30 ოქტომბერს მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების მეორე ტურში 50 ოლქიდან 48-ში გაიმარჯვეს „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა – ასეთია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც, ხაშურის 43-ე მაჟორიტარულ ოლქში ყველაზე მეტი ხმა მიიღო „მრეწველების“ კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ, ხოლო მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში –დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა. ცენტრალური საარჩევნო კომისიების მონაცემებით,არჩევნების მეორე ტურში დაფიქსირდა დარღვევების ცალკეული შემთხვევები, თუმცა, მთლიანობაში, პროცესი განხორციელდა გამჭვირვალედ და ამომრჩევლებმა თავისუფალ გარემოში, შეფერხების გარეშე შეძლეს კენჭისყრაში მონაწილეობა.
Your browser doesn’t support HTML5
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები შეაჯამა ყველა – 50 მაჟორიტარული ოლქის (2229 საარჩევნო უბანი) მიხედვით. ჟვანიამ საზოგადოებას ასევე მიაწოდა ინფორმაცია 30 ოქტომბერს გამართული ახალციხის მერისა და გამგებლების რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის შესახებ, ლაგოდეხსა და სენაკში - საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგების თაობაზე. წინასწარი მონაცემებით, ყველგან მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება დარღვევებსა და მათზე რეაგირებას, დასკვნა ასეთია:
„საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ რეგისტრირებულია 195 საჩივარი, თუმცა მათი უმეტესობა შეეხება ტექნიკურ, პროცედურულ საკითხებს და მოთხოვნების ძალიან დიდი უმრავლესობა გახლავთ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები“.
ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვისმინეთ როგორც ზეპირი განცხადება, ასევე მისი უარყოფა. ჯერჯერობით, ფაქტი არ დადასტურებულა. გუშინვე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ აუცილებლად სამართლებრივ ჩარჩოებში გვექნება რეაგირება...თამარ ჟვანია
თამარ ჟვანიას თქმით, დავების განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ, საოლქო კომისიები მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს შეაჯამებენ კენჭისყრის დასრულებიდან არაუგვიანეს მეთერთმეტე დღისა, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისია არაუგვიანეს მეცხრამეტე დღისა შეაჯამებს არჩევნების საბოლოო შედეგებს. თამარ ჟვანიამ კომენტარი გააკეთა 30 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, მარნეულის საარჩევნო ოლქის ერთ-ერთ უბანზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩაყარეს 400 ბიულეტენი:
„ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვისმინეთ როგორც ზეპირი განცხადება, ასევე მისი უარყოფა. ჯერჯერობით, ფაქტი არ დადასტურებულა. გუშინვე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ აუცილებლად სამართლებრივ ჩარჩოებში გვექნება რეაგირება“.
არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლები მობილური ჯგუფების მეშვეობით. უჩა ნანუაშვილის თქმით, ომბუდსმენის მონიტორები ესტუმრნენ 450-მდე საარჩევნო უბანს, სადაც აღმოჩენილ იქნა შემდეგი სახის დარღვევები: დამკვირვებელზე ზეწოლა – ხუთი ფაქტი, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, სავარაუდოდ, მოსყიდვის რამდენიმე შემთხვევა. ასევე ხარვეზები გამოვლინდა მარკირების პროცესში.
ხმის მიცემისას დარღვევები დააფიქსირეს არასამთავრობო ორგანიზაციების მეთვალყურეებმაც. სამართლიანმა არჩევნებმა 39 საჩივარი წარადგინა საოლქო კომისიებში, ხოლო საუბნო კომისიებში ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის თქმით, იყო რამდენიმე ტიპის მნიშვნელოვანი დარღვევა:
„ზოგიერთ უბანზე ბიულეტენებისა და ხელმოწერების შეუსაბამობა იყო პრობლემა. ასევე იყო ბიულეტენების ფარულობის პრობლემა. ეს დარღვევები სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს შედეგებზე მაჟორიტარულ ოლქებში. მაგალითად, ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში ვითხოვთ 72-ე უბნის შედეგის ბათილობას იმის გამო, რომ აღმოჩნდა 35 კონვერტი, რომელშიც ბიულეტენებთან ერთად მოთავსებული იყო ამომრჩევლის მოსაწვევი ბარათი, რითაც შესაძლებელი იყო ამომრჩეველთა იდენტიფიცირება“.
არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა ასევე დააფიქსირეს მარკირებაგავლილი ამომრჩევლების ხმის მიცემისა და ხმის მიცემის მცდელობის, დამკვირვებელთა მიმართ მუქარისა და ხელის შეშლის ფაქტები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ასევე დაფიქსირდა ფიზიკური შეურაცხყოფის ერთი ფაქტი გორში და მედიის წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლის ერთი ფაქტი ბათუმში. ანა ნაცვლიშვილის თქმით, განსხვავებული ფორმით ხმის მიცემის შემთხვევებმა ასევე გააჩინა ეჭვი ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის დაწესების თაობაზე:
„ჩვენ დავაფიქსირეთ 80-მდე შემთხვევა განსხვავებული ფორმით არჩევნის გაკეთებისა, რომელიც მდგომარეობდა ოთხკუთხედად ან სამკუთხედად შემოხაზულ არჩევანში, ასევე დავაფიქსირეთ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 40-მდე შემთხვევა, როცა კონვერტში ბიულეტენთან ერთად მოთავსებული იყო ამომრჩევლის სარეგისტრაციო ბარათი, რაც არღვევს ფარულობას“.
თუმცა, დარღვევების მიუხედავად, სადამკვირვებლო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ დარღვევები გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების წინასწარ შედეგებზე. საინფორმაციო პორტალ on.ge-ს მიხედვით, 31 ოქტომბერს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის კოორდინატორმა იგნასიო სანჩესმა განაცხადა:
„არჩევნები ძალიან კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში გაიმართა, რამაც ამომრჩევლებს საშუალება მისცა, მიეღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება. პლურალიზებულ მედია გარემოში გამოიხატა ძალადობის რამდენიმე შემთხვევა, რამაც გარკვეული ზეგავლენა მოახდინა, თუმცა მათ რისკის ქვეშ არ დაუყენებიათ ის არჩევნები, რომლებიც სხვაგვარად საკმაოდ დადებითი იყო“.
ჩვენმა ხალხმა გამოავლინა მაღალი სამოქალაქო კულტურა, პირნათლად მოიხადა საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი. მე პატივს ვცემ თითოეული ადამიანის თავისუფალ არჩევანს იმის მიუხედავად, რომელ პოლიტიკურ ძალას მისცა ხმა...გიორგი კვირიკაშვილი
დემოკრატიის, ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის გამარჯვება უწოდა 8 და 30 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის განცხადებითაც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული:
„ჩვენმა ხალხმა გამოავლინა მაღალი სამოქალაქო კულტურა, პირნათლად მოიხადა საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი. მე პატივს ვცემ თითოეული ადამიანის თავისუფალ არჩევანს იმის მიუხედავად, რომელ პოლიტიკურ ძალას მისცა ხმა. მთავარია, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, შევძელით საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ეს არის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი“.
პრემიერ-მინისტრის ამ შეფასებასა და პათოსს არ იზიარებენ ოპოზიურ ნაციონალურ მოძრაობაში, რომლის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, მმართველმა პარტიამ მოიგო ზეწოლით, ძალადობით, დაშინებით, ადმინისტრაციისა და ქუჩის რესურსის გამოყენებით:
„ეს არის დარღვევების ყველაზე რთული ნაწილი, რომლის დასაბუთება არის რთული იმიტომ, რომ, როდესაც შენ აშინებ ადამიანს, ის შემდეგ ვეღარ გამოდის და საჯაროდ ვერ ასახელებს მოძალადეს. მთავარი პრობლემა ამ არჩევნებზე არ იყო „კარუსელები“ და თუნდაც საარჩევნო დღის მანიპულაციები, მთავარი პრობლემა იყო იმ კლიმატის შექმნა, რომელშიც ადამიანებს ეშინოდათ“.
საპარლამენტო არჩევნების ორი ტურის წინასწარი შედეგების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ მე-9 მოწვევის პარლამენტში ექნება 115 მანდატი, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა. 150-წევრიან პარლამენტში პროპორციული სისტემით 27 მანდატი მოიპოვა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, 6 მანდატი „პატრიოტთა ალიანსმა“ და თითო-თითო ორმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა.