საქართველოს ხელისუფლება გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში „საზღვრის“ შეცვლის ახალ მცდელობას და მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს მას. ამასთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო რუსეთისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი უკანონო მოქმედება, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს. საგარეო საქმეთა სამინისტროში თემის განსახილველად მიიწვიეს ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს პრეზიდენტთან კი ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
გასულ შაბათ-კვირას რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერები დაამონტაჟეს გორის რაიონის სოფლებთან - ხურვალეთთან, წითელუბანთან და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან. შესაბამისად, ამ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის კუთვნილი მიწის ფართობები და ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მობილიზებას მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლება გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებებს და საერთაშორისო თანამეგობრობას დროული და ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე აღებულ ვალდებულებებს... საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს უკანონო ქმედება და მოვიდეს საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში“.
ჯერჯერობით არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ან ცალკეული ქვეყნის მიერ არ გაკეთებულა შესაბამისი განცხადება, რაც მიუთითებს საქართველოს ხელისუფლების არასათანადო, არასაკმარის მუშაობაზე.მაია ფანჯიკიძე
წლების განმავლობაში რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულების შედეგად მიაჩნიათ ოპოზიციის წარმომადგენლებს საზღვრის შეცვლის მცდელობა. „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ხელისუფლებასმოუწოდა სრული მასშტაბით აამოქმედოს თავის ხელთ არსებული საერთაშორისო ბერკეტები:
„ჯერჯერობით არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ან ცალკეული ქვეყნის მიერ არ გაკეთებულა შესაბამისი განცხადება, რაც მიუთითებს საქართველოს ხელისუფლების არასათანადო, არასაკმარის მუშაობაზე“.
ცალკე აღებულ ერთ კონკრეტულ პროვოკაციად არ უნდა იქნეს აღქმული მომხდარი, ამბობს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში თენგიზ ფხალაძე და აცხადებს, რომ მსგავსი პროვოკაცია აბაშიძე-კარასინის პრაღაში დაგეგმილ შეხვედრამდე ორი დღით ადრე არ შეიძლება შემთხვევითი იყოს:
„როდესაც რომელიმე მხარე რეალურად განწყობილია რაღაც შეთანხმების მისაღწევად და როცა მას რეალურად სურს რაღაც საკითხის მოგვარება, რთულად დასაშვებია, რომ ასეთ დროს ხორციელდებოდეს იმ ტიპის ქმედებები, რომელიც საკმაოდ ძაბავს სიტუაციას არა მხოლოდ ორ სახელმწიფოს შორის, არამედ ახდენს ვითარების ესკალაციას მთელ რეგიონში“.
იმ შემთხვევაში, თუ ამ მილსადენს ექნება პრობლემები, თუ ისინი მის ფუნქციონირებას ხელს შეუშლიან, რა თქმა უნდა, იქნება ალტერნატიული პროექტი, რომელიც განხორციელდება...კახა კალაძე
ოპოზიციამ ხელისუფლებას მოუწოდა გააუქმოს აბაშიძე-კარასინის ფორმატი. როგორც ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ამბობს, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა მძიმე პოლიტიკური ურთიერთობების დასარეგულირებლად ხელისუფლებას, ჩანს, სხვა ფორმატზე ფიქრი მოუწევს.
ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დადგმის გამო, ოკუპირებულ საზღვრებში მოექცა ბაქო-სუფსის 830-კილომეტრიანი ნავთობსადენის 1 605 მეტრი სიგრძის მონაკვეთი. ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განმარტებით, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გარკვეული მონაკვეთი მანამდეც იყო ოკუპირებული ტერიტირიის საზღვრებში და, როგორც ნავთობსადენის ოპერატორი კომპანიის, BP-ს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში ადასტურებს, ამის გამო კომპანიის მუშაობას შეფერხება არ ჰქონია. კახა კალაძის თქმით, საკითხის გამწვავების შემთხვევაში შესაძლოა ალტერნატიულ მარშრუტზეც დაიწოს მუშაობა.
„პრობლემა, რომელზეც დღეს, ამწუთას, არის საუბარი, 2008 წლიდან არსებობს, თუმცა ამ მილსადენის ფუნქციონირებისთვის ამ პრობლემას ხელი არ შეუშლია. იმ შემთხვევაში, თუ ამ მილსადენს ექნება პრობლემები, თუ ისინი მის ფუნქციონირებას ხელს შეუშლიან, რა თქმა უნდა, იქნება ალტერნატიული პროექტი, რომელიც განხორციელდება“.
არ დავიწყეთ საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესების მობილიზება, იმიტომ რომ კლიმატის შექმნას ვცდილობთ, რომ ორმხრივად რაღაცას ვალაგებთ. ეს არის დახურული წრე. დღეს მაინც უნდ დავიწყოთ ამაზე ლაპარაკი, რომ არ გამოვიდა ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზება...ელენე ხოშტარია
თუმცა მომხდარის განჭვრეტა შესაძლებელი იყო, ამბობს „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია და რადგან ეს საკითხი სცდებოდა მხოლოდ საქართველოს ინტერესებს, მისი თქმით, ხელისუფლებას ამ საკითხის გარშემო საერთაშორისო აზრის მობილიზება უნდა მოეხდინა, მათ შორის, ესაუბრა თავად კომპანია BP-ისთან, აზერბაიჯანთან, დიდ ბრიტანეთთან, ეს საკითხი გადაეყვანა მათი ინტერესების ჭრილში. მაგრამ, ელენე ხოშტარიას თქმით, იმისათვის, რომ რუსეთის ხელისუფლება არ გაღიზიანებულიყო, ამ თემისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. მეტიც, საქართველოს ხელისუფლება ჩაება რუსეთთან ორმხრივ დიალოგში, რის გამოც საერთაშორისო თანამეგობრობამაც მოადუნა ამ მიმართულებით ყურადღება:
„არ დავიწყეთ საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესების მობილიზება, იმიტომ რომ კლიმატის შექმნას ვცდილობთ, რომ ორმხრივად რაღაცას ვალაგებთ. ეს არის დახურული წრე. დღეს მაინც უნდ დავიწყოთ ამაზე ლაპარაკი, რომ არ გამოვიდა ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზება. გერმანიამ აღიარა, რომ რუსეთთან ჩართულობის პოლიტიკამ არ გაამართლა და ჩვენი ნორმალიზების მცდელობას რომ არ გაემართლებინა, ამის აღიარება არ უნდა იყოს პრობლემა“.
ელენე ხოშტარიას თქმით, საქართველო კარგავს მთავარ რესურსს, მისი საკითხი უკრაინასთან ერთად, ერთ პაკეტში განიხილონ. ამასთან, ხელისუფლება ძალიან ცოტა საერთაშორისო ვიზიტს ახორციელებს. შეიძლებოდა თავად ხელისუფლებას ჰქონოდა ვიზიტები დღევანდელი საკითხისთვის საერთაშორისო ყურადღების მისაპყრობად..
საერთაშორისო ყურადღების მობილიზების თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ევროსაბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის მიერ 14 ივლისს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს - ის საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ვიზიტი გაუქმდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა სამინისტროში მიიწვიეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს. საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე დიპლომატებს წარუდგინეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ახალი ბანერების დამონტაჟების ვიზუალური და ფოტომასალა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დიპლომატებმა განაცხადეს, რომ სათანადო შეტყობინებებს გაუგზავნიან თავ-თავიანთი ქვეყნების ხელისუფლებას.
საქართველოს პრეზიდენტმა კი შეხვედრა გამართაევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან კიასტუტის იანკაუსკასთან, ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციისა და „ბრითიშ პეტროლიუმის“ წარმომადგენლებთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს 10 ივლისს რუსული საჯარისო დანაყოფის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟების საკითხი, რის შედეგადაც ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის გარკვეული მონაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.