მედიკამენტების ფასები

საქართველოში ლარის გაუფასურებასთან ერთად იცვლება სხვადასხვა პროდუქტის ფასებიც, მათ შორის, მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების. ადამიანები, რომლებსაც ხშირად უხდებათ წამლების ყიდვა, ფასებით უკმაყოფილონი არიან, თუმცა ფარმაცევტთა ასოციაცია და ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნებიან, რომ ასეთ ზრდაში საგანგაშო არაფერია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის იანვართან შედარებით, 2015 წლის იანვარში ჯანმრთელობის დაცვა 7.3 პროცენტით გაძვირდა. ჯანმრთელობის დაცვაში შედის ისეთი პრეპარატებისა და სამედიცინო მომსახურების ფასები, რომლებზეც, საქსტატის ინფორმაციით, ყველაზე მეტი მოთხოვნილებაა. მათ შორისაა: ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, ანტიბიოტიკები, ვიტამინები, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები, ბამბა, შპრიცი, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები და ა.შ.

ფასების გაძვირებამ უკმაყოფილება მომხმარებლებშიც გამოიწვია. 80 წლის ლერი ესაიაშვილს ყოველდღიურად სხვადასხვა წამლის მიღება უხდება. ამჯერად კბილის პროთეზის წებოს საყიდლად უახლოეს აფთიაქში ჩადის, თუმცა ყიდვას ვერ ახერხებს:

„ახლა რაც ვიყიდე, პირველად ვყიდულობ. წებოა „კორეგას“ ნაცვლად. „კორეგაზე“ მითხრეს, 20 ლარი გახდაო - 12 ღირდა. კიდევ „მეზიმფორტეს“ ვყიდულობ, რომელიც აქ 3 ლარი და 10 თეთრი ღირს, სხვაგან - 2 და 70“.

საქსტატის 2015 წლის იანვრის მონაცემებით, ჯანმრთელობის დაცვა დეკემბერთან შედარებითაც გაძვირდა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია განმარტავს, რომ ყოველი წლის დასაწყისში ფასების გაძვირება ბუნებრივია:

„ფასები მომატებულია და ეს პროცესი იანვარში დაიწყო. ფასები ძირითადად იმ პრეპარატებზე გაიზარდა, რომლებიც დოლარის ზონიდან შემოდის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ კატასტროფა გვაქვს. ჩვენ მსგავსი მომატება გვქონია. იანვრის თვეში დიდი კომპანიები ყოველთვის გადააფასებენ ხოლმე პრეპარატებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას, რა თქმა უნდა, ლარის კურსის მერყეობაც დაემატა“.

როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ფასებს სამინისტრო თვეში ორჯერ იკვლევს. შერჩეულია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატები, რომლების ნუსხაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეადგინა. ბოლო შედეგებით, როგორც ვალერი კვარაცხელია ამბობს, პრეპარატებზე ფასებმა საშუალოდ 8-10 პროცენტით მოიმატა.

ბაზარზე ფასების კვლევას იწყებს ფარმაცევტთა ასოციაციაც, სადაც დიდი და მცირე ფარმაცევტული კომპანიები არიან გაერთიანებულნი.

20 თებერვალს მათ ამ თემაზე პრესკონფერენციაც გამართეს, რომელიც დამსწრეებთან კამათში გადაიზარდა. ფარმაცევტთა ასოციაცია ირწმუნება, რომ, წინასწარი მონაცემებით, მედიკამენტებზე ფასი, საერთო ჯამში, არ მომატებულა.

„დოლარის კურსი, უკვე დიდი ხანია, იმატებს, მაგრამ დიდი ხანია, დოლარზე ნაყიდ მედიკამენტებზე ერთი და იგივე ფასია, ანუ იმ მედიკამენტებზე, რომელთა მარაგიც კომპანიებს უკვე ჰქონდათ. ამ მარაგზე, დამიჯერეთ, ფასი არავის მოუმატებია. თუ შეისყიდეს ახალ ფასში, მაშინ ფასები გადაიხედება, მაგრამ ფასი მცირედით მოემატება“, ამბობს ასოციაციის პრეზიდენტი ირინა ჭელიძე.

ფარმაცევტთა ასოციაცია, დაახლოებით 6 თვეა, რაც დაარსდა. ფარმაცევტული კომპანიები მსგავს კვლევებს ადრე შიდაკორპორაციული მიზნით ატარებდნენ და, შესაბამისად, შედეგიც არ საჯაროვდებოდა. კომპანია „ჯი-პი-სის“ ფარმაცევტული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ბარათაშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საერთო კვლევის შედეგები გასაჯაროვდება:

„კვლევის შედეგები, პირველ რიგში, ფარმაცევტული ასოციაციების კომპანიაშია განხილული. ჩაერთვებიან ექსპერტები, რომლებიც ამაზე იმუშავებენ. შევისწავლით, რა არის ფასების ზრდის მიზეზი - მხოლოდ დოლარის კურსი იწვევს თუ სხვა ფაქტორი. ზუსტად ეს უნდა შეისწავლოს კომპეტენტურმა ორგანიზაციამ, დაიდება დასკვნები და გაკეთდება პრეზენტაცია“.

როგორც ასოციაციის წარმომადგენლები ამბობენ, ფასების კვლევას ორი-სამი კვირა მაინც დასჭირდება. ისინი პრეპარატებზე ფასებს მეზობელ ქვეყნებშიც იკვლევენ, თუმცა ჯერ ვერ აკონკრეტებენ, რა ცვლილება მოჰყვება კვლევის შედეგების გამოქვეყნებას. მედიკამენტების ფასების რეგულაციაში არც ჯანდაცვის სამინისტრო ერთვება, არც სხვა რომელიმე ორგანიზაცია - ფასებს ბაზარი არეგულირებს.