Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების მეორე ტური


30 ოქტომბერს საქართველოში პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა, აქედან თბილისის 18-სა და რეგიონების 32 ოლქში. დღესვე ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ლაგოდეხსა და სენაკში კი საკრებულოს შუალედური არჩევნები.

საღამოს რვა საათზე, საარჩენო უბნების დახურვის შემდეგ, ხმების დათვლის პროცედურა დაიწყო. რვა საათის მდგომარეობით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 87 საჩივარია შესული. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, საჩივრები, ძირითადად, მცირე პროცედურულ ხარვეზებს ეხება.

„წინასწარი მონაცემებით, რვა საათისთვის ამომრჩველთა აქტივობამ ორმოცდაათივე სააარჩევნო ოლქში 37,5 პროცენტი შეადგინა,რაც რაოდენობრივად 929 265 ამომრჩეველია. არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა. ამომრჩევლებს ჰქონდთ შესაძლებლობა საკუთარი ნება გამოეხატათ და დაეფიქსირებინათ არჩევანი“.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა, რომელიც არჩევნებს სამ რეგიონში აკვირდებოდა, გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ დაფიქსირდა 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა, დაიწერა ცხრა საჩივარი.

თავიანთი შეფასებები გააკეთეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სამართლიანმა არჩევნებმაც. საია-ს ინფორმაციით, იზღუდებოდა დამკვირვებლების უფლებები, ასევე დაფიქსირდა მუქარის ფაქტები. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ერთგან აკონტროლებდნენ კიდეც, თუ ვინ რომელ კანდიდატს აძლევდა ხმას.

„აწარმოებენ უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვას. ლურჯად აღნიშნავენ „ქართული ოცნების“ მომხრეებს, ყვითლად - „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს და სხვა ფერად – ვისაც არ ჰქონდათ გადაწყვეტილი ვის მისცემენ ხმას. აღსანიშნავია, რომ ეს პირები ამომრჩველებს ეკითხებიან, ხომ არ შეუცვლიათ არჩევანი. რა თქმა უნდა, ეს არასწორი ქმედებაა“.

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე კი ამბობს:

„არის რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა. მნიშვნელოვანი დარღვევების დიდი ნაწილი კონცენტრირებულია მარნეულში, 36-ე ოლქში. რაც შეეხება პროცედურულ დარღვევებს, რომლებიც შეიძლება კომისიების არაკომპეტენტურობაზე მიუთითებდეს, ამ მიმართულებით არის გადასატან ყუთთან დაკავშირებული ხარვეზები, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება“...

უფრო კონკრეტულად მარნეულის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი ახმედ იმამკულიევი აცხადებს, რომ 36-ე საარჩევნო ოლქში არჩევნები სერიოზული დარღვევებით მიმდინარეობდა.

„ღიად ამბობდნენ, რომ უნდა შემოხაზონ 41 და აჩვენონ კომისიის წევრებს და ყველა ჩვენი წარმომადგენელი გაუშვეს გარეთ, იმიტომ რომ დაწერეს საჩივარი“.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ზაზა ბაირამოვი თავად ყვება თუ როგორ ჩაყარა 400 ბიულეტენი 86-ე უბანზე. მოგვიანებით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იაკობ ასანიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ამ უბანზე ხმა სულ 382-მა ამომრჩეველმა მისცა.

ზოგადად, დღის განმავლობაში, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე „ქართული ოცნება“ ერთმანეთს პროვოკაციებში სდებდა ბრალს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძარობას“ ე.წ. ზონდერები ჰყავს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც, ვითომდა, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით შექმნა.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა გორში, სოფელ ქვემო სოდისში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის, ალბერტ მერებაშვილის ცემის ფაქტზე. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მერებაშვილმა საარჩევნო უბანზე პროვოკაცია მოაწყო და დაპირისპირებაც ამას მოჰყვა. ნაციონალური მოძრაობა კი სხვა დარღვევებზეც საუბრობს. პარტიის ოფისში რამდენჯერმე გამართა ბრიფინგი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა თინათინ ბოკუჩავამ და სხვადასხვა დარღვევებზე მიუთითა.

რამდენიმე ოლქში არის დაპირისპირების საფრთხე. ჩვენ ვხედავთ დიდი კონცენტრაციით სპორტსმენებს, რომლებიც იკრიბებიან მაგალითად, გორში, ქუთაისში, რუსთავში. გორში განსაკუთრების დიდი კონცენტრაცია სოფელ გარეჯვარში, 50- უბანთან... .

მისივე თქმით, იყო შემთხვევები, როცა ერთი და იგივე ადამიანები სხვადასხვა უბნებზე აძლევდნენ ხმას. გარდა ამისა, დაფიქსირდა ზეწოლისა და პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის ფაქტები, პრობლემები იყო გადასატან ყუთებთან დაკავშირებით.

ინციდენტები მოხდა მარკირების პროცესშიც. ბათუმის #63-ე უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა განაცხადა, რომ ხელზე ლაქა მანდარინისგან ჰქონდა. ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, მანდარინის ან სხვა ციტრუსისთვის ხელის მოკიდება არ ტოვებს იმ კვალს, რასაც მარკირება. მისივე თქმით, ასევე შეუძლებელია ამომრჩეველს მარკირების ნიშანი 8 ოქტომბრის არჩევნებიდან შემორჩენოდა. ეს განმარტება მოყვა იმას, რომ ანა მიქელაძის თქმით, მთაწმინდის, ისნის, ასევე ფოთისა და ქუთაისის საარჩევნო უბნებზე მასობრივად მივიდნენ ამომრჩევლები, რომლებსაც ხელზე მარკირების ნიშანი ეტყობოდათ. არც ერთ მათგანს ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მიეცა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG