საკმაოდ ბევრი შეკითხვა და ეჭვი გააჩინა კრწანისის საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე 23 ოქტომბერს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ, როდესაც გუშაგის მიერ ნასროლმა ტყვიამ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. გამოძიების ინფორმაციით, დაღუპული და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი (ამ ეტაპზე დაუდგენელი) პირი სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და არ დაემორჩილნენ გუშაგის გაფრთხილებას. თუმცა, ამ ვერსიას არ ეთანხმებიან დაღუპული ახალგაზრდის ოჯახის წევრები, რომელთათვისაც ბევრი რამ ისევ ბურუსით არის მოცული. მათ გარდა, შეკითხვებს სვამენ ექსპერტებიც. თემას ლელა კუნჭულია განავრცობს.
Your browser doesn’t support HTML5
განცხადებაში, რომელიც 24 ოქტომბერს გამოქვეყნდა, თავდაცვის სამინისტრო, ძირითადად, იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ სადღეღამისო მორიგეობის დროს, გუშაგი ნორმების სრული დაცვით მოქმედებდა და მას კანონი არ დაურღვევია. ტექსტის თანახმად, 23 ოქტომბერს, გამთენიისას, 4-ის ნახევარზე, დაცვის ასეულის წარმომადგენელმა ავტოპარკის ტერიტორიაზე შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაგრამ უშედეგოდ:
„ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მის მიმართ განახორციელეს თავდასხმა, კერძოდ, ესროლეს ცეცხლმაქრი. მიუხედავად განხორციელებული თავდასხმისა, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში. რამდენადაც თავდამსხმელთა მიერ გუშაგის მიმართ აგრესია იყო მაღალი რისკის და საფრთხის მქონე, ამასთან, ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, მან იმოქმედა წესდების შესაბამისად და მათი მიმართულებით მოახდინა გასროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სამხედრო ობიექტზე შემოვლებული მავთულბადე გადალახეს და მიიმალნენ“.
ტექსტის თანახმად, უცნობი მამაკაცის გვამი, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში იქნა აღმოჩენილი და ის 1993 წელს დაბადებული გიორგი შენგელიაა. ტერიტორიის დათვალიერებისას ნაპოვნია: მობილური ტელეფონი, ღამის მაშუქი, პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 5 მასრა და სხვა საგნები, რომლებსაც ექსპერტიზა უტარდებათ. შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტს საგანგებოდ გაუსვა ხაზი თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, როდესაც ის 24 ოქტომბერს გუშაგის უდანაშაულობაზე ლაპარაკობდა:
„დილის 4-ის ნახევარზე, სამი პირი უკანონოდ შეიჭრა სასწავლო ცენტრში, რომელიც დაცულია და გუშაგი მოიქცა, აბსოლუტურად, ნორმების დაცვით... შემთხვევის ადგილზე (ამ ცენტრიდან დაახლოვებით 100 მეტრში) ნაპოვნი იქნა მობილური ტელეფონი, ნაპოვნი იქნა პისტოლეტიც...“.
ჩემს შვილს იარაღი არასოდეს ჰქონია, ყაჩაღი არ ყოფილა, ნასამართლევი არ არის...რომან შენგელია
საქმეს, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც – გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით, ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ოთხ წლამდე. სწორედ გამოძიების მიერ შერჩეულ მუხლს უკავშირდება კითხვები, რომლებიც 24 ოქტომბერს დაისვა ექსპერტთა წრეში. მაგალითად, ანალიტიკოსი სამხედრო, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, გენერალი ამირან სალუქვაძე ვარაუდობს, რომ, როგორც ჩანს, გუშაგის უდანაშაულობა, ცალსახად, დამტკიცებული არ არის და სიმართლე გამოძიების პროცესში უნდა დადგინდეს:
„გუშაგი ასრულებს საბრძოლო ამოცანას. თუ მან სწორად იმოქმედა (და მე, ჯერჯერობით, თავდაცვის სამინისტროს განცხადებებს ვეყრდნობი) და გუშაგმა მასზე დაკისრებული ყველა მოთხოვნა შეასრულა კანონის თანახმად, მაშინ სისხლის სამართლის საქმე სხვა მუხლით უნდა აღიძრას. საბრძოლო ამოცანის შესრულებისას სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, თუ მან დამრღვევის ქმედებები აღკვეთა, ჩემთვის კითხვებს ბადებს“.
„ჩემს შვილს იარაღი არასოდეს ჰქონია, ყაჩაღი არ ყოფილა, ნასამართლევი არ არის...“ – ეუბნება ჟურნალისტებს მოკლული ახალგაზრდის - გიორგი შენგელიას მამა – რომან შენგელია და, თუკი მისი სიტყვებით ვიმსჯელებთ, გამორიცხული არ არის, რომ ბიჭები კრწანისის საწვრთნელ ცენტრში მეგობრის სანახავად მისულიყვნენ. რომან შენგელია უარყოფს ვარაუდს იმის თაობაზე, რომ 23 ოქტომბერს, გამთენიისას, სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მისი მეორე ვაჟიც იმყოფებოდა. დაღუპულის მამა იმედოვნებს, რომ სიმართლეს გამოძიება დაადგენს, მაგრამ ამ ეტაპზე მას უკვე აქვს გარკვეული ეჭვები და უპასუხო კითხვები:
„სროლა თუ იყო და კაცი თუ მოკლეს, რატომ არ მოძებნეს, სამი საათი იქ რომ ეგდო და სისხლისგან რომ დაიცალა ბიჭი, მერე რომ ნახეს, მანამდე სად იყვნენ?! ... ტყვია აქვს უკანა მხარეს (მორტყმული)... ახლა, მირბის კაცი, გაქცევაზეა კაცი და ტყვიას მაინც რომ ესვრი, რა ჯიშის უნდა იყო?!“.
გამოძიების დასრულებამდე დასკვნების გამოტანა არ უნდა ვიჩქაროთ – ამბობს „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, რომლის აზრითაც, გამოძიებას სწორ კვალზე გასვლა არ უნდა გაუჭირდეს. თუმცა, მომხდარის კონტექსტში, ანალიტიკოსი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამხედრო ობიექტის დაცვის თანამედროვე სისტემით აღჭურვის აუცილებლობას, რაც, მისი თქმით, ბევრად უფრო სანდოა, ვიდრე ავტომატიანი ადამიანი.