გორის ორივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ქალაქის 41-ე მაჟორიტარულ ოლქში კონკურენტის გარეშე დარჩენილმა იოსებ მაკრახიძემ ამომრჩეველთა ხმების 85 პროცენტი მიიღო.
Your browser doesn’t support HTML5
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მეორე ტურის წინ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, თუმცა მისი გვარი საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩა. გორელების 15 პროცენტმა ალასანიას მხარი მაინც დაუჭირა. საქართველოში ყველაზე დაბალი აქტივობა სწორედ 41-ე მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა 22 პროცენტი მივიდა უბნებში. ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია არჩევნებს 42-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ერთმანეთს მმართველი პარტიის კანდიდატი თენგიზ ხუბულური და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ბადრი ბასიშვილი დაუპირისპირდნენ.
მთელი დღის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბიდან „ქართული ოცნების“ მიმართ ბრალდებები ისმოდა, ამომრჩეველთა მოსყიდვის, ზეწოლის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე. სოფელ სობისში კი კანდიდატების მხარდამჭერებს შორის ჩხუბიც მოხდა. ალბერტ მერებაშვილი თავის ტვინის შერყევით გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მანამდე კი მან „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში ბრიფინგი გამართა და ყველაფერში „ქართული ოცნებიდან“ გორის საკრებულოს წევრი, კობა ბერიანიძე დაადანაშაულა.
მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ბადრი ბასიშვილმა კი „ქართული ოცნება“ ძალადობაში დაადანაშაულა.
ბასიშვილის ბრალდებებს „ქართული ოცნების“ როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი შტაბიდან უპასუხეს და პროვოკაციის მოწყობაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დაადანაშაულეს.
დღის ბოლოს, არჩევნების მიმდინარეობა ოცნების კანდიდატმა თენგიზ ხუბულურმა შეაფასა, რომლის შტაბშიც გამარჯვებას ფეიერვერკით და შამპანურით აღნიშნავდნენ. ხუბულურის თქმით, მისთვის პრიორიტეტული საოკუპაციო გამყოფ ხაზთან არსებული სოფლების პრობლემების მოგვარება იქნება.
გორის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში 30 ოქტომბერს, ძირითადად, პროცედურული დარღვევები ფიქსირდებოდა. საოლქო საარჩევნო კომისიაში ცხრა საჩივარი შევიდა. კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ მირუაშვილის განცხადებით, კომისიამ საჩივრების ნაწილი უკვე განიხილა, ნაწილს კი ორი დღის ვადაში განიხილავს.
შიდა ქართლში ხუთი საარჩევნო ოლქიდან ოთხში გამარჯვებას „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მიაღწიეს. მხოლოდ ხაშურში „თოფაძე-მრეწველების“ წარმომადგენელმა სიმონ ნოზაძემ სახელისუფლებო კანდიდატი ვალერი გელაშვილი დაამარცხა.