საქართველო და შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში სამომავლო ურთიერთობათა პერსპექტივებსა და კონკრეტულ გეგმებზე უნდა შეთანხმდნენ - ასე აფასებს საქართველოს საგარეო უწყება საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ორდღიანი სამუშაო ვიზიტის მიზნებს. 9-10 თებერვალს დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და ასევე სენატორებსა და კონგრესმენებთან. 10 თებერვალს გაიმართება შეხვედრა სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან, რომელიც ამ პოსტზე სენატმა 1 თებერვალს დაამტკიცა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის არჩევიდან ასეთ მოკლე დროში საქართველოს დელეგაციის ვაშინგტონში მიღება მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც საქართველოსთვის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისა და რუსეთისთვის.
Your browser doesn’t support HTML5
იმ პირთა გრძელ ჩამონათვალში, რომლებსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უნდა შეხვდეს, ნახსენებია არაერთი ამერიკელი კანონმდებელი და, მათ შორის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ კორკერი. თუმცა რამაც ყველაზე მეტად მიიპყრო ანალიტიკოსების ყურადღება, ეს არის დაგეგმილი შეხვედრები ახლად დამტკიცებულ სახელმწიფო მდივანთან, რექს ტილერსონთან, და პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ ფლინთან. სხვათა შორის, მაიკლ ფლინი პირველი წარმომადგენელი იყო პრეზიდენტ ტრამპის ახალი ადმინისტრაციიდან, რომელთანაც შედგა საქართველოს საგარეო უწყების პირველი სატელეფონო კავშირი და განმტკიცდა იმედი, რომ ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები გაგრძელდება.
ვიდრე კონკრეტული შედეგები ვაშინგტონიდან გახმაურდება, საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტის მიზნებს თბილისში განმარტავს მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი:
კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე და უცვლელი ერთგულება შეერთებულ შტატებისა და საქართველოს ურთიერთობების მიმართ. მეამაყება ის, რასაც უკვე მივაღწიეთ დემოკრატიის განვითარების კუთხით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით...მაიკ კონავეი
„შეხვედრები იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას წარუდგინოს ჩვენი ხედვა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებასთან დაკავშირებით და ასევე დაიგეგმოს უახლოეს პერიოდში და პერსპექტივაში ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებულ ყველა მიმართულებაზე კონკრეტული საქმიანობა“.
საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტს წინ უსწრებდა საპარლამენტო დელეგაციის სტუმრობა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში (6-8 თებერვალს) შეხვდნენ სენატისა და წარმომადგენელთა პალატის 20-ზე მეტ წარმომადგენელს. მათ შორის არიან, მაგალითად, სენატორები: ტედ კრუზი, რონ ჯონსონი და როჯერ ვიკერი; ასევე კონგრესმენები: პიტერ როსკამი, მაიკლ ტერნერი და მაიკ კონავეი. საპარლამენტო დელეგაციის აღქმით, საქართველო სარგებლობს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ კონავეიმ საქართველოს მხარდაჭერასთან ერთად რუსეთის აგრესიასაც გაუსვა ხაზი:
„კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე და უცვლელი ერთგულება შეერთებულ შტატებისა და საქართველოს ურთიერთობების მიმართ. მეამაყება ის, რასაც უკვე მივაღწიეთ დემოკრატიის განვითარების კუთხით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით... და ასევე მუდმივად გვაშფოთებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი. ჩრდილოელი მეზობელი შეჭრილია საქართველოს ტერიტორიაზე და ეს უნდა დასრულდეს. მოუთმენლად ველი ხანგრძლივი ურთიერთობების გაგრძელებას კარგ ხალხთან საქართველოში“.
ის ფაქტი, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე სენატის მიერ 1 თებერვალს დამტკიცებული რექს ტილერსონი ასეთ მოკლე დროში ხვდება თავის კოლეგას პატარა საქართველოდან, მეტად მნიშვნელოვან სიგნალად აღიქვეს ანალიტიკოსებმა. როგორც, მაგალითად, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი გობრონიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, შეერთებული შტატების სათქმელი მეტად მნიშვნელოვანია:
„ერთ-ერთი პირველი, ვინც შეხვდება უცხოელი დიპლომატებიდან ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ეს არის სწორედ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ეს მიანიშნებს იმაზეც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ექნება მკაფიო პოზიცია თავისი სტრატეგიული მოკავშირეების მიმართ. ამერიკას უნდა, აჩვენოს მოკავშირეებს, რომ, მიუხედავად ადმინისტრაციის ცვლილებისა, თავისი მოკავშირეების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატები არ შეცვლის პოლიტიკას“.
გიორგი გობრონიძის თქმით, საქართველოს, როგორც ერთგულ პარტნიორსა და მნიშვნელოვანი წვლილის შემტანს გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში, მათ შორის - ავღანეთის მისიაში, აქვს ძალიან დიდი შანსი არათუ შეინარჩუნოს, არამედ გააღრმავოს კიდეც ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური კურსი ჯერ ისევ ჩამოყალიბების ეტაპზეა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრას მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს "თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს" წარმომადგენელი შორენა ლორთქიფანიძე. როგორც პოლიტოლოგი ეუბნება რადიო თავისუფლებას, საქართველომ სწორედ ამ ეტაპზე უნდა გამოავლინოს მაქსიმალური მონდომება, რათა დაიმკვიდროს სათანადო ადგილი აშშ-ის სამომავლო გეგმების ჭრილში. მინისტრ ჯანელიძის აშშ-ში ვიზიტს შორენა ლორთქიფანიძე ამერიკის ინტერესებისა და რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების კონტექსტშიც განიხილავს:
„რეგიონული პერსპექტივა, რუსეთის როლი, რუსეთთან მიმართებით და რეგიონში მიმდინარე პროცესებთან მიმართებით თუნდაც ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება ირანთან - რასაც ჩვენ ვხედავთ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაიძაბა ეს ურთიერთობა... საქართველო ერთგვარი ნეიტრალური აქტორია - ამერიკასთან კარგი, თანამშრომლური, სტრატეგიული ურთიერთობების მქონე... და, ალბათ, ყველა ეს მესიჯი და ყველა ეს საკიხი განხილული იქნება ვიზიტის დროს“.
შესაბამისად, შორენა ლორთქიფანიძის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ-ში სტუმრობა საყურადღებო და დამაფიქრებელი იქნება რუსეთისთვისაც, რომელიც რეგიონში საკუთარი ზეგავლენის ბერკეტების კიდევ უფრო განმტკიცებაზე ზრუნავს.