სამ საათს გასტანა 26 აგვისტოს თბილისის საკრებულოში სხდომა, სადაც ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ “გამწვანებული ტერიტორიების განკარგვისა და მოვლა-პატრონობის საკითხზე” ილაპარაკა. სხდომამ ინცინდენტების თანხლებით ჩაიარა. პარალელურად, თბილისის მერიასთან, პარტიზანი მებაღეების ინიციატივით, გროვდება ხელმოწერები ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობის გადაყენების მოთხოვნით. ამასთანავე, მიმართვას ავრცელებენ გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.
Your browser doesn’t support HTML5
სანამ ირაკლი კუპრაძე, სამოქალაქო აქტივისტი, საკრებულოს კიბეებზე დაეცემოდა, მანამდე ის საკრებულოს დარბაზში სიტყვას ითხოვდა. სიტყვას ითხოვდა სხდომაზე, რომელზეც ქალაქის მერი, დავით ნარმანია, კითხულობდა რიგგარეშე ანგარიშს “გამწვანებული ტერიტორიების განკარგვისა და მოვლა-პატრონობის საკითხზე”. ირაკლი კუპრაძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ სიტყვის თქმის საშუალება მას სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებმა არ მისცეს:
„მინდოდა სიტყვის მოთხოვნა, შემატყო ეს გვერდით მდგომმა თანამშრომელმა, რომელიც პირდაპირ ჩემზე იყო მომაგრებული და მითხრა, არ გინდა, ნუ იტყვი ნურაფერს და ნუ გაამწვავებ, თორემ გაგიტანთ დარბაზიდანო. ერთადერთი ფრაზა, რაც მოვასწარი, მივმართე საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონო ალიბეგაშვილო, გთხოვთ, მომცეთ სიტყვის უფლება. დასრულებულიც არ მქონდა ეს წინადადება, როცა ჩამეჭიდა რამდენიმე თანამშრომელი, გამათრიეს, ლამის ჰაერში მიმათრევდნენ და როცა უკვე ვეღარ მოვახერხე ფეხის დადგმა, წავიქეცი, ზურგით დავეცი და დავიზიანე ზურგი“.
სიტყვის თქმა კი ირაკლი კუპრაძეს იმისთვის უნდოდა, რომ დედაქალაქის მერისთვის ეთქვა, რომ ქალაქს არ გააჩნია კონცეფცია და ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს თბილისის განვითარება, რაც მწვანე საფარის მოწესრიგებასთან ერთად გულისხმობს საჯარო სივრცეების მოწყობას საზოგადოებისათვის, - მათ შორის, კონკრეტულად, შშმ პირებისათვის, - თბილისის კულტურული მემკვიდრეობის, ავთენტური სახის შენარჩუნებას და სხვა. როგორც ირაკლი ამბობს, მას სურდა კომპლექსურად წარმოეჩინა თბილისში არსებული პრობლემები, რომლებიც, მისი თქმით, მხოლოდ თითო ხის დაცვაზე არ გადის. მას სურდა მერისთვის შეეხსენებინა, რომ თბილისის განვითარება უნდა ხორციელდებოდეს საჯარო ინტერესებიდან და არა დეველოპერული კომპანიების ინტერესებიდან გამომდინარე.
ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური თავის დასკვნას წერს მხოლოდ იმაზე, ხეები უნდა მოიჭრას თუ არა, ხეები ხმელი იყო თუ არა, დაავადებული იყო თუ არა და არა იმაზე, რომ ასეთი ტიპის მშენებლობა რა ზეგავლენას იქონიებს ჰაერის ხარისხზე, სარეკრეაციო ზონების მდგომარეობაზე, ტრანსპორტის ნაკადებზე, ტრანსპორტის ნაკადებით გამოწვეულ ჰაერის დაბინძურებაზე...ირაკლი მაჭარაშვილი
სწორედ ამ ინტერესებსა და პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ირაკლი მაჭარაშვილი, გარემოსდამცველი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელი. 17 აგვისტოს, მერიის ნებართვით, დეველოპერული კომპანიის მიერ ყაზბეგის 22 ნომერში ხეების მოჭრამ, რასაც გარემოსდამცველების პროტესტი მოჰყვა, ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, კიდევ ერთხელ აჩვენა ის მთავარი პრობლემა, რომელსაც დეველოპერების ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა ჰქვია. მისი თქმით, აუცილებელია გატარდეს ისეთი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს დედაქალაქში შენობა-ნაგებობების მშენებლობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას გარემოსდაცვითი ინტერესების გათვალისწინებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების დროულ და სრულფასოვან ჩართულობას. ორგანიზაციამ ამ მოთხოვნით სპეციალური მიმართვაც შეადგინა, რომელსაც 17 არასამთავრობო ორგანიზაცია და ათობით ადამიანი შეუერთდა. ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიწყოს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია:
„ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური თავის დასკვნას წერს მხოლოდ იმაზე, ხეები უნდა მოიჭრას თუ არა, ხეები ხმელი იყო თუ არა, დაავადებული იყო თუ არა და არა იმაზე, რომ ასეთი ტიპის მშენებლობა რა ზეგავლენას იქონიებს ჰაერის ხარისხზე, სარეკრეაციო ზონების მდგომარეობაზე, ტრანსპორტის ნაკადებზე, ტრანსპორტის ნაკადებით გამოწვეულ ჰაერის დაბინძურებაზე. ანუ ყოვლისშემცველ დასკვნას კი არ წერს, არამედ ის წერს ფორმალურ დასკვნას. ამიტომ უნდა არსებობდეს ისეთი სამსახური, რომელიც ღრმად იმსჯელებს ამ საკითხებზე და არა იმაზე, რომ ეს ხე მოსაჭრელი იყო თუ არა“.
ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ ილაპარაკა საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ. მისი თქმით, მომდევნო კვირიდან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩაერთვებიან ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. თუმცა მერის ეს განცხადება არ ცვლის პარტიზანი მებაღეების მოთხოვნას ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელობის გადაყენების თაობაზე. სწორედ მათი დასტურით მოიჭრა ყაზბეგის 22 ნომერში, დეველოპერული კომპანიის კუთვნილ მიწაზე, ათობით ხე. პარტიზანი მებაღეები ეკოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელობის გადაყენებას პროტესტის უკიდურესი ზომით, შიმშილობით, მერიის წინ 9 დღის განმავლობაში მოითხოვდნენ. პარტიზანი მებაღის, ნატა ფერაძის, თქმით, 26 აგვისტოდან მათ დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელების, ნინო სულხანიშვილისა და მისი მოადგილის, გადადგომისა და სამსახურის რეორგანიზაციის მოთხოვნით. მისივე თქმით, 27 აგვისტოდან, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის შენობის წინ პერიოდულად გაიმართება „პარტიზანული მებაღეობის“ აქციები, სადაც მხატვრები და ხელოვანები ეკოლოგიისა და გამწვანების თემაზე ნახატებს შექმნიან:
„მოდის ექვსი საკმაოდ ცნობილი მხატვარი და ერთად შევქმნით ნახატებს. მათთან ერთად დახატავს ნებისმიერი მსურველი. პარალელურად დავაანონსებთ აქციებს. ჩვენ გავაგრძელებთ აქტივობას კრეატიული და საგანმანათლებლო აქციებით იმ დრომდე, სანამ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური არ მოწესრიგდება მოსახლეობასთან შეთანხმებით და არა ისე, როგორც ნარმანია ამბობს, რომ დაწერილი აქვს გადასარევი სტრუქტურა და ა.შ. ის ისევ ცდილობს, რომ იყოს მონოლოგის რეჟიმში, მაგრამ ჩვენ უნდა ვასწავლოთ მას დიალოგის რეჟიმში მუშაობა“.
ნატა ფერაძის თქმით, პარტიზანი მებაღეები ერთმნიშვნელოვნად ემიჯნებიან საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნას მერის გადადგომის შესახებ. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, პარტიზანი მებაღეები დააკვირდებიან იმ კანდიდატებს, რომლებიც მომავალ წელს მერის არჩევნებში იყრიან კენჭს.