დაპირისპირება სასამართლო ხელისუფლებაში

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებული მამუკა ახვლედიანი იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და ღია წერილით მიმართავს პარლამენტს, მთავრობას, პრეზიდენტსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს. მამუკა ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ის თანამდებობიდან სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ მანკიერებათა მხილების გამო გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მოითხოვს ასევე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მას თანამდებობა დაატოვებინა უფლებამოსილების გადამეტებით, რადგანაც თავის თავზე აიღო სადისციპლინო კოლეგიის ფუნქცია და გაატარა დისციპლინური ღონისძიება - ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. გარდა ამისა, როგორც მამუკა ახვლედიანი ამბობს, საბჭო მას დაუპირისპირდა არა ცუდი მენეჯერული მუშაობის, არამედ იმ მამხილებელი განცხადებების გამო, რომლებიც შეეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტების წინასწარ გამჟღავნებასა და სხვა დარღვევებს:

„მაგალითისთვის გეტყვით, ამ გამოცდების პერიოდში ჩართული იყო ინტერნეტი კომპიუტერებში და ზოგიერთი გამოსაცდელი სარგებლობდა „საკანონმდებლო მაცნით“, რაც კანონის დარღვევაა. ამის გამო რამდენიმე ადამიანი გაძევებულიც კი იქნა, ზოგიერთმა მეხსიერების ბარათიც გადაწერა... როგორც მოიკვლიეს ეს ყველაფერი. IT-სპეციალისტი ჩართეს თუ საბჭოს რომელიმე წევრი, თვითონ არის ამის სპეციალისტი?“

გადამოწმებებს ჩვენ ჯერ არ განვმარტავთ, რადგანაც მასალები გადაგზავნილია პროკურატურაში და აბსოლუტურად ღიაა ყველაფერი. ამიტომ ბატონი ახვლედიანის ეჭვები, ეს მისი ეჭვებია...
ნინო გვენეტაძე

მამუკა ახვლედიანის ამ ბრალდების ადრესატები კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი, აცხადებენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება გამაგრებულია მყარი არგუმენტებით. ლევან მურუსიძის თქმით, საბჭოს გადაწყვეტილება არც ახვლედიანის განცხადებებს უკავშირდება და არც მის მოსამართლეობას:

„საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მენეჯმენტის კუთხით. ის იყო არაეფექტური მენეჯერი. შესაბამისად, მოხდა მისი თანამდებობიდან გადაყენება“.

ლევან მურუსიძის მსგავსად, მამუკა ახვლედიანის ბრალდებებს გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომლის თქმითაც, გამოცდებთან დაკავშირებული ყველა მასალა გადაგზავნილია პროკურატურაში:

„გადამოწმებებს ჩვენ ჯერ არ განვმარტავთ, რადგანაც მასალები გადაგზავნილია პროკურატურაში და აბსოლუტურად ღიაა ყველაფერი. ამიტომ ბატონი ახვლედიანის ეჭვები, ეს მისი ეჭვებია“.

თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება და არგუმენტები შეშფოთების საფუძველს აძლევს მესამე სექტორსაც. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, მამუკა ახვლედიანის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მოხსნას კანონიერი საფუძველი არ გააჩნია:

„უფრო მეტიც, იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც აქამდე შეიქმნა ახვლედიანთან მიმართებით, ნამდვილად რჩება შთაბეჭდილება, რომ საბჭო არის შერჩევითი მიდგომის მქონე და ის დევნის მოსამართლეს, რომელმაც საბჭოს მიმართ კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა საჯაროდ“.

თავად მამუკა ახვლედიანმა გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ მოსამართლეების 90 %-ს 2016-2017 წლებში ეწურება უფლებამოსილების ვადა, უმუშევრად დარჩენა კი, იმის გათვალისწინებით, რომ მოსამართლეთა საპენსიო უზრუნველყოფის კანონმდებლობა არ არსებობს, არავის უნდა. შესაბამისად, მოსამართლეებიც ემზადებიან გამოცდებისთვის, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა ჩაატაროს:

„როცა მოსამართლე ხედავს, თუ როგორ ექცევა საბჭო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მის კოლეგას, რომელიც აკრიტიკებს სისტემურ პრობლემებს, როგორი დევნის ობიექტი ხდება განსხვავებული აზრი, როგორ ფიქრობთ, რომელიმე მათგანი, განსაკუთრებით ის პირები, რომლებიც აპირებენ მოსამართლეთა შესარჩევ, გაუმჭვირვალე, ფასადურ, პირად სიმპათიებზე დამოკიდებულ კონკურსზე ამ საბჭოს საქმიანობის პირობებში გასვლას, ამოიღებს ხმას და განაცხადებს უკმაყოფილებას? მას რჩება მხოლოდ ორი არჩევანი – გაჩუმდეს ან შეუერთდეს სასამართლოში არსებულ კლანურ დაჯგუფებას, რათა გარანტირებული ჰქონდეს მომავალი საქმიანობა. ამასთანავე, კლანური დაჯგუფების წევრობა მათი მხრიდან ავტომატურად მოითხოვს მწვავე კრიტიკას“.

კახა კოჟორიძე

მამუკა ახვლედიანის ამ მიმართვას გამოეხმაურა პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აზრი იმის თაობაზე, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სჭირდება სასწრაფო და ძირეული რეფორმები:

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სამწუხაროდ, არ იცავს სტანდარტებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში, არღვევს კანონს სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლების პროცესში, არ სარგებლობს საზოგადოების ნდობით. და იმას, რომ ამ ორგანოს სჭირდება ძირეული რეფორმები, ყველაზე უკეთ თავად საბჭოს გადაწყვეტილებები ადასტურებს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ხელეწიფება რეფორმების სწორი და დროული გატარება, დაუყოვნებლივ მოახდინოს ამ ორგანოს ძირეული რეფორმა“.

კახა კოჟორიძის მსგავსად, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმაც განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანონით დადგენილ საფუძვლებს გასცდა. გიორგი კვერენჩხილაძე მიიჩნევს, რომ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რადიკალური რეფორმირება, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საპარლამენტო უმრავლესობას. ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ორგანოა და, შესაბამისად, იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს.