თამარ მეარაყიშვილის დაკავებას ცხინვალშიც გამოეხმაურნენ

ორი დღის წინ ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დაკავება რეზონანსულ საქმედ იქცა როგორც თბილისში, ისე ცხინვალში. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, არასამთავრობო სექტორმა, სახალხო დამცველმა, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ხუთშაბათს მეარაყიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს და ხაზგასმით განაცხადეს, რომ ადგილი აქვს ადამიანის უფლებების შელახვას და საერთაშორისო პარტნიორებიც ჩააყენეს საქმის კურსში. რადიო თავისუფლებასთან საუბარში თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ კანონით დადგენილ ხუთდღიან ვადაში ადვოკატთან ერთად უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში.

Your browser doesn’t support HTML5

თამარ მეარაყიშვილის დაკავებას ცხინვალშიც გამოეხმაურნენ

სამოქალაქო აქტივისტის საქმეს გამოხმაურება ცხინვალშიც მოჰყვა. ადგილობრივი ხელისუფლება დუმილს ინარჩუნებს, მაგრამ სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ახალგორელი სამართალდამცავების ქმედებები მკაცრად გააკრიტიკეს. ცხინვალში არსებულ მედიაცენტრ „ირ“-ის ხელმძღვანელი ირინა გაგლოევა რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს ფაქტი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, რადგან ადამიანს თუ ცილისწამებას ედავებიან, რა საჭიროა ბინის ჩხრეკა. მისი აზრით, სამხრეთ ოსეთში გრძელდება სამართლებრივი განუკითხაობა.

დე ფაქტო რესპუბლიკაში სამოქალაქო სექტორი და განსხვავებული აზრი რომ იდევნება, ეს ცხინვალელმა სამოქალაქო აქტივისტებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს. ორი წლის წინ ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მხოლოდ იმის გამო გამოაცხადა თვითლიკვიდაცია, რომ მათ მუდმივად უწოდებდნენ მოღალეტეებს და უცხოელ აგენტებს. ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს ხვდებოდნენ სამოქალაქო დიალოგის ფორმატში. ერთი მათგანი იყო ლირა კოზაევა, რომელიც აცხადებს, რომ მეარაყიშვილის შემთხვევის შემდეგ ხვალ ალბათ სხვებსაც მიუკაკუნებენ კარებზე.

სამოქალაქო აქტივისტი და გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორი ხელისუფლების კრიტიკის გამო 2010 წელს სასტიკად სცემეს ცხინვალის ცენტრში. თემურ ცხურბათი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ არაფერი შეცვლილა და სამართალდამცავები იქცევიან ბანდიტებივით, რომლებიც სამხრეთ ოსეთის დისკრედიტაციას ეწევიან.

16 აგვისტოს ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი საკუთარ სახლთან დააკავეს და დაკითხვისას ცილისწამების ბრალდება წაუყენეს. გამოძიების ვერსიით, მეარაყიშვილმა დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველი პარტიის, „ედინაია ოსეტიას“ წევრის, სპარტაკ დრიაევის, პატივი და ღირსება შელახა. ამის შემდეგ ჩხრეკა ჩატარდა მეარაყიშვილის სახლში, საიდანაც კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონი წაიღეს. მეარაყიშვილი ამ ყველაფერს მის დაშინების მცდელობად აფასებს. სამოქალაქო აქტივისტი დაბაში არსებული უკანონობის გამო ხშირად აკრიტიკებს ადგილობრივ ხელისუფლებას და საუბრობს კორუფციულ ფაქტებზე. მას არაერთხელ მოუწოდეს რომ შეეწყვიტა ურთიერთობა რადიო თავისუფლებასთან. ახალგორში გამოძიება გრძელდება, ადამიანის უფლებადამცველები კი მიიჩნევენ, რომ მეარაყიშვილს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავენ.