე ახლოს, მანქანის გაჩერებას კრძალავს საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ. ამავე კანონის მიხედვით, „ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და დგომის წესებს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო“.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ერეკლე ურუშაძე ამ კანონის ხარვეზებზე 2014 წლის სექტემბერშიც წერდა: „თბილისში მანქანების რიცხვი ბოლო ათწლეულის მანძილზე სწრაფად იზრდება, რაც, ცხადია, მანქანის გასაჩერებელი ადგილების ნაკლებობას წარმოშობს. თუმცა თბილისის მერიამ, ამ პრობლემასთან გამკლავების კომპლექსური პროგრამის მომზადებისა და განხორციელების ნაცვლად, პარკინგის დეფიციტის აღმოფხვრა ტროტუარებზე მანქანის გაჩერების დე ფაქტო დაკანონებით გადაწყვიტაო“. ამ წერილის გამოქვეყნებიდან წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ, როგორც ერეკლე ურუშაძე ამბობს, მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა:

„ერთია, რომ ჯარიმა უნდა გაიზარდოს - უნდა იყოს ბევრად მეტი, ვიდრე 10 ლარი - და, მეორე მხრივ, აღსრულების მექანიზმი უნდა დაიხვეწოს. სხვადასხვა ტიპის სანქციები უნდა იყოს: ერთი - ჯარიმა ნებისმიერი მანქანისთვის, რომელიც ტროტუარზეა გაჩერებული, ხოლო ისეთი მანქანები, რომლებიც, ამასთან ერთად, ტროტუარს საერთოდ კეტავენ, საჯარიმო სადგომზე უნდა გადაიყვანონ“.

მერიას გადაწყვეტილი აქვს, რომ ქალაქში ტროტუარებზე პარკირება უფრო და უფრო შეზღუდოს, თუმცა ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს, ერთად ვერ ვიზამთ - ალტერნატიული ვარიანტები უნდა შევიმუშაოთ...
ბაჩო აბულაძე

თბილისის მერიაში არ უარყოფენ, რომ თბილისში ქვეითად მოსიარულეებს პრობლემები აქვთ. ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილე ბაჩო აბულაძე ამბობს, რომ ისინი ამ საკითხის მოსაგვარებლად უკვე მუშაობენ:

„მერიას გადაწყვეტილი აქვს, რომ ქალაქში ტროტუარებზე პარკირება უფრო და უფრო შეზღუდოს, თუმცა ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს, ერთად ვერ ვიზამთ - ალტერნატიული ვარიანტები უნდა შევიმუშაოთ“.

პარკირებისთვის სხვა ადგილები უნდა გამოვყოთო, ამბობს ბაჩო აბულაძე, რის შემდეგაც, მისი თქმით, ტროტუარები გათავისუფლდება. ამ თემაზე თბილისის მერი დავით ნარმანია 2015 წლის დასაწყისშიც საუბრობდა. 14 იანვარს მან, მედიის თანდასწრებით, მერიის შესაბამის სამსახურებს დაავალა ტროტუარზე გაჩერებული მანქანების პრობლემაზე მუშაობა დაეწყოთ:

„პირველ რიგში, წარმომიდგინეთ ზუსტი ინფორმაცია იმ ქუჩების შესახებ, სადაც ვიწროა ადგილები და დამატებით ავტომანქანების პარკირებამ დისკომფორტი შექმნა. მეორე მხრივ, წარმომიდგინეთ მზა წინადადებები, როგორ შევზღუდოთ იქ პარკირება და როგორ მივცეთ იქ თავისუფალი გადაადგილების საშუალება მოქალაქეებს“.

ამ განცხადების შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა, თუმცა ქუჩაში გამოკითხული ქვეითების უმრავლესობა ამბობს, რომ ტროტუარებზე გაჩერებული მანქანები ფეხით სიარულის დროს უმთავრეს პრობლემად რჩება.

პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე ამბობს, რომ, მრავალი განცხადების მიუხედავად, მერია, საბოლოო ჯამში, არაფერს აკეთებს თბილისში ქვეითების პრობლემის მოსაგვარებლად - „ის კი არა, რომ ცდილობენ და არ გამოსდით, სურვილიც კი არ აქვთ, რამე გამოასწორონო“.

Your browser doesn’t support HTML5

„იარე ფეხით“ თბილისში, თუ შეძლებ

თუმცა, გარდა მერიის პასუხისმგებლობისა, ქვეითთა უფლებების დამცველები მოქალაქეთა დამოკიდებულებაზეც ლაპარაკობენ. როგორც ინგე სნიპი, წევრი მოძრაობისა „იარე ფეხით“, ამბობს, ქალაქის განტვირთვისთვის მძღოლები უნდა შეეგუონ დისკომფორტს, რომელიც შეექმნებათ:

„გულწრფელად რომ ვთქვა, ვფიქრობ, მე, როგორც მძღოლს, არ უნდა მქონდეს უფლება, მანქანით ვიარო ქალაქის ცენტრში. ძველ თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მთაწმინდაზე, სოლოლაკში მანქანების მოძრაობა უნდა აიკრძალოს. აქ მხოლოდ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უნდა იაროს, რომელსაც არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანი გადაჰყავს“.

მერიაში ამბობენ, რომ ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადებულია და საზოგადოებრივი ტრანსპორტი 2016 წლიდან უნდა შეიცვალოს, თუმცა, ქვეითთა უფლებების დამცველთა აზრით, პრობლემას მხოლოდ ახალი ტრანსპორტი ვერ მოაგვარებს: აუცილებელია მათი მოძრაობის მარშრუტი და წესები გაიმართოს და მაქსიმალურად კარგად მოერგოს მოქალაქეთა საჭიროებას. როგორც ნატა ფერაძე ამბობს, შეუძლებელია ქალაქი ერთნაირად აკმაყოფილებდეს მძღოლებსაც და ქვეითებსაც, ამიტომ მერიამ უნდა გადაწყვიტოს, რომელი უფრო მნიშვნელოვანია.