საფეხბურთო აკადემია ახალციხეში 2012 წელს დაარსდა და იგი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს მოიცავს. აკადემიაში ამ დროისათვის 160 ბიჭი და 60-მდე გოგო ირიცხება. აკადემიის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა ის, რომ ვაჟთა გუნდი მეორე ლიგაში თამაშობს. წარმატებების მიუხედავად, სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი გელა ინასარიძე აცხადებს, რომ დახმარებას ძირითადად ტრანსპორტირების დაფინანსების ნაწილში ითხოვენ.
Your browser doesn’t support HTML5
ფეხბურთელთა მონდომებისა და მიღწეული წარმატების მიუხედავად, გუნდმა დაფინანსების მოპოვება ამ დრომდე ვერ შეძლო. მწვრთნელის ასისტენტი სერგი მარკოსიანი იმ შანსზე ლაპარაკობს, რომელიც ახალი სეზონიდან მესხეთის აკადემიას შეიძლება მიეცეს.
ფეხბურთის აკადემიაში გოგონების ასაკი 11-დან 16 წლამდეა. მესხმა გოგონებმა წარმატებას უკვე მიაღწიეს. ფინანსური პრობლემების მიუხედავად, გუნდი ცდილობს არსებობა არ შეწყვიტოს.
ფეხბურთის გოგონათა და ვაჟთა გუნდები მომავალი ჩემპიონატებისთვის აქტიურად ემზადებიან. სპორტსმენები საქართველოს პირველობის მოსაპოვებლად მომავალი წლის მარტიდან იბრძოლებენ. შანსის მიუხედავად, სამცხე-ჯავახეთის ფედერაციის პრეზიდენტი გელა ინასარიძე აცხადებს, რომ გუნდმა შეიძლება ასპარეზობა ვეღარ გააგრძელოს.
ახალციხის ფეხბურთის აკადემია დახმარებას ითხოვს. გელა ინასარიძის განმარტებით, აკადემიის მთავარი მიზანი ის არის, რომ უსახსრობის გამო ლიგას არ გამოეთიშოს და 320-მდე მესხ ფეხბურთელს ენთუზიაზმი და სტიმული არ დაეკარგოს.