„მწვანე მუშტის“ ბულიონი

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ მეტროს სადგურში სიცივისგან უსახლკარო მამაკაცი გაიყინა. სანამ მამაკაცის ვინაობა და მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზი გაირკვეოდა, უამრავი ბლოგ-პოსტი, სტატია და ლექსიც კი დაიწერა და საზოგადოებამ თითქოს ერთბაშად შეამჩნია ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ყოველდღე გვხვდებიან. ხშირ შემთხვევაში მათ ვერც ჩვენ ვამჩნევთ და ვერც სახელმწიფო, რომელსაც იმის დადგენაც კი უჭირს, თუ რამდენია ისეთი ადამიანი, რომელსაც თავშესაფარი სჭირდება, განსაკუთრებით ზამთრის სუსხიან ღამეს. როგორია საზოგადოების როლი მსგავსი პრობლემების მოგვარებაში და როგორ შეიძლება რეალურ დახმარებად იქცეს სოციალურ ქსელში გამოხატული ინტერესი?

მაშინ როცა ვარდების მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა უკვე ტრადიციად ქცეულ ალილოზე და ტკბილეულით დატვირთული ურმებით და ავტობუსებით სამების ტაძრისკენ გაემართნენ, რუსთაველის მეტროსთან ათიოდე ახალგაზრდამ საკუთარი ხელით დამზადებული ბუტერბროდები და ცხელი ბულიონით სავსე თერმოსები ზურგჩანთებში ჩაიწყო, სამ ჯგუფად გაიყო და საკვების იმ ადამიანებისთვის დასარიგებლად დაიძრა, ქუჩაში რომ უწევთ ცხოვრება და გამვლელ-გამომვლელთა დახმარებით ირჩენენ თავს. ეს აქცია ახალგაზრდების გაერთიანება „მწვანე მუშტმა“ ფეისბუკით დაგეგმა და საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გადაწყვიტეს საკუთარი რესურსითა და ძალით იანვრის ყინვაში დახმარება გაუწიონ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ და წასასვლელი არსად აქვთ. აქციაში ჩართვის მსურველთათვის დეტალურად იყო აღწერილი შეხვედრის დრო და ადგილი. პოსტი ბევრმა გაიზიარა და ბევრი მოწონებაც დაიმსახურა, თუმცა რეალური დახმარების გასაწევად იქ თითქმის არავინ მისულა. „მწვანე მუშტის“ წევრის ხატია მაღლაფერიძის თქმით, საზოგადოების მხრიდან დიდი დახმარების იმედი არც ჰქონიათ:

„როგორც ყოველთვის, ფეისბუკით გამოხმაურება იყო, მაგრამ მაინც არ გვქონია გათვლილი, რომ აქ ოცი ან ოცდაათი ადამიანი დაგვხვდებოდა. მაგრამ, რადგან ეს სამომავლო გეგმის ჩანასახია, მაინც მშვენიერია. მარტო ჩვენ, „მწვანე მუშტის“ წევრები, გადავნაწილდით დილის და საღამოს მორიგეებად. ჩვენ ახლა შეგვხვდა ტერიტორია რუსთაველის მეტროდან თავისუფლების მოედნისკენ, მეორე ჯგუფს - მარჯანიშვილის გამზირი და მეტრო, მესამეს კი - ვაკე-საბურთალოს ტერიტორია. სადაც დავინახავთ მოხუცს ან ადამიანს, რომელიც უკრავს, ან მას, ვინც ხელგაწვდილია, ცხელი სასმელით და საკვებით ვეხმარებით“.

ჩვეულებრივთან შედარებით, რუსთაველის გამზირზე დახმარების მთხოვნელი ადამიანების რიცხვი თითქოს ნაკლები იყო. როგორც „მწვანე მუშტის“ აქტივისტებმა ივარაუდეს, ისინი, ალბათ, დღესასწაულებზე ეკლესიებთან უფრო იკრიბებიან, მეტი ხურდისა და დახმარების მოლოდინში. თუმცა მიწისქვეშა გადასასვლელებსა და ტროტუარებზე დარჩენილებმა, ხურდის ნაცვლად, ცხელი ბულიონი და ტკბილეულიც დიდი სიამოვნებით მიიღეს. ესიამოვნათ არა მხოლოდ საკვები, არამედ ადამიანური სითბო და ყურადღება:

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანურ დონეზეა მნიშვნელოვანი. ქუჩებში ყოველდღე ვხედავთ ხელგაწვდილ ადამიანებს, მოხუცებს, ბავშვებს. ბოლო თვეები სულ ვფიქრობდით, რისი გაკეთება შეგვეძლო. ბოლოს ექსპრომტად გადავწყვიტეთ ასე მოხალისეებად გვევლო და გაგვეგო, რა გამოგვივა. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ ამ აქციამ ორგანიზებული სახე მიიღოს“.

მოხალისეებმა არ იციან, რამდენს ეყოფა ერთი თერმოსი ბულიონი ან რამდენი ბუტერბროტის დამზადებას მოახერხებენ, თუმცა მათთვის მცდელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავიდანვე დიდ შედეგებზე გათვლილი კამპანიები. სამი წლის წინათაც ამ იდეით გაერთიანდნენ - სურდათ თავად გაეწიათ წინააღმდეგობა იმისთვის, რაც არ მოსწონთ, და აქტიურად დაიწყეს ბრძოლა ხუდონჰესის წინააღმდეგ და საყდრისის დასაცავად:

„მაშინაც ექსპრომტად შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, რომ ამას წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ. როცა რაღაცის წინააღმდეგ იბრძვი, გჭირდება მომხრეები და მომხრეებმა უნდა იცოდნენ პრობლემა. ჩვენ გვქონდა აქცია, როდესაც უნივერსიტეტებში დავდიოდით და ვავრცელებდით ინფორმაციას, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს საქართველოში კაშხლების მშენებლობას. გამოხმაურება თავიდან ყოველთვის დაბალი იყო და ამას ძალიან ემოციურად აღვიქვამდით, მსოფლიო ტრაგედიად გვეჩვენებოდა, მაგრამ დროდადრო მივხვდით, რომ ამას წლების მუშაობა სჭირდება. შეუძლებელია ერთ წელიწადში გამოვიდეს ხალხი და თქვას, რომ “ მე არ მინდა, რომ კაზრეთში მუშები უმძიმეს პირობებში მუშაობდნენ“.

დღეისათის თბილისში მხოლოდ ერთი თავშესაფარი ფუნქციონირებს, თუმცა არავინ იცის, რამდენია ისეთი ადამიანი, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს და დახმარება სჭირდება. მათი რეგისტრაცია ახლა იწყება. უცნობია ისიც, თუ როდის მოახერხებს სახელმწიფო მათ დათვლას, შემდეგ კი დახმარებას. ამასობაში კი, ალბათ,მოხალისეების თერმოსში ბულიონიც გათავდება.