მერია „სითი პარკის“ წინააღმდეგ

შევედრა თბილისის მერიაში

თბილისის მერია კომპანია „სითი პარკს“ 7-წლიანი საქმიანობის დეტალურ ანგარიშს სთხოვს. დედაქალაქის მთავრობასა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებას ქალაქის მერი „კაბალურს“ უწოდებს. მხარეებს შორის 22 აგვისტოს გამართული შეხვედრის შემდეგ საკრებულოს წევრთა ნაწილიც უკმაყოფილოა.

თბილისის ახლად არჩეული მთავრობა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სითი პარკის“ საქმიანობით უკმაყოფილოა. 22 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე კომპანიამ მერიას 7-წლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, თუმცა ეს წარდგენა თბილისის მერის, დავით ნარმანიასთვის არცთუ დამაჯერებელი აღმოჩნდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ტევე სამის“ ეთერში ისაუბრა:

„ციფრები და ინვესტიციების მოცულობა არარეალურად იყო წარმოდგენილი. ეს იყო პიარულად შეფუთული პრეზენტაცია, რომელიც ჩვენი მხრიდან ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებდა“.

„სითი პარკთან“ შეხვედრას თბილისის საკრებულოს წევრებიც ესწრებოდნენ. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კომპანიამ საქმიანობის ანგარიში საჯაროდ წარადგინა. შეხვედრაზე კომპანიასა და თბილისის მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულების პორობები და „სითი პარკის“ საქმიანობის დეტალები განიხილეს. „სითი პარკის“ ანგარიშით კმაყოფილი არც საკრებულოს წევრი ალექსანდრე ელისაშვილი დარჩენილა:

ალექსანდრე ელისაშვილი

„ვეკითხებით, შვიდი წელი რატომ არ გაასაჯაროეს შემოსავლები, გასავლები, თუნდაც ხელშეკრულება, რომელიც გასაიდუმლოებული იყო ამ ხნის განმავლობაში. გვპასუხობდნენ, რომ „გიგი საქმის კურსში იყო“. ვეკითხებით, რა მოცულობის ინვესტიცია განახორციელა „სითი პარკმა“ ამ შვიდი წლის განმავლობაში თბილისში. გვპასუხობენ, არ ვიცითო. - წარმოგიდენიათ?“

კითხვები „სითი პარკსა“ და თბილისის მერიას შორის დადებული ხელშეკრულების გარშემო გამოიწვია რამდენიმე ცვლილებამ, რომლებიც კონტრაქტში 2007 და 2010 წლებში შევიდა. მათ შორისაა გადაწყვეტილება ტარიფის გაზრდის შესახებ, რის შემდეგაც პარკირების საფასური 25-დან 50 ლარამდე გაიზარდა. კომპანიის პიარმენეჯერი ლევან ტაბიძე ამბობს, რომ „სითი პარკი“ კონტრაქტით დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებდა. მისი თქმით, კომპანია მზად არის განიხილოს ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებები, რაც არამც და არამც არ ნიშნავს ხელშეკრულების გაწყვეტას:

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ შეიძლება ეს ინფორმაცია არ გაიცემოდა მესამე მხარეზე, ამაში დაგეთანხმებით, ეს ნამდვილად ასეა. ეს არის თანამშრომლობა მერიასა და „სითი პარკს“ შორის და, შესაბამისად, მესამე მხარეს არც ჰქონდა და არც ახლა აქვს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა“.

დავით ნარმანია

თბილისის მერია „სითი პარკის“ ანგარიშების გასაჯაროებას 25 აგვისტოდან აპირებს. გასაჯაროვდება სადავო ხელშეკრულების დეტალებიც. როგორც დავით ნარმანიამ ტელეკომპანია „ტევე სამის“ ეთერში განაცხადა, ეს ხელშეკრულება მხოლოდ კომპანიის ინტერესებს ემსახურებოდა:

„ხელშეკრულების თავდაპირველი ვარიანტიც და შემდგომი სამი ცვლილებაც კონკრეტულად „სითი პარკის“ ინტერესებს ემსახურებოდა, მე ამას ხაზგასმით აღვნიშნავ. იქ არ იყო დედაქალაქის და მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული. პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ ხელშეკრულების ყოველი ცვლილების შედეგად უარესდებოდა მდგომარეობა მძღოლებისთვის, დედაქალაქისთვის“.

ლევან ტაბიძე ამბობს, რომ „სითი პარკი“ მზადაა, კომპანიისთვის მიცემულ ვადაში, სექტემბრის ბოლომდე, წარადგინოს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი - მათ შორის, დოკუმენტაცია ყოველწლიური ფინანსური ბრუნვის შესახებ, კომპანიის წლიური ანგარიში, სამომავლო გეგმები, 2010 წელს ფასების გაძვირების დასაბუთება და გაანგარიშება; ასევე, კომპანიის ყოფილი და ამჟამინდელი თანამშრომლების ნუსხა და ინფორმაცია ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლებისა და გადაუხდელი ჯარიმების შესახებ.

სწორედ ამ დოკუმენტების გაანალიზების შემდეგ დასახავენ მერია და საკრებულო მოქმედების გეგმას. როგორც ალექსანდრე ელისაშვილი ამბობს:

„იქ იყო საუბარი, რომ შეიძლება ტროტუარები ჩამოერთვას „სითი პარკს“, შეიძლება ავტოსადგომები ჩამოერთვას, რომლებიც ყველანაირი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე აქვს დაკავებული. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, მე „სითი პარკს“ გავუშვებდი, იმიტომ რომ დღეს მთელ თბილისში პარკირებას ე.წ. „სტაიანშიკები“ აწესრიგებენ და არა „სითი პარკი“. „სითი პარკს“, უბრალოდ, მიჰყავს მანქანები ევაკუატორებით, რაც არანორმალურია“.

თუმცა „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტა მარტივი არ არის. ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის შემთხვევაში თბილისის მერიას კომპანიისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

კომპანია „სითი პარკსა“ და თბილისის მთავრობას შორის მორიგი შეხვედრა სექტემბრის ბოლოს გაიმართება, სადაც გადაწყდება, როგორ გაგრძელდება მერიასა და კომპანიას შორის თანამშრომლობა.